Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ბრუნდებიან ჩეჩენი ლტოლვილები სამშობლოში


ექვსი წელია, პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ომს გამორიდებული ადამიანების დიდი ნაწილი არ ენდობა

რუსეთის ხელისუფლებას და უარს ამბობს შინ დაბრუნებაზე. არადა, ოფიციალური მოსკოვი ლტოლვილებს, უსაფრთხოების გარანტიის გარდა, სოლიდურ ფულად კომპენსაციასაც ჰპირდება. რატომ არ ენდობიან ჩეჩენი ლტოლვილები რუსეთის ხელისუფლებას? ამ კითხვით მივმართე რადიო “თავისუფლების” რუსული სამსახურის თანამშრომელს ანდრეი ბაბიცკის, რომელმაც ჩეჩნეთი რამდენიმე თვის წინ მოიარა.
[ანდრეი ბაბიცკის ხმა] „ომის განსაკუთრებულ გარეგან ნიშნებს აქ, მართლაც, ვერ ნახავთ. უკიდურეს შემთხვევაში, საგუშაგოებსა და ჯავშანტექნიკას თუ შეამჩნევთ. მუშაობს ბაზრები, მაღაზიები, სასწავლო დაწესებულებები; რაღაც შენდება, ადამიანები დადიან... ერთი სიტყვით, ზერელე დაკვირვებით, ძნელია მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის შემჩნევა: ჩეჩნეთში მცხოვრები ადამიანები დაუცველნი არიან. მეტიც, დილით სახლიდან გასული არც ერთი ჩეჩენი არ არის დარწმუნებული, რომ საღამოს შინ მშვიდობით დაბრუნდება. ანუ კვლავ იტაცებენ ადამიანებს, გასამართლების გარეშე აქრობენ მათ, აჰყავთ მძევლები, რომელთა გამოხსნაში ნათესავები კვლავ იხდიან ფულს.“
ანდრეი ბაბიცკის თქმით, ამგვარი მძიმე ვითარების მიუხედავად, ლტოლვილთა მცირე ნაწილი მაინც დაბრუნდა სამშობლოში - მათ შორის, პანკისის ხეობიდან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ, მთლიანობაში, ჩეჩენ ლტოლვილთა რაოდენობა შემცირდა. უფრო პირიქით.
[ანდრეი ბაბიცკის ხმა] „თუ ჩვენ ერთმანეთს შევადარებთ დაბრუნებულებისა და იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც, პოლონეთისა და ჩეხეთის გავლით, ყოველდღიურად გარბიან ევროპის ქვეყნებში, მივიღებთ რეალურ სურათს. ბევრი, ათასობით ადამიანი, ცდილობს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლას.“

მე ანდრეი ბაბიცკის იმის შესახებაც ვკითხე, თუ რა ძალას ეყრდნობა ჩეჩნეთის ადგილობრივი ხელისუფლება.
[ანდრეი ბაბიცკის ხმა] „რა თქმა უნდა, იარაღს და უხეშ სამხედრო ძალას, განუკითხაობას, კადიროვის ბანდებს, რომლებიც შიშის ზარს სცემენ მოსახლეობას. ესაა დღევანდელი ხელისუფლების წყარო და არა ავტორიტეტი ან ხალხის ნდობა. ერთმნიშვნელოვნად იარაღის ძალა!“
ანდრეი ბაბიცკის თქმით, რომ არა ჩეჩენი ხალხის ქმედითი მხარდაჭერა, საველე მეთაურები ვერ შეძლებდნენ წლების განმავლობაში ვერც ეფექტიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოებას და ვერც დანაკარგის შევსებას. ხოლო ის ფაქტი, რომ პარტიზანული ომი ექვსი წელია გრძელდება, ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკის კრახზე მეტყველებს. რუსი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებითაა შესაძლებელი.
[ანდრეი ბაბიცკის ხმა] „მოლაპარაკების უამრავი მოდელი არსებობს - პირდაპირი, ირიბი, რომელიც გნებავთ. მთავარია, იყოს პოლიტიკური ნება. ვფიქრობ, რომ პუტინის პროექტი, ძალით ჩაეხშო ამბოხი, ასევე ჩავარდა. ექვსი წელია ვითარება არ იცვლება ან, თუ იცვლება, უარესისკენ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დრო, როცა მოსკოვი შეცვლის სტრატეგიას და მოლაპარაკების იდეა წინა პლანზე გადაიწევს.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG