Accessibility links

შეერთებულ შტატებში ერაყის ომთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბულობა მძაფრდება


ერაყში წარმოებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბულობა შეერთებულ შტატებში კიდევ უფრო მძაფრდება. კონგრესის ერთ-ერთმა გავლენიანმა დემოკრატმა წევრმა,

ჯონ მურთამ, ხუთშაბათს პირდაპირ განაცხადა: "შეერთებულ შტატებს სამხედრო ძალით ერაყში მეტი აღარაფრის მიღწევა არ შეუძლია. დადგა დრო ჯარისკაცები სახლში დავაბრუნოთო". ადმინისტრაციამ, თავის მხრივ, მურთას გამოსვლას მაშინვე უპასუხა და მას "გაუგებარი" უწოდა. ქვეყანაში ისედაც მიმდინარეობს მწვავე დებატები იმის შესახებ, თუ რატომ წამოიწყო ამერიკამ ერაყის ომი და როდის უნდა დაბრუნდნენ ჯარისკაცები უკან. ჯონ მურთასა და ადმინისტრაციას შორის შემდგარი რეპლიკების ეს გაცვლა-გამოცვლა კი, ალბათ, ამ დებატებს კიდევ უფრო გაამწვავებს.

კონგრესმენ ჯონ მურთას ამერიკელი საზოგადოება მილიტარისტული კულტურის მხარდამჭერად იცნობს – ადამიანად, რომელიც, როგორც წესი, სამხედრო ძალების ყველა ქმედებას ეთანხმება.

სწორედ ამიტომ, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ამ გამოსვლამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია:

[მურთას ხმა] "მიმართულების შეცვლის დრო დადგა. ჩვენი ჯარი დანაკარგებს განიცდის. ჩვენი ქვეყნის მომავალი საფრთხის ქვეშაა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ცხადია, რომ ერაყში სამხედრო ქმედებების გაგრძელება არც ამერიკის შეერთებული შტატების, არც ერაყელი ხალხის და არც სპარსეთის ყურის რეგიონის ინტერესებში არ შედის."

მურთამ, რომელიც სამხედრო საზღვაო ფლოტის ყოფილი პოლკოვნიკი და ვიეტნამის ომის დამსახურებული ვეტერანია, განაცხადა, რომ სურს ამერიკის ჯარმა ერაყი რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს. მისი შეფასებით, ამის უსაფრთხოდ გაკეთება დაახლოებით ექვს თვეშია შესაძლებელი.


გავლენიანი კონგრესმენის მიერ გამოთქმულმა ამ კრიტიკამ ბუშის ადმინისტრაცია აშკარად შეაწუხა. მით უფრო, რომ მურთა დემოკრატების წარმომადგენელია კომიტეტში, რომელიც თავდაცვაზე დახარჯულ თანხებს ადგენს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკელანმა განაცხადა: "გაუგებარია, როგორ ეთანხმება მურთა დემოკრატიული პარტიის რადიკალურ-ლიბერალური ფრთის პოზიციასო." მაკელანმა მურთას აგრეთვე მოუწოდა, ახსნას, როგორ გაზრდის ერაყიდან ჯარების გამოყვანა ამერიკის უსაფრთხოებას.

მურთა თავიდან ერაყის ომის მომხრედ იყო ცნობილი, თუმცა იგი პირველივე ეტაპებიდან აკრიტიკებდა მეთოდებს, რომლითაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ამ ომს აწარმოებდა. ახლა კი მურთას მიერ გაკეთებული ეს განცხადებები აუცილებლად გაამძაფრებს ერაყის ომის ირგვლივ შეერთებულ შტატებში ისედაც წარმოებულ მწვავე დებატებს.

ბოლო კვირების განმავლობაში დემოკრატი სენატორები ახალი გამოძიების შესახებ მოთხოვნის გატანას ცდილობენ. მათ სურთ, რომ კონგრესმა გამოიძიოს, მოახდინა თუ არა ერაყში შესვლამდე ადმინისტრაციამ დაზვერვის მასალების მანიპულაცია იმისათვის, რომ ომის დაწყებისთვის საფუძველი შეექმნა.

ადმინისტრაცია, რომელმაც იცის, რომ პრეზიდენტის რეიტინგი ამჟამად დაბალია, საპასუხო შეტევებს აწარმოებს.

თავად ბუშმა პოლიტიკური კონტრშეტევის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვეტერანთა დღეს, 11 ნოემბერს, პენსილვანიის შტატში გამოსვლისას გადადგა:

[ბუშის ხმა] “ზოგიერთი დემოკრატი და ომის მოწინააღმდეგე ახლა აცხადებს, რომ ჩვენ დაზვერვის მასალების მანიპულირება მოვახდინეთ და ომის დაწყების მიზეზების შესახებ ამერიკელი ხალხი შეცდომაში შევიყვანეთ. ამ კრიტიკოსებმა კარგად იციან, რომ სენატის ორპარტიულმა გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ, შედეგების შეცვლის მიზნით, სადაზვერვო მოქმედებებზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.”


იმისდა მიუხედავად, რომ თეთრი სახლი, ძირითადად, დემოკრატების მისამართით აკეთებს განცხადებებს და ბუშის ადმინისტრაციას ერაყის ომთან დაკავშირებით ყველაზე მწვავედ დემოკრატები აკრიტიკებენ - ამერიკელ ხალხში გაჩენილ მზარდ უკმაყოფილებას, გარკვეულწილად, რესპუბლიკელებიც უპასუხებენ. ამ კვირაში რესპუბლიკელმა სენატორებმა დაამტკიცეს მოთხოვნა, რომელიც პრეზიდენტს ავალდებულებს, სამ თვეში ერთხელ სენატს ომში მიღწეული წარმატების ან წარუმატებლობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს.

ერთ-ერთი რესპუბლიკელი სენატორი კი, ჩაკ ჰეიგელი, უფრო შორს მიდის. იგი მიიჩნევს, რომ ამერიკელებისთვის დასაშვები და პატრიოტული ქმედებაც კია ამ ომის ირგვლივ ეჭვების გამოთქმა – ომისა, რომელმაც ქვეყნის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა.
XS
SM
MD
LG