Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მეწარმეებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას დაჰპირდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის ახლად გარემონტებულ თეატრში ბიზნესმენებს შეხვდა. სააკაშვილის გამოსვლა მეწარმეების წინაშე აღქმული იქნა როგორც

ხელისუფლების ერთგვარი ანგარიში ”ვარდების რევოლუციის” 2 წლისთავის წინ. ტრადიციულად, მიღწევებზე, კორუფციის საბოლოო დასამარებასა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბება-განმტკიცებაზე საუბრის გარდა, პრეზიდენტის გამოსვლაში საინტერესო იყო რამდენიმე გზავნილი, რომლითაც მან ბიზნესელიტას მიმართა. მთავარი, რისი მოსმენაც რუსთაველის თეატრში შეკრებილ აუდიტორიას სურდა, საგადასახადო კოდექსსა და ბიუროკრატიულ ბარიერებთან იყო დაკავშირებული. პრეზიდენტი ჰპირდება ბიზნესმენებს, რომ ცოტა ხანში პარლამენტში შევა ინიციატივით, რომელიც, მისი აზრით, სამეწარმეო გარემოს საქართველოში გაცილებით მომხიბლავს გახდის.

სხვათა შორის, იმ 16 გამარჯვებას შორის, რომლითაც ”ვარდების ხელისუფლება” თავს იწონებს, ერთ-ერთი გაუმჯობესებული ბიზნესგარემოა. კერძოდ, “ვარდების რევოლუციის” 2 წლისთავისათვის გამოცემულ ცნობილ ბუკლეტში ვკითხულობთ, რომ ”გამარტივდა საგადასახადო კოდექსი, შემცირდა გადასახადები, გამარტივდა ლიცენზირება, ქვეყანაში შეიქმნა ბიზნესის განვითარების უკეთესი პირობები, დაიწყო შემოდინება დიდმა ინვესტიციებმა, იხსნება ახალი საწარმოები და ჩნდება სამუშაო ადგილები კერძო სექტორში.”

ამის მიუხედავად, მიღებიდან 10 თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი მთლად ისეთი რევოლუციურად ლიბერალური არ ყოფილა და მასში ცვლილებების შეტანაა საჭირო. პრეზიდენტი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივებაზეც საუბრობს - შესაბამისად, ლიცენზირების სისტემის რეფორმაც, შესაძლოა, მთლად გამარჯვებად ვერ ჩავთვალოთ. რაც შეეხება დიდძალი ინვესტიციების შემოდინებას, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ბუკლეტის ავტორებმა სასურველი რეალურად გაასაღეს, რადგან დღეს ოფიციალური სტატისტიკაც ვეღარ მალავს, რომ წელს საქართველოში, ზრდის ნაცვლად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას კლების ტენდენცია ახასიათებს.

ყოველივე ამაზე შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ბიზნესმენებს პრეზიდენტთან არ უწუწუნიათ, თუმცა თავად ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციაზე, ლიცენზირების კიდევ უფრო გამარტივებაზე, საბანკო სფეროში შეზღუდვების გაუქმებასა და სასამართლო რეფორმაზე საუბრობს, იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ქვეყანაში ყველაფერი მთლად ისე ვერ უნდა იყოს, როგორც ეს საპრეზენტაციო ბუკლეტებსა და პიარპროდუქციებშია აღნიშნული.

თუმცა ამ შემთხვევაში ბიზნესისათვის უფრო საინტერესო იყო ის, თუ რა იქნება მომავალში და არა ის, რაც ამჟამად არის, რის მიმართაც ისინი თავის პროტესტს პერმანენტულად აფიქსირებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესელიტა დაპირებებით კმაყოფილი ჩანდა. მათი აზრით, პრეზიდენტმა აქცენტები ზუსტად დასვა და პრობლემების მოგვარების გზებშიც აბსოლუტურად იდენტური ხედვა გამოავლინა. მეწარმეები უფრო კმაყოფილნი დარჩნენ იმით, რომ მათ ხელისუფლების პირველი პირი ესაუბრა როგორც პარტნიორს და არც იმ ღვაწლის დაფასება დავიწყებია, რაც ბიზნესს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში ობიექტურად მიუძღვის:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი 4-ჯერ-5-ჯერ, შემოსავლები ზოგ სექტორში - 6-7-ჯერ, ჩვენ კი არ გავზარდეთ, თქვენ გაზარდეთ, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ჯიბეებიდან მოსული ფული. და ამისათვის მე მინდა თქვენ დიდი მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ სხვანაირად ეს წარმატება (რაც არის უკვე წარმატება), სხვანაირად არ იქნებოდა.”(სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილის ამ გამოსვლაში არაფერია განსაკუთრებული და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ყველა ნორმალური ხელისუფალი გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რაც აქვს ბიზნესის, როგორც გადასახადების ყველაზე მსხვილი გადამხდელის, წინაშე. არც ის არის უცნაური, რომ პრეზიდენტი იმ ერთგვარ ”სადემარკაციო ხაზზე” საუბრობს, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის უნდა იყოს გავლებული და რომლის ცალმხრივად ”გადაწევა” საბოლოოდ ისევ სახელმწიფოსთვის არის დამღუპველი:


[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენი ამოცანა, როგორც სახელმწიფოსი, არის, რომ ვწყვიტოთ სოციალური პრობლემები, ვებრძოლოთ სიღარიბეს, დავამყაროთ, მოვაწესრიგოთ სტანდარტები, შევქმნათ უკეთესი პირობები თქვენთვის.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტი გვპირდება, რომ სამეწარმეო გარემო გაცილებით უკეთესი, ხოლო ბიუროკრატია და ბიუროკრატიული ბარიერები ადვილად გადასალახავი გახდება.

სახელმწიფოს აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული ფუნქციები, რომელიც აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის განსახორციელებლად. ამისათვის ჩვენ, გადასახადის გადამხდელები, ჩვენივე ნებით ვიღებთ ხარკს. შესაბამისად, ბიუროკრატიის მოვალეობაა უკეთესი პირობები შეუქმნას ბიზნესს და ხელი შეუწყოს მის განვითარებას, რათა ამ ფუნქციების განსახორციელებლად თავადვე მიიღოს მეტი თანხა.
XS
SM
MD
LG