Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ბიუროკრატიულ ქვეყნებს შორის ლიდერია - აუწყებდა გასულ კვირაში მკითხველს


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველო ბიუროკრატიულ ქვეყნებს შორის ლიდერია - აუწყებდა გასულ კვირაში მკითხველს გაზეთი “ხვალინდელი დღე”. ოღონდ ეს არ იყო გაზეთის დასკვნა - ის ეყრდნობოდა

მსოფლიო ბანკის მონაცემებს საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ. მსოფლიო ბანკის რეიტინგში მოცემულია მასალები, რომლებიც ტვირთის ექსპორტ-იმპორტის დროს არის საჭირო. მითითებულია ჩინოვნიკთა ხელმოწერებისა და პროცედურებისთვის საჭირო დღეების რაოდენობა და ბანკის მინაწერი: “როცა ტვირთზე ხელმოწერები ძალიან ბევრია, ეს ნიშნავს, რომ კორუფციის რისკიც მაღალია.” საქართველოს ექსპორტისთვის სჭირდება 9 დოკუმენტი, 35 ხელმოწერა და 54 კალენდარული დღე. ამ მაჩვენებლით ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში საქართველოზე უკან მხოლოდ ყაზახეთია.

ნუ სეირნობთ ქუჩებში - თბილისის ჰაერი საშიშია თქვენი ჯანმრთელობისათვის. - ეს უკვე “რეზონანსი” გახლავთ, რომელმაც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა გამოიკვლია და დაასკვნა, რომ ყველაზე სავალალო ვითარებაა ატმოსფერული დაბინძურების მხრივ. ძალიან მაღალია მტვრის შემცველობა ქალაქის ყველა წერტილში, განსაკუთრებით - ვერაზე. გოგირდი დიოქსიდი, ბოტანიკური ბაღის გარდა, ყველგან აღემატება ზღვრულ ნორმას. ჰაერს, ამ ნივითიერების გარდა, უწინარესად, აბინძურებს აზოტის დიოქსიდი, მჭვარტლი და ტყვია. ასევე ზღვრულ ნორმაზე მეტია სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული ხმაური და ის სამრეწველო საწარმოების ხმაურს უტოლდება. ცენტრალურ გამზირებზე საათში 3-4 ათასი მანქანა გადის, რაც ძალიან დიდი რიცხვია, - წერს “რეზონანსი”.

გაზეთ “ახალი თაობიდან” კი შევიტყვეთ, რომ დასრულდა ჟურნალისტ შალვა რამიშვილისა და ტელეკომპანია 202-ის გენერალური დირექტორის დავით კოხრეიძის საქმის გამოძიება. რამიშვილის ადვოკატები არ ეთანხმებიან გამოძიებას, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე ფულის გამოძალვისა და მუქარის ბრალდებით წარმართა. ისინი ამტკიცებენ, რომ საქმეში რამიშვილის მხრიდან მუქარა არანაირად არ არის დადასტურებული. ორივე ბრალდებული ამჟამად პირველ საპყრობილეში იმყოფება. რაც შეეხება რამიშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილ კობა ბექაურს, ის კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ დუმილი სამ თვეს გასტანს, ანუ მანამ, სანამ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობს.

გადავხედოთ შაბათის, 19 ნოემბრის, პრესასაც. “რეზონანსი” წერს, რომ საქართველო “გაზპრომის” მონოპოლიიდან თავის დაღწევას ცდილობს. მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომელსაც საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან მიაღწია: ორ ქვეყანას შორის იწყება ხელშეკრულების მომზადება ბუნებრივი აირის მოწოდების თაობაზე, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ გაზმა ჯერ რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. “ყაზახეთი გაზს 80 დოლარად მოგვაწვდის” - ასე ჰქვია “რეზონანსის” წერილს.

შაბათის “ალია” მოკლე ინფორმაციას უძღვნის პროფკავშირების პროტესტს, რომელიც შრომის ახალი კოდექსის პროექტის წინააღმდეგ არის მიმართული. პროფკავშირებისათვის მიუღებელია მხოლოდ 15 დღიანი შვებულება (დღევანდელი 24 დღიანის ნაცვლად), ასევე ფეხმძიმე დედებისათვის დეკრეტულ შვებულებაში გასვლის ხანგრძლივობისა და დახმარების პირობათა გაუარესება, სამუშაო კვირის 48 საათამდე გაზრდა. პროფკავშირებს მიაჩნიათ, რომ მშრომელი მოქალაქეების ინტერესთა იგნორირება დაამძიმებს სოციალურ ფონს და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

მიმოხილვა კი დავასრულოთ “24 საათით”, რომელშიც ყველაზე მეტი საგაზეთო სივრცე ქაქუცა ჩოლოყაშვილს ეთმობა. მოგეხსენებათ, კვირას, 20 ნოემბერს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში, მთაწმინდის პანთეონში, უნდა მიაბარონ მიწას. “24 საათის” პუბლიკაცია ჩოლოყაშვილის პორტრეტის ესკიზია, რომელიც მრავალი წყაროს მოშველიებით იკვეთება. ახლა, მისი სიკვდილიდან 75 წლის შემდეგ, ქართველი ერი ასრულებს მის უკანასკნელ სურვილს, - ვკითხულობთ წერილის დასასრულს. სიკვდილის წინ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს უთხოვია, როცა მოვკვდები, დამწვითო. მეგობრებმა და შეფიცულებმა ეს თხოვნა არ შეუსრულეს. სურვილი კი, ალბათ, იმიტომ გამოთქვა, რომ იმედი ჰქონდა, მისი ფერფლის წამოღება სამშობლოში უფრო ადვილი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG