Accessibility links

logo-print

პარასკევს, 18 ნოემბერს, გვიან საღამოს, კინოთეატრ “ამირანში” დასრულდა ლიტერატურული კონკურსის


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 18 ნოემბერს, გვიან საღამოს, კინოთეატრ “ამირანში” დასრულდა ლიტერატურული კონკურსის, “პენ-მარათონი 2005”-ის, ლაურეატთა დაჯილდოება. ჯილდოები პირველ სამ

ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ. იმავე საღამოს პირდაპირ სტამბიდან მიიტანეს ათი საუკეთესო მოთხრობის კრებული, რომელსაც, ტრადიციულად, კონკურსის ორგანიზატორი გამომცემლობა “დიოგენე” გამოსცემს. პენ-მარათონი წელს მეოთხედ გაიმართა. დავით პაიჭაძემ უკვე წაიკითხა “დიოგენეს” კრებული და ახლა, ყოველკვირეულ “ბიბლიოთეკაში”, შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

პენ-მარათონის ისტორიის მოკლე კურსი ასეთია: კონკურსანტების “შორტ-ლისტის” შერჩევის შემდეგ მათ ერთ სივრცეში ათავსებენ და აძლევენ 24 საათს პროზაული ნაწარმოების დასაწერად. ეს ერთი სივრცე პირველ ჯერზე იყო თბილისის ერთ-ერთი კაფე, მეორედ - ფოთის აკვატორიაში მცურავი გემი “კაპიტანი თავართქილაძე”, მესამედ კონკურსანტები ასლან აბაშიძისაგან თავისუფალ აჭარაში, გონიოს ციხეში, ცდიდნენ კალამს, მეოთხედ, ანუ წელს, ერთი თვის წინათ, კონკურსის ორგანიზატორებმა ისინი უფლისციხეში წაიყვანეს. თუ ადრე 24 საათს აძლევდნენ მოთხრობის დასაწერად, ახლა 30 საათი მისცეს. შეგახსენებთ წინა კონკურსების გამარჯვებულებსაც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით: გელა ჩქვანავა, ვანო ჩხიკვაძე, პაატა ბერიკაშვილი. მეოთხე პენ-მარათონი წარმატებით დაძლია უფლისციხეში ღამენათევმა ყველა კონკურსანტმა, მაგრამ გამარჯვება, ცხადია, ერთს დარჩა. პირველად კონკურსის ხანმოკლე ისტორიაში პირველი ადგილი ქალმა დაინარჩუნა, ფიქრია ყუშიტაშვილმა. მეორე და მესამე ადგილები წილად ხვდათ ანდრო ბუაჩიძესა და ვანო შატბერაშვილს.

[მუსიკა]

გარკვეულ პირობას მოთხრობის დასაწერად კონკურსის მონაწილეებს ორგანიზატორები იმთავითვე უწესებდნენ. პირველად ეს იყო ფრაზა, რომლითაც წერა უნდა დაეწყოთ. მეორედ იყო მოტივი, რომელიც მიუსადაგეს კონკურსის ჩატარების ადგილს: ძველი ბერძენი პოეტის, ანაქარსისის, სტრიქონი: ”უსაფრთხო ხომალდები ხმელეთზე ამოთრეული ხომალდებია”. მესამედაც ციტატა შესთავაზეს. აი, მეოთხედ კი, ვთქვათ პირდაპირ, ფრიად უჩვეულო შეზღუდვა მოუფიქრეს. პერსონაჟები უნდა ყოფილიყვნენ ბავშვი - 14 წლის ბიჭი, მამაკაცი - 70 წლის, პენსიონერი მეთევზე, 55 წლის ქალი - მინისტრის დედა და უცხოელი - ბერძენი, 41 წლის მამაკაცი, ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი. ამგვარი რესტრიქტი თავისთავად განგაწყობს ან ირონიულად, ან საპროტესტოდ. “დიოგენეს” მიერ დაბეჭდილ 10 მოთხრობაში ჩანს ირონიაც და პროტესტიც. ერთიცა და მეორეც, ვფიქრობ, მწერლებისათვის თავსმოხვეული კონიუნქტურის გამო. კონიუნქტურულია 55 წლის ქალბატონი, რომელიც მაინცდამაინც მინისტრის დედა უნდა იყოს: ხომ ნათელია, საქართველოში როდის ცხოვრობდნენ 30-30 წლის მინისტრები? თითქმის ყველა ავტორმა შემოთავაზებული პერსონაჟები, არსებითად, უარყო - აქცია ისინი შემთხვევით, ეპიზოდურ პერსონაჟებად, ანაც დათქმული ატრიბუტიკა - მეთევზე, ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა - ნაძალადევად მიაკრა მათ სხვა მახასიათებლებს. ხშირად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, უცხოელი ბერძენია თუ არა, ან მოხუცს რაში ეტყობა მეთევზეობა. ერთი ავტორი, ზურაბ ლეჟავა, ხაზგასმით ირონიულად ეკიდება ამ ბერძენს, არქმევს არისტოტელე პავსიკაკიოსს და მისთვის მთავარ პერსონაჟს სულ სირტაკს აძახებინებს. ლეჟავა მაგალითია იმისა, რომ რა პერსონაჟებიც უნდა დაუწესო ავტორს, ის შეეცდება წეროს, რაც იცის. ზურაბ ლეჟავა კი სხვაზე გაცილებით ხშირად წერს კრიმინალურ სამყაროზე, ციხეში მჯდომ თუ იქიდან თავდახსნილ კრიმინალებზე. მოთხრობაში ”ბარბაროსი” სწორედ ასეთი პერსონაჟია მთავარი.

[მუსიკა]

შესაძლოა, საგულისხმოდ გეჩვენოთ უცხოელ პერსონაჟებზე დაკვირვება: რადგან კონკურსის პირობა იმთავითვე შეიცავდა გარკვეულ ძალადობას შემოქმედის თავისუფლებაზე, შემოქმედებმაც ამას ძალადობით უპასუხეს. ოღონდ ეს ძალადობა მოთხრობების თემად აქციეს და, ხშირ შემთხვევაში, სწორედ 41 წლის ბერძენ ბიზნესმენს დაუკავშირეს. ერთგან, როგორც გითხარით, ბერძენი, თავის პირად მცველებთან ერთად, ჩხუბში მოჰყვება და ერთი თვით მეტყველების უნარს დაკარგავს. ბაჩო კვირტიას ”ალუმინის ტაშტში” ბერძენს, ანუ უცხოს, ჯერ გაძარცვავენ, შემდეგ მოიტაცებენ, საბოლოოდ კი, ისევ ქართველები იპოვიან და შემოსავენ. ბესო ხვედელიძის მოთხრობაში ბერძენი ის კაცია, ვისაც მთავარი პერსონაჟის სატრფო ამჯობინებს და ყოფილ პარტნიორს მასთან სექსის ფრივოლურ დეტალებს ანდობს. რა თქმა უნდა, ამ ყოფილ პარტნიორს, ანუ მთავარ პერსონაჟს, ეს აცეცხლებს და ბერძნისადმი აგრესიულად განაწყობს. ბესო სოლომანაშვილს მოთხრობაში ”ალლი... ოოო?!” ბერძენი სექსუალურ მოძალადედ გამოჰყავს, რომელიც თბილისში ღამით ქართველ ქალს სცემს, რადგან ის მოლოდინს გაუმტყუნებს. შარშანდელი გამარჯვებულის, პაატა ბერიკაშვილის, მოთხრობაში ბერძენთა მიმართ ქსენოფობია ნაკლებად იგრძნობა, ”სამაგიეროდ”, სომხებზეა ”კარგები” ნათქვამი - პერსონაჟების პირით, რა თქმა უნდა. ალბათ, ჟიურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არც ერთი ამ მოთხრობისათვის პრიზი არ მიუციათ, ანუ არ დააჯილდოეს ავტორი, რომლის ტექსტშიც უცხოს შიში, მის მიმართ აგრესია ან ირონია მოჩანს. ამ მხრივ, კონკურსის შედეგები სამაგალითოდ პოლიტკორექტული აღმოჩნდა. ვუშვებ, რომ ზოგიერთს პოლიტკორექტულობაც, შესაძლოა, კონიუნქტურად ეჩვენოს. გამარჯვებული ფიქრია ყუშიტაშვილის მოთხრობაში ბერძენი ბიზნესმენი კახეთში, სოფელში, ცხოვრობს, პატარა მეურნეობაც აქვს და, რომ იტყვიან, ინტეგრირდება. მეორე პრიზის მფლობელი ანდრო ბუაჩიძე მოთხრობა ”რიტუალის” მთავარ პერსონაჟს ასევე ბოლომდე ინტეგრირებულ ბერძენად აქცევს, რომელიც ”ჰამლეტზე” ფიქრობს და თვითრეფლექსიას ეწევა. მესამე ადგილოსანი კი, ვანო შატბერაშვილი, საერთოდ გაკვრით მოიხსენიებს ვინმე ვოვას, საბერძნეთში წამლებს რომ ჩალიჩობს და ბერძენ მიშას, რომელიც ადრე მძღოლი და კაი ბიჭი იყო, ახლა კი წამლები ჩამოაქვს ვოვას აფთიაქისთვის თბილისში.

[მუსიკა]

რა თქმა უნდა, პერსონაჟების კორექტული თუ არაკორექტული მარკირება, ისევ და ისევ, შემოქმედების თავისუფლების საკითხია. მაგრამ ეს თავისუფლება რატომღაც ერთმანეთს ჰგავს პენ-მარათონის წლევანდელი კრებულის ტექსტებში. ამ მსგავსების ნიმუშია 55 წლის ქალბატონი, მინისტრის დედა, რომელიც მოთხრობიდან მოთხრობაში ინაცვლებს და ყველგან კრთება, რადგან მისი მთავარ პერსონაჟად ქცევა შეუძლებელია. ამ შეუძლებლობის გამოხატულებაა გამარჯვებული მოთხრობა, ”ავტორთა მაძიებელი ოთხი პერსონაჟი, ანუ მინისტრის დედა”, სადაც ამ უკანასკნელს კახელი გლეხკაცი იხსენიებს მხოლოდ მინისტრის გინების კონტექსტში. მინისტრის დედები, ძირითადად, მიეკუთვნებიან პოლიტიკურ ელიტას, რომელსაც ავტორები ირონიულად ან ამრეზით უყურებენ. უფრო ზუსტად, იგრძნობა, რომ ასე უყურებენ.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ მწერლების შეზღუდვას, გარკვეული აზრით, ჯგუფური რეაქცია მოჰყვა: ისინი თითქოს უხალისოდ დასთანხმდნენ თავიანთ თავისუფლებაში კონკურსის ორგანიზატორთა ჩარევას და შეეცადნენ გამოსავალი ეპოვათ, როგორც, მაგალითად, უპრიზოდ დარჩენილი ავტორი ნინო სადღობელაშვილი, რომელმაც ყველა - 14 წლის ბიჭიც, 70 წლის მეთევზეც, ბერძენი ფარმაცევტიც და მინისტრის დედაც - საგიჟეთში, უკაცრავად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შერეკა.
XS
SM
MD
LG