Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალეტის მოყვარულები ბოლო დროს შეშფოთებას ვერ მალავენ:


ბალეტის მოყვარულები ბოლო დროს შეშფოთებას ვერ მალავენ:

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ანანიაშვილის დასი ნაყოფიერ მუშაობას აგრძელებს, – ფაქტობრივად, ყოველთვიურად მართავს საპრემიერო სპექტაკლებს, - ქართული საზოგადოება ნაკლებად იჩენს ინტერესს ბალეტის მიმართ. ოპერის თეატრში საპრემიერო წარმოდგენებიც კი ცარიელ დარბაზში იმართება. ვიღაც ამას ხსნის ბოიკოტით, რომელიც საზოგადოების ერთმა ნაწილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან დაკავშირებული სკანდალის მერე გამოუცხადა ნინო ანანიაშვილს, ვიღაც კი - ცუდი სარეკლამო კამპანიით. თუმცა ეს ორი მიზეზი ერთმანეთს არ გამორიცხავს. ეტყობა, მედია სიფრთხილეს იჩენს - ჟურნალისტებს ჰგონიათ, რომ თანამედროვე ქართული ქორეოგრაფიის პროპაგანდა მათ რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს.

მაგრამ “თანამედროვე ქართული ქორეოგრაფია” მხოლოდ და მხოლოდ ნინო ანანიაშვილის მიერ აღდგენილ სპექტაკლებს არ ნიშნავს. თანამედროვე ბალეტს საქართველოში დიდი ტრადიციები აქვს. ეტყობა, ეს ტრადიციები გაიხსენეს სწორედ კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში, როცა ეგრეთ წოდებულ “თავისუფალ კონკურსში” გამარჯვებულად ახალგაზრდა ქორეოგრაფი ირაკლი შენგელია გამოაცხადეს. სწორედ კულტურის სამინისტრო დაეხმარა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტს გადაეღო ფილმი-ბალეტი "ოსტატი და შეგირდი”, რომლის პრეზენტაცია ამ კვირაში მოეწყო სამინისტროს დიდ დარბაზში. ფილმის დაწყებამდე კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ თამარ ქვარიანმა გვიამბო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ამ კონკურსზე, რომელიც ორი წელია, რაც ტარდება, თუმცა, მინისტრის მოადგილის თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად გამარჯვებულები პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოაცხადა:

[თამარ ქვარიანის ხმა] “ჩვენ გვაქვს სახელმწიფო-მიზნობრივი პროგრამები მუსიკაში, თეატრში, სახვით ხელოვნებაში, საბიბლიოთეკო პროგრამა... ადრე წინასწარ იგეგმებოდა, ვის რა თანხა შეხვდებოდა. ჩვენ წლის დასაწყისში ვაცხადებდით კონკურსებს, რომელშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.”

საინტერესოა, რას მიიჩნევს კულტურის სამინისტრო პრიორიტეტულ სფეროდ. ერთი მხრივ, სამინისტრომ უკვე აღიარა, რომ მთლიანად კულტურული მეკვიდრეობის მოვლა-პატრონობისთვის თანხები არ მოეპოვება, რისთვისაც კერძო ინვესტორებს მიმართავს დახმარებისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, კულტურის ჩინოვნიკებიც აცნობიერებენ უკვე, რომ თანამედროვე ქართული ხელოვნების - მით უფრო ექსპერიმენტული ხელოვნების - განვითარებით ქართული ბიზნესელიტა კვლავაც არ არის დაინტერესებული. ამიტომ იძულებულნი ხდებიან, თავად დააფინანსონ ეს პროექტები:

[თამარ ქვარიანის ხმა] “ეს კონკრეტული პროექტი დაფინანსდა ეგრეთ წოდებულ “თავისუფალ კონკურსში”. მუსიკალურ პროგრამაში ჩვენ გვაქვს ფესტივალების დაფინანსება, კლასიკური მუსიკის განვითარება. ყოველ წელს ეს პრიორიტეტები იცვლება... პრიორიტეტული ჩვენთვის არის ახალგაზრდა შემოქმედთა მხარდაჭერა... ეს კი არის თანამედროვე ბალეტი, რაც იშვიათია, რადგან გამომდინარე რუსული საბალეტო სკოლიდან, ძირითადად, კლასიკაზე ვართ გადართული.”(სტილი დაცულია)

მაშ ასე, კულტურის სამინისტრო უკვე იმასაც აღიარებს, რომ “გამომდინარე რუსული საბალეტო სკოლიდან, ძირითადად, კლასიკაზე ვართ გადართულნი”. და თუ ეს ჭეშმარიტებაა, ისიც არ უნდა გვიკვირდეს, რომ ოპერის თეატრი ვერა და ვერ ივსება საბალეტო პრემიერებზე – ახალ თაობას დღეს არა მარტო რუსული ენა ესმის ცუდად, არამედ რუსული კლასიკური ქორეოგრაფიის აღქმაც უჭირს.

[დარბაზის ოვაციები]

ბალეტის მოყვარულებს ძალიან უყვართ “ბრავოს” ხმამაღალი ძახილი. მაგრამ ცდებით, თუ გგონიათ, რომ ეს ოვაციები ოპერის თეატრში, ახალი ბალეტის პრემიერაზე ჩავწერეთ. ასეთი “ბრავო” დაიმსახურა ირაკლი შენგელიამ თავისი ოცწუთიანი ვიდეოფილმის “ოსტატი და შეგირდის” დასრულების შემდეგ – ფილმისა, რომელშიც გაერთიანებულია ორი ქორეოგრაფიული ნოველა - გია ყანჩელის “ტანგო” (ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე) და ესტონელი კომპოზიტორის არვო პიარტის “ზიგზაგები” (მეორე მინიატურა თავად ირაკლი შენგელიამ დადგა). პირველში ჩვენი ქორეოგრაფიული დასის წევრები მიხეილ მენაბდე და ლალი კანდელაკი ვიხილეთ, მეორეში – ირაკლი შენგელია და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ალექსიშვილი. თუმცა კულტურის სამინისტროში უფრო ომახიანი “ბრავო” გაისმა მას შემდეგ, რაც ირაკლი შენგელიამ სამადლობელი სიტყვით მიმართა პუბლიკას:

[ირაკლი შენგელიას ხმა] “ეს ორი ნოველა გავაერთიანე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აქ დგანან, რადგან მათ არ ჰქონდათ გოგი ალექსიძის დადგმები ნანახი... იმიტომ რომ ხშირად პოლიტიკოსები ამბობენ, აი, ახლა ისე აცეკვდით, ეს რა შექმენით... – ჩვენ გუშინ არ გვისწავლია ცეკვა, არც გუშინწინ – ჩვენ ცეკვა ვისწავლეთ პერინის სტუდიაში, ასი წლის წინ, ჩვენ ვახტანგ ჭაბუკიანი გვყავს მთაწმინდაზე დასაფლავებული და ნურავინ გაბედავს ცუდის თქმას, როცა ეხებიან მამულიშვილებს.” (ტაში. “ბრავო”)

ვერ გეტყვით, ვინ იგულისხმა ამ სიტყვაში “ოსტატი და შეგირდის” ავტორმა – მხოლოდ პოლიტიკოსები თუ პოლიტიკოსებთან (უფრო სწორად, ხელისუფლებასთან) დამეგობრებული ქორეოგრაფები. ამ სიტყვაში მნიშვნელოვანი უფრო ვახტანგ ჭაბუკიანის და გოგი ალექსიძის ხსენება იყო... ალექსიძე, რომელიც წლების მანძილზე ქართულ საბალეტო დასს ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თანამედროვე დასავლური ქორეოგრაფიის დამკვიდრებას შეეცადა ქართულ სივრცეში. მაგრამ იმხანად მას მხარი არ დაუჭირეს (ყოველ შემთხვევაში, ისე, როგორც დღეს უჭერს მხარს ბალეტს ხელისუფლება). ბედის ირონიით, ალექსიძე რუსეთში წავიდა სამუშაოდ, თუმცა მოწაფეები დატოვა. შეგირდმა თავის ფილმში ოსტატის ტრადიცია გააგრძელა – წარმოგვიდგინა ქალისა და მამაკაცის ერთგვარი დემატერიალიზებული სახეები, აქცენტი გააკეთა ხელების გამომსახველობაზე, გამოავლინა მუსიკალური პარტიტურის სიღრმეების შეგრძნება, სახვითი ხელოვნების შეგრძნება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ახალია, კინოს შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ კინობალეტები ადრეც გადაუღიათ საქართველოში, რეჟისორები ვერასდროს აღწევდნენ ბალეტისა და კინოს ენის ჰარმონიას. ალბათ, იმიტომ, რომ ასეთი ფილმის გადაღებას ბალეტის ენის კარგი ცოდნა სჭირდება. ჩვენი შთაბეჭდილება პროფესიონალებთან საუბარში გადავამოწმეთ. თბილისის საბალეტო დასის ყოფილი წევრი ნიალა გოძიაშვილი აღნიშნავს, რომ “ოსტატი და შეგირდი” ტრადიციების უბრალო გაგრძელება არ არის. ახალი ქართული კინობალეტი ერთგვარი კონტრაპუნქტიცაა, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის თავისებური ეტალონი:

[ნიალა გოძიაშვილის ხმა] “მე ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი ისეთი მოწაფეა გოგისი, რომ ვიტყვით: უი, უი, როგორ ჩანს მასწავლებლის ხელწერა! - პირიქით, სრულაიდ სხვა ადამიანია. გოგისგან მან ისწავლა დამოკიდებულება საქმისადმი და, კერძოდ, ბალეტისადმი. ეს აერთიანებს – შინაგანი ექსპრესია, მინიმალური, ოღონდ იმ გაგებით არა, რასაც დღეს გულისხმობენ – მინიმალური საშუალებებით შინაგანი ინტენსივობის მიღწევა... ასეთი ნაწარმოებების შესრულება უფრო რთულია, ვიდრე ტექნიკურად დატვირთული მოძრაობების.”(სტილი დაცულია)

ქორეოგრაფიული სახიერების შეცვლა ილუსტრაციული შტამპებითა და კლოუნადით – ეს თანამედროვე ქორეოგრაფიის მოურჩენელი ავადმყოფობაა, რომელსაც ირაკლი შენგელია ნამდვილად გადაურჩა ფილმში “ოსტატი და შეგირდი”. გარდა ამისა, ახალგაზრდა ქორეოგრაფმა გვაზიარა უაღრესად საინტერესო ხელოვანს, ესტონელ კომპოზიტორს არვო პიარტს, რომლის ნაწარმოებებს, ფაქტობრივად, არ ასრულებენ საქართველოში. არადა, თანამედროვე სერიოზული მუსიკის ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი 60-იან წლებში, ფაქტობრივად, საქართველოში აღმოაჩინეს: იმ დროს, როცა პიარტის მუსიკა აკრძალული იყო, ჯანსუღ კახიძემ თბილისში ჩამოსულ ესტონელ კომპოზიტორს საავტორო კონცერტი მოუწყო.

“შუა საუკუნეების ახალი მუსიკა” – ასე უწოდებენ დღეს პიარტის სტილს მუსიკისმცოდნეები. საუბრობენ მისი ნაწარმოებების მედიტაციურ ენაზე, სტატიკურობისა და ზარების რეკვის მსგავსი ეფექტის სინთეზზე. შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი მუსიკა არ უხდება ბალეტს, მაგრამ ცდებით: ირაკლი შენგელიამ სწორედ ამგვარი, “ლითურგიული”, მუსიკა დაუმორჩილა ქორეოგრაფიის ენას.

[მუსიკა. “ზიგზაგი”]

როგორი იქნება ახალგაზრდა ქორეოგრაფის ფილმის შემდგომი ბედი? კულტურის სამინისტრო არ ფლობს სურათის საავტორო უფლებებს და, შესაბამისად, არ არის ვალდებული დაეხმაროს ქორეოგრაფს ამ ფილმის გაქირავებაში. რაც შეეხება ოპერის თეატრის სცენას, საეჭვოა, ახალგაზრდა ქორეოგრაფს დღეს ბალეტის დადგმის საშუალება მისცენ. აქ ხომ უფრო “ამაო სიფრთხილე” მოსწონთ.


[ნიალა გოძიაშვილის ხმა] “საბალეტო ხელოვნება სუბიექტური ხელოვნებაა. შეიძლება სულ არ გიყვარდეს ეს ხელოვნება, ოპერაში არ წახვიდე და, საერთოდ, ბალეტს არ უყურო. მე ყოველთვის ვოცნებობ იმაზე, რომ შეიძლება სამმოქმედებიანი სპექტაკლი არ მისცე ახალგაზრდას დასადგმელად, მაგრამ ახალგაზრდას უნდა მისცე ორმოცწუთიანი განყოფილება მაინც. შეუძლია ახალგაზრდა ბალეტმეისტერს, რომ თავისი სათქმელი თქვას...რა ვიცი, მე ასე მომსპარი არ მეჩვენება ეს ახალგაზრდობა, რომ არ ჰქონდეთ რაღაც სათქმელი.”(სტილი დაცულია)

ყოფილ ბალერინას, ნიალა გოძიაშვილს, ახალგაზრდების სჯერა. მაგრამ ახალგაზრდა მაყურებელი საბალეტო სპექტაკლებს მაინცდამაინც არ ეტანება. ოპერის თეატრის დარბაზის შევსება პრემიერებზეც კი ვერ ხერხდება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG