Accessibility links

logo-print

ევროს გაუფასურება საქართველოს ჯერჯერობით საფრთხეს არ უქმნის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აშშ დოლართან მიმართებაში ერთიანი ევროპული ვალუტის კურსის უპრეცედენტო გაუფასურებამ ევროპულ საფინანსო ბაზარს მსუბუქი შოკი მოჰგვარა. ევროს კურსი,

2004 წლის მაისის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა. იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც ევროზონას არ განეკუთვნებიან, თავიანთი საერთაშორისო რეზერვების დაცვის ღონისძიებებზე დაიწყეს ფიქრი. რა გავლენას მოახდენს ევროს ბოლოდროინდელი გაუფასურება ქართულ საფინანსო ბაზარზე?

ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან ანტიინფლაციური პოლიტიკის გამკაცრებამ, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის 4%-მდე აწევამ და არეულობამ საფრანგეთში ერთიანი ევროპული ვალუტის კურსი შეარყია. მიმდინარე კვირას ევრო, აშშ-ის დოლართან შედარებით, დაცემას განაგრძობდა და, 2004 წლის მაისის შემდეგ, რეკორდულად დაბალ, 1 ევრო – 1,17 დოლარის, ნიშნულზე დაფიქსირდა. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ანტიინფლაციური ღონისძიებების მიუხედავად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავისი ვალუტის დაცვის ზომები შეაყოვნა და განაკვეთი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში 2 %-ია, უცვლელი დატოვა.

ევროს გაუფასურება განსაკუთრებით ევროზონის ქვეყნებისთვის არის შემაშფოთებელი, თუმცა არც ის სახელმწიფოები არიან ამ პროცესის მიმართ გულგრილნი, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს ეხება, რომელთა ძირითად სავაჭრო პარტნიორებად ევროკავშირის ქვეყნები არიან ან საგარეო ვაჭრობის დიდი წილი ევროში აქვთ ფიქსირებული. გარდა ამისა, ბევრ ცენტრალურ ბანკს საერთაშორისო სავალუტო რეზერვის დიდი ნაწილი ევროვალუტაში აქვს ნომინირებული. შესაბამისად, კურსთა სხვაობამ ევრო-დოლარს შორის, შესაძლოა, რეზერვებში დანაკარგი გამოიწვიოს.

შეეხება თუ არა მსოფლიო საფინანსო ბაზარზე მიმდინარე პროცესები საქართველოს?

საქართველოს ეროვნულ ბანკში ირწმუნებიან, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს, აშშ დოლართან მიმართებაში ევროს გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, საფრთხე არ ემუქრება, რადგან საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, აშშ დოლარისა და ევროს გაცვლითი კურსების შესაძლო მერყეობისაგან დასაცავად, სწორედ ამ ორ ვალუტაშია განთავსებული.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ რეზერვის ამ ორ ძირითად ვალუტაში განთავსება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მათგან მნიშვნელოვანია სავალუტო რისკების დივერსიფიკაცია და რეზერვების მართვით მიღებული შემოსავლების ზრდა. ამასთან, რეზერვების გადანაწილების პროპორცია მოსახერხებელი უნდა იყოს იმისათვის, რომ ქვეყანა შეუფერხებლად მოემსახუროს საგარეო ვალებს, რაც ასევე, ძირითადად, აშშ დოლარშია დენომინირებული. ამ დროისათვის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 437 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის ბანკებში დეპოზიტებზე და ასევე სხვადასხვა ფასიან ქაღალდებშია განთავსებული. დღეისათვის უცხოური ვალუტის რეზერვების 75 პროცენტი აშშ დოლარში, ხოლო 25 პროცენტი – ევროშია ნომინირებული. შესაბამისად, ევროს კურსის გაუფასურებამ და დოლარის გამყარებამ ჩვენს სავალუტო რეზერვს ამ ეტაპზე, შესაძლოა, დამატებითი შემოსავალიც კი მოუტანოს.
XS
SM
MD
LG