Accessibility links

logo-print

“ლაქა” – 20 წლის შემდეგ


ზუსტად ოცი წლის წინ, იმ დროს, როცა სიტყვებს “გარდაქმნა”

და “საჯაროობა” ჯერ კიდევ არავინ იყენებდა, როცა ხალხი კვლავაც უძრაობის ეპოქაში ცხოვრობდა, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიით მოეწყო განხილვა ახალგაზრდა რეჟისორის ალეკო ცაბაძის ფილმისა “ლაქა”. თემურ ჩხეიძის სატელევიზიო სპექტაკლის, “ჯაყოს ხიზნების”, პრემიერის შემდეგ ეს იყო ტელევიზიით მხატვრული ნაწარმოების მეორე განხილვა, რომელშიც პედაგოგებმა, კომკავშირის აქტივისტებმა, ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ყურად არავინ იღო რეჟისორის თხოვნა, ყველამ სარკეში ჩავიხედოთო... გადაცემის მონაწილეები უფრო მეტად ფილმის გმირების გაკიცხვამ გაიტაცა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” დღეს 1985 წელს გადაღებულ ამ სატელევიზიო ფილმს გავიხსენებ და ქართული კინოს ისტორიაში ალეკო ცაბაძის ფილმის როლზე გიამბობთ.

“ლაქა” – კინორეჟისორ სოსო ჩხაიძის მოწაფის, ალეკო ცაბაძის, დებიუტია. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულის სადიპლომო ნამუშევრის პრემიერა 1985 წელს შედგა საქართველოს ტელევიზიით. პრემიერას მოჰყვა დისკუსიები, კრებები საწარმო-დაწესებულებებში, ინსტიტუტებში, სკოლებში. ფილმმა ბევრი განაცვიფრა, დააფიქრა, შეაშინა კიდეც. სურათის ტელევიზიით ჩვენების შემდეგ ქუჩაში, ტრანსპორტში, დაწესებულებებში ხშირად გაიგონებდით: ამ ფილმში მორფინისტები, ქურდები, სპეკულანტებია გადაღებული - მოკლედ, ძალიან კარგი სურათიაო...

ახალგაზრდებს - იმათ, ვინც ეგრეთ წოდებულ “უძრაობის ხანას” ვერ მოესწრო - გაუკვირდებათ, ალბათ: როგორ შეიძლება ფილმი კარგი იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ნარკომანები და ქურდები ჩანან? კინოკრიტიკოსი პაატა იაქაშვილი შეგვახსენებს, რომ 80-იანი წლების დასაწყისში ასეთი სამყარო, პირველად საბჭოთა კინოში, სწორედ ჩვენი ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნამუშევრებში გამოჩნდა:

[პაატა იაქაშვილის ხმა] “ეკრანზე დეკლასირებული ელემენტები გამოჩნდნენ – მათხოვრები, ნარკომანები, კახპები... დაფარული გამოდიოდა წინა პლანზე. ლაპარაკი იყო გადაფასებაზე.”

მაგრამ ალეკო ცაბაძე აქ უფრო შორს მიდის და, პირველად ქართულ კინოში, არა მარტო მარგინალურ გმირებს, არამედ, საერთოდ, მარგინალურ სამყაროს - თუ გნებავთ, ასე ვთქვათ, მარგინალურ ფონს - გამოხატავს. მაყურებელი ეკრანზე რუსთაველის პროსპექტისა და იმხანად ახლად რესტავრირებული ძველი თბილისის ნახვას იყო მიჩვეული, აქ კი, “ლაქაში”, იხილა ურბანისტული ქალაქის უღიმღამო პეიზაჟები – ჭუჭყიანი ქუჩებითა და ბნელი შესახვევებით. მაყურებელი მიჩვეული იყო მკაფიოდ გამოხატული სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს – სტუდენტს, მუშას, ინტელიგენტს, გლეხს... აქ კი მან იხილა რაღაც გაურკვეველი საქმიანობის ადამიანები, ეკრანისთვის აქამდე ტაბუირებული სამყარო, პროფტექნიკური სასწავლებლის მოწაფეები, რომელთაც ერთადერთი გატაცება აქვთ – მუსიკა... თანაც, ისეთი მუსიკა, რომელსაც იმხანად არავინ უკრავდა... ოფიციალურად არ უკრავდა, თორემ თბილისის სარდაფებსა და კლუბებში ახალგაზრდები სწორედ ასეთ სიმღერებს მღეროდნენ.

[აუდიონაწყვეტი ფილმიდან. სიმღერა “დაურეკე ქალებს, ხომ არაფერს დალევთ?”]

სურათის გმირს ქიშვარდი ჰქვია (ამ როლს არაპროფესიონალი მსახიობი და მუსიკოსი ქიშვარდ გლუნჩაძე ასრულებს). დედამისს პროვინციული მეტყველება აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოჯახი ქალაქად დიდი ხნის დასახლებული არ უნდა იყოს. დედამ ისიც კი არ იცის, რა განსხვავებაა ფირსაკრავსა და მაგნიტოფონს შორის. იგი სრულიად გაუცხოებულია იმ გარემოსგან, რომელშიც ცხოვრობს. ქიშვარდის ჰობი – მუსიკა – გარკვეული პროტესტია ყველაფრის მიმართ, რაც, მისი აზრით, ცივილიზაციის ნორმებში არ ეწერება. ესაა პროტესტი მამის მიმართ, რომელიც გაუთავებლად ტრანზისტორს დასტრიალებს და “ბაიათებს” უსმენს; ესაა პროტესტი “არაცივილიზებული”, არაემანსიპირებული დედის მიმართ:

[აუდიონაწყვეტი ფილმიდან] “არ მოგბეზრდა იატაკის ხეხვა? მთელი ცხოვრება იატაკს ხეხავ...მეცოდები... სხვა საქმე არა გაქვს არაფერი?”

რატომ ააღელვა ასე ხალხი “ლაქამ”? ალბათ, მიხვდნენ, რომ ეს სიტყვები არა იმდენად მუხლმოყრილი დედის, რამდენადაც ყველას გასაგონად ითქვა, მთელი ქართული საზოგადოების გასაგონად. კინოსტუდია “ქართულ ფილმში” ასეთი ფილმის გადაღება იმხანად შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სურათის სცენარი, კანონის თანახმად, მოსკოვს უნდა დაემტკიცებინა. ამიტომ “ლაქა” ტელეფილმის “სტატუსით” უჩვენეს... რაც სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ფილმი ერთ საღამოს მილიონობით მაყურებელს ენახა. მერე ალეკო ცაბაძის ფილმის ასლი მოსკოვში მოხვდა, საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქები შემოიარა. არ არის გამორიცხული, რომ აჟიოტაჟმა, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა ხელისუფლება – ცხადი გახდა, რომ ქიშვარდი, რომელიც დედას ეუბნებოდა, ნუ ხარ დაჩოქილიო, ყველას გვთხოვდა: გაინძერით, დაიცავით თქვენი ღირსება, გამოდით ამ ჭაობიდანო.

საქართველოს ტელევიზიის მაშინდელი ხელმძღვანელობა იძულებული გახდა აეხსნა მაყურებლისათვის, რომ ფილმის დეკლასირებული პერსონაჟები, ისინი, პიერ-პაოლო პაზოლინი სუბპროლეტარიატს რომ უწოდებდა, ჩვენი ცხოვრების “მანკიერებებს” ასახავენ და აუცილებელია, ბრძოლა გამოვუცხადოთ ქიშოსა და მის მსგავს უსაქმურებს. სასწრაფოდ მოიგონეს სატელევიზიო გადაცემა, ფრიად ცინიკური სახელწოდებით "გაუმარჯოს გულახდილობას!". ალეკო ცაბაძის ფილმი გადაცემაში მონაწილე ადამიანებისთვის გადაიქცა თავისებურ იარაღად, რომლის საშუალებით ისინი თავიანთ სრულფასოვნებას გამოხატავდნენ; ერთი გოგონა, ქუთაისის რომელიღაც საშუალო სკოლის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, წიოდა და კიოდა, ჩვენს კომკავშირულ ორგანიზაციაში ასეთი ახალგაზრდები არ ირიცხებიანო. დისკუსიაში მონაწილეებმა განსაკუთრებით “გაწკეპლეს” “ლაქის” ახალგაზრდა გმირები დასავლური კულტურის “შხამიანი ზეგავლენის” გამო (მხედველობაში ჰქონდათ სიმღერები, რომელსაც ქიშვარდ გლუნჩაძე ასრულებს).

[აუდიონაწყვეტი ფილმიდან. სიმღერა]

ამ გადაცემით ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ალეკო ცაბაძის გმირი არა მარტო ცხოვრებაში, ეკრანზეც მარტო დარჩა. მისი ტრაგედია, მისი გაუცხოება თითქოს ვერავინ შეიგრძნო... მაგრამ ეს იყო მხოლოდ გადაცემაში. ის ხალხი, ვინც ტელევიზიის სტუდიაში არ დაპატიჟეს, ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, “ლაქაზე” სულ სხვაგვარად ლაპარაკობდა. ახალგაზრდა რეჟისორის მოწოდებამ “ყველამ სარკეში ჩავიხედოთო” ბევრი დააფიქრა.

1985 წლის მიწურულს, თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე, რეჟისორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რისი თქმა უნდოდა ფილმში. სტუდენტებიც ბევრად უფრო თავისუფლად იქცეოდნენ, ვიდრე წინა წლებში გამართულ ასეთ შეხვედრებზე. ყველა გრძნობდა, რომ ქვეყანაში ლაქების ჩამოშორების დრო დადგა.
XS
SM
MD
LG