Accessibility links

logo-print

ატენის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას ამზადებენ


მართალია, ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების საჯარო მოხელეთა ხალხში გასვლის პირობითი ორკვირეული, ასევე პირობითად, უკვე ამოიწურა,

ჩვენ მაინც მოგითხრობთ რიგითი მოქალაქეების გასაჭირზე. მით უფრო, რომ საქმე მიხეილ სააკაშვილის მიერ დადებული პირობის შეუსრულებლობას ეხება. უახლოეს დღეებში - სავარაუდოდ, რევოლუციის ორი წლისთავის საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ - თბილისის ატენის ქუჩის მოსახლეობა, უკანონო მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას გამართავს. სამშენებლო ტერიტორია ჭავჭავაძის გამზირიდან უკვე შემოსაზღვრულია. ჭავჭავაძის გამზირის გარდა, პროექტი ატენის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსისა და 200 ადგილიანი ავტოსადგომის მშენებლობასაც ითვალისწინებს. ახალმშენებლობას ატენის ქუჩის მობინადრეები, ძირითადად, კომპეტენტური გეოლოგიური და არქეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ეწინააღმდეგებიან. ამ დასკვნების თანახმად, სამშენებლო ზონა მეწყერსაშიშია და დამატებით დატვირთვას ვერ გაუძლებს.

ერთია მეწყერსაშიში ზონა და მეორე - ვაკის საკანალიზაციო და სანიაღვრე კოლექტორი. ფართის სიმცირის გამო, ახალი შენობების ნაწილი სწორედ ამ კოლექტორზე უნდა განთავსდეს. ახალმშენებლობები განაპირობებს ატენის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გასასვლელი გვირაბის დანგრევასაც, რაც არანაკლებ აღელვებს ადგილობრივ მოსახლეობას. მოკლედ, ერთია მათთვის ცნობილი საპროექტო პარამეტრები და მეორე - ფაქტობრივი რეალობა. ატენის ქუჩაზე ახალმშენებლობების ერთი ტალღა ვაკის მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა და ახლა ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ რამდენიმე წლის წინათ თავად შეაჩერა. მოგვიანებით, მისი საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში, მოსახლეობამ მიიღო დაპირებაც, რომ ატენის მიკროუბანში აგური აგურს აღარ დაედებოდა.

[ქალის ხმა] “ჩვენ პასუხს ამ წუთას ვთხოვთ პრეზიდენტს. იმიტომ რომ პრეზიდენტმა იცის, რა მდგომარეობა იყო, რისიც ძალიან მადლობლები ვართ. ვინ სჯობნის დღეს პრეზიდენტს აი, იმ საქმეში, რომ ესე, ყველანაირი დარღვევით, კოლექტორზე დადგმით, ნაყარი მიწა, მეწყერი და ყველაფერზე შეიძლება დღეს რომ მაინც ბინა აშენდეს, ახალი მთავრობის უარის შემდეგაც. ჩვენ გვაინტერესებს, უბრალოდ, ვინ აჯობა დღეს პრეზიდენტს.“ (სტილი დაცულია)

ატენის ქუჩის მობინადრეთა ინფორმაციით, საცხოვრებელ კომპლექსს კომპანია „თეთრი სახლი“ აშენებს. ამ მშენებლობის შეჩერების მიზნით, საპროტესტო წერილები ყველა შესაბამის ინსტანციაში გაიგზავნა, მათ შორის, პრეზიდენტისა და მთავარი არქიტექტორის სახელზე. მონიბადრეები ჩივიან, რომ, ბიუროკრატიული თუ კიდევ სხვა რამ ბარიერების გამო, წერილები ადრესატამდე ვერ აღწევს:

[ქალის ხმა] “მთავარი ის არის, რომ ატენის ქუჩის მთელი ხალხის - 200 კაცის - ხელმოწერილი, მიტანილი წერილი მთავარ არქიტექტორამდე არ მისულა. რაში გვჭირდება ასეთი მარიონეტი მთავარი არქიტექტორი, რომელიც არ განიხილავს ჩვენ მიერ წარდგენილ ამ დარღვევებს და გადასცემს ვინმეს, ვთქვათ, თავის მოადგილეს, რომელიც დაინტერესებულია, რა თქმა უნდა. ყველა მიხვდა ამას, ხელი აქვს მოწერილი, ანუ შეთანხმებაზე პროექტის, რა თქმა უნდა, ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.“ (სტილი დაცულია)

ვიდრე მშენებლები საქმეს შესდგომიან, ატენის ქუჩის მობინადრეები საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ. ამით ისინი არა მარტო შესაძლო შევიწროებას, სპორტული მოედნისა და სკვერის დაკარგვას, სასიცოცხლო ინტერესების იგნორირებას, ვაკის სასუნთქი არტერიის ჩაკეტვას და მთელ რიგ სხვა მოსალოდნელ საფრთხეებს აპროტესტებენ, არამედ იმის გარკვევასაც ცდილობენ, ვის მხარეს დგას ქვეყნის ხელისუფლება.

[ქალის ხმა] “მე მინდა, როგორც შეურაცხყოფილმა მოქალაქემ და შეურაცხყოფილი მოქალაქეების - ატენის ქუჩის მოქალაქეების - სახელით, ვთქვა ერთი რაღაცა - რომ ფირმა „თეთრი სახლი“ და ის მოხელეები, ვინც ხელს უწყობს ფირმა „თეთრი სახლის“ მიერ გამართულ მშენებლობას, ახდენს ბატონ პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის -დისკრედიტაციას, მისი მთავრობის და მისი პარტიის დისკრედიტაციას. იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვკარგავთ ნდობას, ჩვენი კანონიერი მოთხოვნა არ კმაყოფილდება და უკანონო ქმედება წარმატებულად ხორციელდება.“ (სტილი დაცულია)

ატენის ქუჩის მოსახლეობა უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტის რეაგირების მოლოდინშია. ამის მიზეზი ისაა,რომ რამდენიმე წლის წინ ამ ქუჩაზე დაგეგმილი უკანონო მშენებლობა თავად მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით შეჩერდა. მაშინ იგი ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მოგვიანებით, ამჯერად უკვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ატენის ქუჩაზე ერთი ზედმეტი აგურიც აღარ დაიდებოდა. ატენის ქუჩის მობინადრეებს მისთვის ამ პირობის შეხსენება სურთ.
XS
SM
MD
LG