Accessibility links

logo-print

ქართულ პრესას 23 ნოემბრის მოახლოება დაეტყო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღევანდელ ქართულ პრესას უკვე დაეტყო 23 ნოემბრის მოახლოება - თითქმის ყველა გაზეთი ბეჭდავს სტატიებს ან ინტერვიუს ხელისუფლების ორწლიანი მოღვაწეობის თემაზე.


გაზეთი „ახალი ვერსია“ ამ თემაზე რამდენიმე ინტერვიუს აქვეყნებს. პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის აზრით, „რევოლუციის მთავარი მოთხოვნა - შევარდნაძისა და აბაშიძის წაყვანა - შესრულებულია. ასი წელი რომ გავიდეს ან ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ დააშავოს, უსისხლო რევოლუცია ისტორიაში მაინც ოქროს ასოებით შევა“. ამავე დროს, რესპუბლიკელ პარლამენტარს მიაჩნია, რომ “მიხეილ სააკაშვილმა ვერაფრით დაიჯერა, რომ მთელი საქართველოს პრეზიდენტია და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და თავისი მხარდამჭერებისა. ყველა გამოსვლაში იმ ხალხს ეჩხუბება, ვის პრეზიდენტადაც თავს ვერ გრძნობს. ვერაფრით გაითავისა, რომ საქართველო აბარია, თავის ოპოზიციანად. ხელისუფლებამ ხალხთან სალაპარაკოდ ნორმალური ენა ვერაფრით ვერ აირჩია - ქვეყანას ტელევიზიითა და პიარაქციების მეშვეობით მართავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს ეუბნები: შენ რომ გიჭირს, დაივიწყე, მიყურე და აგერ მე მოგიყვები, როგორ კარგად ხარო“. ამავე გაზეთში შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუ თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორთან ლევან რამიშვილთან, რომლის აზრითაც, „ამ ეტაპზე მთავარია ტემპი და არა ხარისხი.“

გაზეთი „მთელი კვირა“ ცდილობს გაერკვეს, ხომ არ აპირებს პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას. ამ კითხვაზე გაზეთის მიერ გამოკითხულებს სხვადასხა აზრი აქვთ. მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანის განმარტებით, კონსტიტუციით, პრეზიდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია პარლამენტის დათხოვნა, თუ პარლამენტი ბიუჯეტს ან მთავრობის შემადგენლობას არ დაამტკიცებს. შესაბამისად, ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი პარლამენტს არ დაითხოვს. პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს პარლამენტის დათხოვნა არარეალურად, მაგრამ სასურველად მიაჩნია. როგორც მან განუცხადა გაზეთს, პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას აპირებდა, მაგრამ ახლა ამას სალომე ზურაბიშვილის ჯინაზე არ გააკეთებს - როგორც გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებამდე პრეზიდენტს სწორედ პარლამენტის დათხოვნას სთავაზობდა.

რაც შეეხება პრეზიდენტის გარემოცვას, გაზეთ „ კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი შოთა ნადირაშვილი პრეზიდენტს რევოლუციის მოწყობას თავისსავე გარემოცვაში სთავაზობს.
XS
SM
MD
LG