Accessibility links

logo-print

ქართული ტელესივრცის თავისებურებანი

  • ნინო როდონაია

მსოფლიო სატელევიზიო სივრცეს ქართული ტელევიზია გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან შეუერთდა. იმ პერიოდის ერთადერთ არხს დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის სტატუსი აქვს

და, რამდენიმე კერძო და რეგიონულ ტელეკომპანიასთან ერთად, ქვეყნის სატელევიზიო სივრცეს ქმნის. 21 ნოემბერს ტელევიზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით გვინდა შეგახსენოთ ქართული ტელემაუწყებლობის ისტორია და გესაუბროთ თანამედროვე ტენდენციებზე.

ქართული ტელევიზიის დაბადების დღედ 1956 წლის 30 დეკემბერია მიჩნეული. სტუდიის სარეჟისორო პულტი იმ დღეს პირველად ჩაირთო და საღამოს 8 საათზე მაყურებელმა პირველი ტელეგადაცემა იხილა.

[ისმის არჩილ კერესელიძის "ლალისფერი ყელსაბამის” ფრაგმენტი]

არჩილ კერესელიძის "ლალისფერი ყელსაბამით” დაიწყო პირველი ქართული ტელეგადაცემა, რომელიც, მილოცვისა და ეთერში პირველი ზეპირი ინფორმაციის გასვლის შემდეგ, კინოფილმ "აბეზარათი" დასრულდა. ტელევიზიის იმჟამინდელ პერსონალურ შემადგენლობას, ოფიციალური თანამშრომლის სტატუსით, წელიწად-ნახევარში შეუერთდა ჯულიეტა ვაშაყმაძე, რომელიც ქართული ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ იქცა. მიუხედავად ორი პროფესიის, არქიტექტორობის და მსახიობობისა, ქართველ დიქტორთაგან ერთ-ერთი პირველი უმთავრეს საქმედ სწორედ ტელევიზიას მიიჩნევს:

[ჯულიეტა ვაშაყმაძის ხმა] "შეიძლება ზუსტად იმის გამო, რომ ტელევიზიას აქვს ის წუთი, როდესაც რეალურად პირდაპირ ესაუბრები მაყურებელს. დღეს სულ ამბობენ: პირდაპირ ეთერში, პირდაპირ ეთერში! ჩვენ არც ვამბობდით ამას, იმიტომ რომ ისედაც პირდაპირ ეთერში ვიყავით სისტემატურად.” (სტილი დაცულია)

სატელევიზიო კარიერის დასაწყისი ჯულიეტა ვაშაყმაძისათვის თითქმის ნახევარი საუკუნის წინანდელი გადაცემაა, რომელიც თბილისის 1500 წლისთავისთვის მომზადდა:

[ჯულიეტა ვაშაყმაძის ხმა] "სადაც იყო ის ტექსტი, რომელსაც არ ახლდა თან ფოტომასალა ან არ ახლდა კინო, მე ვესაუბრებოდი მაყურებელს. და ვესაუბრებოდი ფურცლის გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ავტორისეული ტექსტი დამავიწყდა. მაგრამ ის ყველაფერი მქონდა გათავისებული და ჩვეულებრივად დავიწყე საუბარი. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ამ დღიდან დიდი გარდატეხა მოხდა.” (სტილი დაცულია)

მაყურებელთან უშუალო საუბრის სტილი, როგორც თავად ჯულიეტა ვაშაყმაძე ამბობს, არც ერთი ტიპის ტელეგადაცემის - მათ შორის, საინფორმაციო პროგრამების - წამყვანობისას არ შეუცვლია და არასდროს არც სატელევიზიო მოკარნახით უსარგებლია.

პირველი ქართული ტელევიზიის საფუძველზე განვითარებულ მაუწყებლობას დღეს საზოგადოებრივის სტატუსი აქვს და, ამ მხრივ, პირველობის პრეტენზიასაც აცხადებს. პირველობას იჩემებს კერძო სატელევიზიო არხების ნაწილიც, ზოგი რეიტინგულობის და ზოგიც გავრცელების ხარისხით. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ კერძო არხების ჩამოყალიბებიდან დღემდე მათ გარკვეულ პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა თავად სისტემა შორსაა იმ ქვეყნებისგან, სადაც, მართლაც, წარმატებული ტელევიზია არსებობს:

[ზვიად ქორიძის ხმა] "ყველაზე გამორჩეული თვისება ქართული ტელევიზიებისა არის ისიც, რომ არცთუ ისე ბევრ ქვეყანაში უთამაშია ესეთი მნიშვნელოვანი როლი ტელევიზიებს პოლიტიკური პროცესების ცვლილებაში." (სტილი დაცულია)

ქართული ტელესივრცის ამ თავისებურებას ზვიად ქორიძე რეალური განვითარების შემაფერხებელ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევს:

[ზვიად ქორიძის ხმა] "აი, იმ ფაქტმა, რომ ჯერ ერთი ტელევიზია, შემდეგ კი - ყველა ერთად აღმოჩნდა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში როგორც სუბიექტი და არა როგორც დამკვირვებელი, ამან გამოიწვია ისიც, რომ თავისთავად პროგრესი ტელესაქმისა საქართველოში, გარკვეულწილად, შეჩერდა და, მე მგონი, ამის მაყურებელი ყველანი ვართ ბოლო ორი წლის მანძილზე." (სტილი დაცულია)

ჟურნალისტის შეფასებით, დღეს ყველა ტელეარხი საკუთარი სახისა და ადგილის მოძებნას ცდილობს, რაც საკმაოდ რთული იქნება. თანამედროვე ქართული ტელევიზია საზოგადოებას თემატიკას ვეღარ უკარნახებს, ამ მისიას კი თავად არხებისთვის ხელისუფლება ასრულებს, - ამბობს ზვიად ქორიძე და კიდევ ერთ ტენდენციაზე მიუთითებს:

[ზვიად ქორიძის ხმა] "გამოიძებნა ძალიან კარგი ფორმა, თუ როგორ შეიძლება მორიგ ჯერზე დაიწყონ ტელევიზიებმა საზოგადოების ზომბირება - მოდით, ყველა ერთად გავერთოთ! ეს შეტყობინებაც, სამწუხაროდ, მათ ხელისუფლებისგან მიიღეს, იმიტომ რომ ხელისუფლებაც ერთობა და ერთობა ტელევიზიებიც." (სტილი დაცულია)

ერთობა საზოგადოების დიდი ნაწილიც, რომლისთვისაც, ბოლო რეიტინგული მონაცემებით, ყველაზე საყვარელი სატელევიზიო პროგრამა "ღამის შოუა".
XS
SM
MD
LG