Accessibility links

logo-print

რატომაა საჭირო საქართველოში საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება?


გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი KFW კარგა ხანია საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის პროექტს ახორციელებს.

მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის სტაბილურობისა და საიმედოობისთვის გაწეული დახმარება. KFW-ს გადაწყვეტილი ჰქონდა 2006 წელს საქართველოსთვის 3.5 მილიონი ევროს შეღავათიანი კრედიტი გამოეყო საბანკო ანაბრების დაზღვევის სისტემის შესაქმენლად, მაგრამ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობას წააწყდა. რა არის ამის მიზეზი და რა საჭიროა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა?

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უარით გაისტუმრა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი KFW, რომელიც საქართველოს საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის დაფინანსებას სთავაზობდა. კრედიტი 40 წლიანია, მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, 0,7 პროცენტით, და ის დახმარებას უფრო წააგავს, ვიდრე კრედიტს.

საქართველო ერთადერთია არათუ პოსტსოციალისტურ სივრცეში, არამედ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორისაც, სადაც საბანკო ანაბრების დაზღვევის საკანონმდებლო ბაზაც კი არ არსებობს. არადა, ჯერაც არ მისცემია დავიწყებას დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოქმნილი ეგრეთ წოდებული მეანაბრეთა პრობლემა. ასიათასობით მოქალაქე ახლაც უიმედოდ ელის საბჭოთა სალაროებში შენახული თუ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ წლებში სოკოებივით მომრავლებულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციას - კომპენსირებას.

[მეანაბრეების ხმა] ”რო დაიკარგა ჩემი ფული, მე არ ვიზარალე, კაცო? სხვამ ხო არ იზარალა, - ვინც შეიტანა, იმან იზარალა...”

”ჩვენ წაგვართვა ისევ ჩვენმა ხალხმა, ქართველობამ, და მაინტერესებს ნამდვილად, ვინ წაიღო, ვინ შეჭამა ეს ჩვენი ფული და სად წავიდა...”

საქართველოს მოსახლეობა ასეთ ვითარებაში კიდევ ერთხელ რომ არ აღმოჩნდეს, ქვეყანაში საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უნდა ამოქმედდეს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, დაზღვევის მექანიზმი, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, დეპოზიტების 97 პროცენტის კომპენსირების საშუალებას იძლევა. თითოეული დეპოზიტის საშუალო მოცულობა კი 3600 ლარს არ აღემატება:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ანუ ყველა პატარა მეანაბრე იქნება დაცული იმისაგან, რომ ბანკში არასდროს ფული არ დაეკარგება. იგი აზღვევს არა მარტო მცირე მეანაბრეებს, არამედ დიდ დეპოზიტარებსაც. საქართველოში არის 18 ბანკი და ვიღაცას აქვს 54 ათასი ლარი, ის აიღებს და 3-3 ათასად განათავსებს ყველგან ამ ფულს. თეორიულად, 18 ბანკი გაკოტრდეს, ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე უნდა მოხდეს წარღვნა და მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ხოლო თუკი რაიმე ალბათობით რომელიმე ბანკი რისკის ქვეშ ჩადგება, ის დარწმუნებული იქნება, რომ ამ ბანკში ეს ფული არ დაიკარგება.”(სტილი დაცულია)

რომან გოცირიძის განცხადებით, დაზღვევის სისტემის უქონლობა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღემდე საქართველო, ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობით, ბოლოდან მეორე ადგილზეა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. საქართველოს უსწრებს როგორც მეზობელი სომხეთი, ასევე აზერბაიჯანიც. ამ ვითარების გამოსწორებას რომ თავი დავანებოთ, დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის შექმნა ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაცაა:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივა კატეგორიულად მოითხოვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსათვის დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის ქონას. თუ ქვეყანას არა აქვს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, ის არათუ ევროკავშირის წევრი, ის ვერ გახდება ევროკავშირის კანდიდატობის მსურველი სახელმწიფოც კი. დღეს საქართველო ერთადერთია ევროპაში, რომელსაც არ გააჩნია დეპოზიტების დაზღვევის კანონიც კი.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2004 წელს გამოაცხადა, რომ საბანკო დაწესებულებების მიმართ ნდობის განმტკიცებისა და ფულადი მასის საბანკო არხებში მოქცევის ხელშეწყობისათვის უნდა დაიწყოს მუშაობა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. ეს დეკლარირებული მზაობა განცხადებადვე დარჩა და კანონპროექტი ჯერ არ ქცეულა საკანონმდებლო ორგანოს განხილვის საგნად. ამ სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებას ახლახან თბილისში ვიზიტად მყოფმა ლეშეკ ბალცეროვიჩმაც კი ურჩია.
XS
SM
MD
LG