Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს ცხინვალში ჩატარებული სპეცოპერაცია?


კვირას ცხინვალის ციხიდან თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ ქარქუსოვი და მისი ძმა გაიქცნენ

და მოულოდნელად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. მოგვიანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ ედუარდ კოკოითის პოლიტიკური ოპონენტების გათავისუფლება ქართულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს. სპეცოპერაციამ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გაამყარა მოსაზრება, რომ ოფიციალური თბილისი გეგმიურად ცდილობს ედუარდ კოკოითის ხელისუფლების დასუსტებას და იზოლირებას.

ქართული სპეცსამსახურები თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიას საკმაოდ გაუშინაურდნენ. დაახლოებით ორი თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ძალებმა არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს თებერვლის გორის ტერაქტში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი, რომლებიც ამჟამად თბილისის პირველ იზოლატორში იმყოფებიან. თუმცა ორი დღის წინანდელი სპეცოპერაცია, თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით, გაცილებით მნიშვნელოვანია და, მოვლენებს თუ წინ გავუსწრებთ, იმის თქმაც შეიძლება, რომ მალე ეს ოპერაცია საქართველოს ხელისუფლების მიღწევათა სიაშიც დაიდებს ადგილს. მანამდე კი, სხვადასხვა არაოფიციალური წყაროს ცნობით, ფრაგმენტულად შეიძლება აღვიდგონოთ ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელებული სპეცოპერაციის სურათი. თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ ქარქუსოვი და მისი ძმა იანეკი ედუარდ კოკოითის ყველაზე სერიოზული პოლიტიკური ოპონენტები არიან, თუმცა საპატიმროში ისინი იარაღის უკანონო ტარების მუხლით იხდიდნენ სასჯელს. თუ როგორ დატოვეს ძმება ციხის კედლები, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი თავიანთ მშობლიურ ჯავის რაიონში აღმოჩნდნენ, საიდანაც ისინი ქართულმა სპეცსამსახურმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - მინისტრ ვანო მერაბიშვილის თქმით, “სამშობლოში” - დააბრუნა. ამ სპეცოპერაციის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან სხვა ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. ქართველი სამართალდამცველების ოპერაციის დეტალებს არ იცნობენ არც პარლამენტში მოქმედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდეგნის კომიტეტში. თუმცა კომიტეტის წევრი, კონსერვატორი ზვიად ძიძიგური არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მთავრობას მოქმედებაში მოეყვანოს გეგმა, რომელიც ედუარდ კოკოითის “რეჟიმის სრულ იზოლაციასა და დასუსტებას ისახავს მიზნად.”

ეს სპეცოპერაცია რომ გარკვეულ გეგმაში ეწერება, ამაზე რამდენიმე გარემოება მეტყველებს. თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ ქარქუსოვი და მისი ძმა იანეკი საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერები არიან და გარკვეულ მგრძნობიარე ინფორმაციას ფლობენ ედუარდ კოკოითის ბიზნესისა და კავშირების შესახებ. ძმები წარმოშობით ჯავის რაიონიდან არიან და დიდი გავლენა აქვთ ამ რაიონის მცხოვრებლებზე. ეს კი ოფიციალური თბილისისათვის ბევრს ნიშნავს სტრატეგიული თვალსაზრისით: ჯავის რაიონი ხომ 1992 წლის შემდეგ სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ და კარგად გამაგრებულ რაიონად ითვლება უკონტროლო ავტონომიის ტერიტორიაზე. შესაბამისად, თუკი ამ ყველაზე კარგად დაცულ ტერიტორიაზე ქართული სპეცსამსახურები უკვე დაუბრკოლებლად აღწევენ, ეს ედუარდ კოკოითის გავლენის სერიოზულ შესუსტებაზე მეტყველებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG