Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს


დღეიდან გერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს: პირველად ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში - კანცლერი ქალი. თუმცა, ანგელა მერკელი არა მარტო პირველი ქალია გერმანიის მთავრობის მეთაურის პოსტზე,

არამედ, იმავდროულად, პირველი აღმოსავლეთგერმანელი (ყოფილი გედეერის მოქალაქე) და ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც კანცლერის პოსტზე აურჩევიათ: მერკელი 51 წლისაა. მან უკვე დადო ერთგულების ფიცი, რასაც წინ უსწრებდა კენჭისყრა პარლამენტში.

დღევანდელ კენჭისყრაზე კანცლერად რომ სწორედ ანგელა მერკელს აირჩევდნენ, პრაქტიკულად, ეჭვს არ იწვევდა. და აი, რატომ: დღევანდელ კენჭისყრას გერმანიის პარლამენტში წინ უსწრებდა ხანგრძლივი მოლაპარაკება, რომლის მიზანიც იყო ახალი მთავრობის შექმნა - ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნებმა სექტემბერში უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ არგუნა. საბოლოოდ კოალიცია ორმა უმსხვილესმა პარტიამ შექმნა: ქრისტიან-დემოკრატებმა მერკელის ხელმძღვანელობით, და სოციალ-დემოკრატებმა. ამ ორმა პარტიამ სულ რამდენიმე დღის წინ, 18 ნოემბერს მოაწერა ხელი კოალიციურ ხელშეკრულებას და იქვე მიაღწა ერთსულოვნებას: კანცლერის პოსტს ანგელა მერკელი დაიკავებდა. ეს შეთანხმება შესრულდა პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრით.

[ლამერტის ხმა] “დეპუტატი ანგელა მერკელი კანცლერად არის არჩეული- პირველ კანცლერ ქალად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მას საამისოდ საჭირო უმრავლესობა მიემხრო გერმანიის პარლამენტში”, - ასე აუწყა კოლეგებს ანგელა მერკელის კანცლერად არჩევის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ნორბერტ ლამერტმა.

ლამერტმა ანგელა მერკელი “დოქტორ მერკელად” მოიხსენია - ეს სამეცნიერო ხარისხი მერკელმა ფიზიკოსად მოღვაწეობისას მოიპოვა ჯერ კიდევ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც პროტესტანტი მღვდლის ოჯახში გაიზარდა. რაც შეეხება პოლიტიკურ სარბიელს - მასზე კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ გავიდა 1990 წელს. ის ქრისტიანულ დემოკრატიულ კავშირში გაწევრიანდა და, ამ პარტიის მაშინდელ ლიდერ ჰელმუტ კოლის ყურადღების წყალობით, სწრაფად გაიარა კარიერის საფეხურები. მაგრამ მოგვიანებით თვით კოლს დაუპირისპირდა და იმდენად ძლიერ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომ 2000-ს წელს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე იქნა არჩეული.

ანგელა მერკელის კარიერა მით უფრო საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პოლიტიკოსი ქარიზმატულობით არ გამოირჩევა. ამიტომ “იმიჯმეიკერებს” დიდი სამუშაოს გაწევა მოუხდათ წინასაარჩევნო კამპანიისას საიმისოდ, რომ მერკელი გარეგნულად უფრო საინტერესო, უფრო მიმზიდველი კუთხით წარმოეჩინათ: მას თმის ვარცხნილობა შეუცვალეს, შეიცვალა მისი ტანისამოსის ფერი, შეიცვალა მიმიკა, დისკუსიის მანერაც კი... მერკელი გააახალგაზრდავეს და “გააფერადოვნეს”, წინასაარჩევნო მუსიკალურ ფონად კი ... “როლინგ სტოუნზის” სიმღერა შეურჩიეს, “ენჯი”.

[მუსიკა]
ძნელი სათქმელია, ამ სიმღერას მიუძღვის თუ არა დამსახურება ანგელა მერკელის ბოლო წარმატებაში. მაგრამ ფაქტია, რომ მან ბევრი კონკურენტი დაჯაბნა გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავებით. ახლა ანგელა მერკელს მორიგ წარმატებებზე ზრუნვა მოუწევს: ამოცანები, ახალი კანცლერის წინაშე რომ დგას, იოლი არ არის. მათ შორის - გერმანიაში უმუშევრობის პრობლემა გამოირჩევა.
XS
SM
MD
LG