Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა თბილისელებს ცხოვრებას გაურთულებს


,,ვარდების რევოლუციის” ორი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო 23 ნოემბერს რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი მთელი დღის განმავლობაში

ჩაიკეტება, რის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტს შემოვლით მოუწევს მგზავრების გადაყვანა. კერძოდ, ვაკიდან მთაწმინდის რაიონის მიმართულებით მიმავალმა ტრანსპორტმა გრიბოედოვისა და ჭონქაძის ქუჩები უნდა გაიაროს, ხოლო ორთაჭალიდან მოძრავი ტრანსპორტის მძღოლები სანაპიროთი ისარგებლებენ.

თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობა სადაგ დღეებშიც ჭირს, შესაბამისად, რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გადაკეტვა კიდევ უფრო მეტად გაართულებს ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში მოხვედრის შესაძლებლობას. არადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს პრობლემები ჯერ კიდევ საიუბილეო ღონისძიებების დაწყებამდე შეექმნათ.

[ქალბატონის ხმა] „გზაა გადაკეტილი, სცენას აწყობენ, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.“

[ქალბატონის ხმა] „გადაკეტილია გზა თუ რა ხდება? გადაკეტილია? დაეკეტათ მაგათ სიცოცხლე!“

ეს ადამიანები იძულებულნი არიან ქვეითად გააგრძელონ მოძრაობა. გამოცდილი მძღოლები ამბობენ, რომ საზეიმო დღეებში თბილისელები ისედაც ერიდებიან ტრანსპორტში ასვლას.

[მამაკაცის ხმა] „როდესაც გზა იკეტება, პრობლემა ყოველთვის იქმნება. ახლა იმაზე ვლაპარაკობდით, რომ ხალხი დღესასწაულების დროს ერიდება ქუჩაში გამოსვლას, რომ არ მოხვდეს საცობში. ბევრად ურჩევნიათ ფეხით სიარული.“

თბილისში ტრანსპორტის მოძრაობას ასევე აფერხებს გზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაო, რომელიც, დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის კობა სუბელიანის თქმით, არც 23 ნოემბერს შეჩერდება:

[კობა სუბელიანის ხმა] „ხვალ საპატრულო პოლიცია დაგვეხმარება და დავარეგულირებთ ყველაფერს. ისე, 23 ნოემბერსაც ჩვეულ რეჟიმში ვიმუშავებთ.“

23 ნოემბერს ჩვეულ რეჟიმში ვერ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომლის მარშრუტი სადაგ დღეებში რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანს გადაკვეთს. თბილისის საავტობუსო გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი მაისურაძე განმარტავს:

[გიორგი მაისურაძის ხმა] „რადგან იკეტება რუსთაველის გამზირი, ზევით ვერ ამოვალთ. მთელი დატვირთვა გადავა სანაპიროზე, რომლის გავლითაც ტრანსპორტი გმირთა მოედნამდე მივა და იქიდან ჩვეულებრივი სქემით გააგრძელებს მოძრაობას. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ რომ გავიდეთ სხვა, ვიწრო ქუჩებზე, მაშინ უთუოდ წარმოიქმნება საცობები, ასე რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ სანაპიროს გავლით იმოძრავებს.“


ეს, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ანუ დიდგაბარიტიან ავტობუსებს. მსუბუქი ავტომობილების მფლობელთათვის კი ღია იქნება რუსთაველის გამზირის პარალელური, გრიბოედოვისა და ჭონქაძის, ქუჩები. და კიდევ, 23 ნოემბერს თბილისის ქუჩებში წესრიგის უზრუნველსაყოფად დამატებით პატრულის ასი ეკიპაჟი იმუშავებს, ხოლო ჩვეულ რეჟიმს დედაქალაქი 24 ნოემბრიდან დაუბრუნდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG