Accessibility links

უკლებლივ ყველა ქართული გაზეთი დღეს პირველ გვერდზე ეხმაურება ქაქუცა ჩოლოყაშვილის


უკლებლივ ყველა ქართული გაზეთი დღეს პირველ გვერდზე ეხმაურება ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაკრძალვას მთაწმინდის პანთეონში. პრესა ასევე აქტიურად ეხმაურება ”ვარდების

რევოლუციის” მეორე წლისთავს.

”ქაქუცა ჩოლოყაშვილის გადმოსვენება ქართველებისთვის ზეიმად იქცა და ეს განწყობა მთელი დღის განმავლობაში არ შეცვლილა. მაგრამ როდესაც გაისმა ”მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარესო”, ერთმა მოხუცმა ქალმა ცრემლი ვერ შეიკავა. ”ვინ იცის, შვილო, მაგის დედას ტირილში რამდენი ღამე გაუთენებია. მე დედამისის ნაცვლად ვტირიო”, - ასე ეხმაურება დღეს ”რეზონანსი” ეროვნული გმირის ნეშტის საქართველოში დაკრძალვის ფაქტს.

”რეზონანსშივე” ქვეყნდება პუბლიკაცია, სათაურით ”რატომ გაანაწყენა გურულები და მეგრელები პრეზიდენტმა?” - ”რატომ მოხდა ასე? რას ვერ აპატიებენ ყოფილი აქტივისტები პრეზიდენტს და რატომ გადავიდნენ ოპოზიციაში?” - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს გაზეთი რესპონდენტებთან ერთად. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აქტივისტები, ამჟამად კი ოპოზიციონერი დეპუტატები, ბიძინა გუჯაბიძე და გიგა ბუკია ოპოზიციაში გადასვლის გადამწყვეტ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია არ შეიქმნა. გიორგი ცანავა კი, რომელიც რევოლუციის დღეებში წალენჯიხიდან მომავალ ცნობილ ”წითელ ავტობუსს” მართავდა (ამ ავტობუსით მიხეილ სააკაშვილმაც იმგზავრა მაშინ), დღეს პრეზიდენტის ოპოზიციაშია. გიორგი ცანავა ამბობს: ”ცხადი გახდა, რომ საქართველოში არა დემოკრატიის, არამედ ფსევდოდემოკრატიის შენება მიმდინარეობს. არადა, დემოკრატიის იმიტაცია უფრო საშიშია, ვიდრე დიქტატურა”, - ამბობს ”რეზონანსთან” საუბარში გიორგი ცანავა.

რევოლუციის იუბილეს ასეთი სათაურით ეხმაურება ”ალია”: ”რა დაგეგმა პარლამენტმა რევოლუციის იუბილესთვის და რა მოხდება შემდეგ...”. გაზეთი წერს: ”როგორც ვარაუდობენ, შესაძლოა, პრეზიდენტი პარლამენტში ჰოლანდიური ვარდით ხელში გამოჩნდეს და სხდომათა დარბაზში შეაბიჯოს. თუ ამ მოგონებებს გავყვებით, შესაძლოა, მას ტრიბუნასთან შევარდნაძის მწვანე ჩაიც დაახვედრონ. ისე, იმ მოვლენების მთავარი გმირი თბილისში მაინც არ არის. პირველი მაშინ სხდომათა დარბაზში მაჭავარიანი შევიდა. იმიტომ კი არა, რომ ის სხვებზე უფრო გამბედავი და გულადი იყო ან შევარდნაძის გადაყენება ეჩქარებოდა. უბრალოდ, სააკაშვილმა მაჭავარიანს ხელი მოჰკიდა და შიგნით ძალით შეაგდო”, - წერს ”ალია”.

”პლუსი მეტია თუ მინუსი რევოლუციის მეორე წლისთავზე ხელისუფლების საქმიანობაში”, - ამის გარკვევას შეეცადა ”ხვალინდელი დღე” დეპუტატ ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუში. ბერძენიშვილი ამბობს: ”ჩემთვის ძალიან დიდი და სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან რევოლუციის დღეებზე შთამომავლები. ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორ იცოცხლებს ეს რევოლუცია და მისი იდეები. რევოლუცია საზოგადოების დიდი და სერიოზული გამარჯვება იყო, მაგრამ ეს რევოლუცია არ დასრულებულა და ის ყოველთვის მოხდება, სანამ საზოგადოება არ მიაღწევს იმას, რაც სურდა”, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი ”ხვალინდელ დღესთან” ინტერვიუში.

საიუბილეო და საზეიმო თემების გარდა, დღევანდელ პრესაში ყურადღება ეთმობა უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის საკითხს. ”სასამართლო ხელისუფლებამ ხმა ამოიღო”, - წერს ”24 საათი”. ”დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოყოლილ მოსამართლეს საჯარო განცხადება გაეკეთებინოს. პირველი პრეცედენტი გუშინ შედგა: უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ - დავით სულაქველიძემ, ნინო გვენეტაძემ და მერაბ ტურავამ -ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა”, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”მას შემდეგ, რაც მოსამართლეებმა ღიად გააკეთეს განცხადება მათზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის შესახებ, იუსტიციის საბჭომ სასწრაფოდ დისციპლინარული დევნა დაიწყო და დღეს სწორედ ამ მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს”, - ”გვამცნობს ”24 საათი”. ცნობილია აგრეთვე, რომ უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის წევრების - მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის, დავით სულაქველიძისა და ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლის თამაზ ილიაშვილის - ინტერესებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა დოლიძე, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” თავმჯდომარე ლია მუხაშავრია და ადვოკატი ეკა ბესელია დაიცავენ.
XS
SM
MD
LG