Accessibility links

ქართული არმიიის სიძლიერე - საზეიმო სიტყვასა და რეალობაში


საქართველოს ხელისუფლება ორწლიანი წარმატებული მოღვაწეობის 16 პუნქტიან ჩამონათვალში განსაკუთრებით ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ქართული ჯარის

ჩამოყალიბებაზე ამახვილებს ყურადღებას. და მართლაც, 10 -ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, კეთილმოწყობილი ყაზარმები, კარგი სამოსი, აღჭურვილობა და მაღალი ხელფასები საქართველოს არმიას თითქოს აახლოებს მოწინავე ქვეყნების სამხედრო ძალასთან. მაგრამ არმიის ბრძოლისუნარიანობის რეალური ინდიკატორი იყო ყოველთვის წარმატებული საბრძოლო ოპერაცია, რისი პირველივე გაუბედავი მცდელობა ამ ორი წლის განმავლობაში კრახით დასრულდა. მინდა ქართული არმიის წარუმატებლობის მიზეზებზე გესაუბროთ.


სტერეოტიპი, რომ ქართველი ჯარისკაცი უდისციპლინო და, აქედან გამომდინარე, სუსტი მებრძოლია, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროიდან ჩამოყალიბდა და იგი გარკვეული დროის მანძილზე საზოგადოების ფართო ფენებში ლამის ერთადერთ ჭეშმარიტებად მიაჩნდათ. სამხედრო მარცხმა ხომ სულ მთლად ნაცარი წააყარა ქართველი ჯარისკაცების ცალკეული გმირობის მაგალითებს გუმისთაზე, შრომაში, ცაგერთან, ტამიშთან, ლაბრასთან და თუნდაც სოხუმის ბრძოლების დროს. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ 14 წლის განმავლობაში თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიასა და ლიტერატურაში არავის უცდია იმ პერიოდის ბრძოლების აღწერა, გარდა ჯაბა იოსელიანისა, რომლის “მესამე განზომილება”, აშკარა სუბიექტივიზმის გამო, მაღალი სანდოობით არ გამოირჩევა. არავის უცდია იმის გაანალიზება, თუ რატომ ამჟღავნებენ ქართველი ჯარისკაცები, ვთქვათ, მაღალ დისციპლინას და სამხედრო ცოდნას საქართველოს ფარგლებს გარეთ - კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში, სადაც ქართული კონტინგენტის გააზრებულ მოქმედებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ არც ერთ საერთაშორისო ოპერაციაში ქართველებს ცოცხალი ძალის დანაკარგი არ ჰქონიათ. მაშინ როცა, შარშან ზაფხულში პირველი ორკვირიანი თავდაცვითი სამხედრო ოპერაცია ცხინვალის მისადგომებთან, სულ მცირე, 20 ჯარისკაცის მსხვერპლის ფასად დაუჯდა საქართველოს, ხოლო პოლიციის სპეცრაზმის მთელი პირადი შემადგენლობა უბრძოლველად დაატყვევა ოსთა დივერსიულმა რაზმმა და ცხინვალის ქუჩებში საჯაროდ დააჩოქეს.
ასეთ ურთიერთგამომრიცხავ შედეგს - მარცხს ქვეყნის შიგნით და წარმატებას ქვეყნის გარეთ - არა რაიმე მეტაფიზიკური და ზებუნებრივი, არამედ სრულიად კონკრეტული ახსნა მოეპოვება.
საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართველი ქვედანაყოფები მოქმედებენ უცხო ქვეყნის ერთიანი სამხედრო სარდლობის მითითებით, მკაფიო გეგმით, ნათელი საბრძოლო ამოცანითა და შესაბამისი საბრძოლო უზრუნველყოფით. ცხინვალის ოპერაციის დროს არ არსებობდა სამხედრო ოპერაციის დამგეგმავი ერთიანი შტაბი, გადაწყვეტილებებს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი ღებულობდა სპონტანურად და შემდეგ ტელეფონით ან სატელევიზიო მიმართვით აცნობებდა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მინისტრი გასცემდა ბრძანებას, წინა ხაზზე გადასროლილ ქართველ ჯარისკაცებს კი არ ჰქონდათ ჯავშანჟილეტები, ღამის ხედვის მოწყობილობა, ტყვია-წამლის მარაგი და, რაც მთავარია, არ ჰქონდათ ნათლად დასმული საბრძოლო ამოცანა, რის გარეშეც ყველა ბრძოლა დამარცხებისთვისაა განწირული.

თუ არმიის მართვისა და ორგანიზების ასეთი მძიმე ხარვეზები აღმოიფხვრა, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება ილაპარაკოს ძლიერ და ბრძოლისუნარიან არმიაზე. საერთოდ კი, არმიის ბრძოლისუნარიანობაზე ყველაზე უკეთ მოგებული ბრძოლები ლაპარაკობენ.
XS
SM
MD
LG