Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში გთავაზობთ


"ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში გთავაზობთ

ინტერვიუს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთან, პოლიტოლოგ გჟეგოჟ ეკიერტთან. წარმოშობით პოლონელი ანალიტიკოსი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რეჟიმის ცვლილებას და დემოკრატიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას იკვლევს. გჟეგოჟ ეკიერტს რამდენიმე დღის წინ პრაღაში შევხვდი და რამდენიმე საკითხზე ვესაუბრე. პირველ რიგში, ანალიტიკოსს ევროპის კავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ვკითხე. როგორც აღმოჩნდა, გჟეგოჟ ეკიერტი ევროპის კავშირის წევრობის პერსპექტივას დემოკრატიის განმტკიცების საფუძვლად მიიჩნევს:

[ეკიერტის ხმა] "პირველ რიგში, ჩვენ ის როლი უნდა გავიაზროთ, რომელიც ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი რეჟიმებისთვის შეასრულა. ნებისმიერი ემპირიული მონაცემებიდან აშკარად ჩანს, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც სრული წევრობის პერსპექტივა ჰქონდათ, ყველაზე მეტი წარმატებით შეძლეს დემოკრატიის კონსოლიდაცია. აქ ის რვა ქვეყანა იგულისხმება, რომლებიც დღეს უკვე ევროკავშირის ახალი წევრები არიან. ამდენად, თავისუფლად შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს."

შემდეგი შეკითხვა, რომელიც გჟეგოჟ ეკიერტს დავუსვი, ევროპის კავშირის გაფართოების პერსპექტივას ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ ის გაფართოების ახალ ტალღებს ახლო მომავალში არ მოელის:

[ეკიერტის ხმა] "ამ ეტაპზე მთავარი საკითხი, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, ისაა, თუ რამდენად შეძლებს ევროპის კავშირი კიდევ გაფართოებას. ეს ძალიან რთული საკითხია. ის გაფართოება, რომელიც უკვე განხორციელდა, ძალიან წარმატებული იყო. შიში, რაც ადამიანებს გაფართოებამდე ჰქონდათ – რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში სამუშაოს საძებნად მილიონობით ადამიანი ჩავიდოდა აღმოსავლეთ ევროპიდან, რომ გაიზრდებოდა კრიმინალის შემთხვევები და ასე შემდეგ, არ გამართლდა. ევროკავშირის გაფართოებას არავითარი დიდი პრობლემა არ შეუქმნია. მაგრამ, ამის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ევროპის კავშირი უსასრულოდ გაფართოებას, ალბათ, მაინც ვერ შეძლებს. ამ ეტაპზე განიხილება რუმინეთის, ბულგარეთისა და ხორვატიის გაწევრიანების პერსპექტივა. და, რა თქმა უნდა, თურქეთის საკითხი. მე ნამდვილად არ მგონია, რომ უახლოესი ათი-ოცი წლის განმავლობაში ევროპის კავშირმა ამაზე მეტად გაფართოება სერიოზულად განიხილოს."

გჟეგოჟ ეკიერტს ევროპის კავშირის ახალი სამეზობლო პოლიტიკის შესახებაც ვკითხე. ამ პოლიტიკის შემუშავების მიზეზებს და მის სამომავლო პერსპექტივებს ეკიერტი ასე აფასებს:

[ეკიერტის ხმა] “ევროპის კავშირი ისეთი სტრატეგიის შემუშავებას ცდილობს, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყანასთან მის დაახლოებას და ამ ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებას – ოღონდ სრულფასოვანი წევრობის შეუთავაზებლად. სწორედ ამას ემსახურება ახალი სამეზობლო პოლიტიკა. თუმცა, ალბათ, საკითხავია, რამდენად იმუშავებს სამეზობლო პოლიტიკა ისე, როგორც თავის დროზე წევრობის პერსპექტივამ იმუშავა. ვშიშობ, რომ სამეზობლო პოლიტიკა დემოკრატიის განმტკიცების საქმეში წევრობის პერსპექტივის მსგავს როლს ვერ შეასრულებს. წევრობის პერსპექტივა კანდიდატი ქვეყნების პოლიტიკური ელიტის მობილიზებას იწვევდა დემოკრატიის განმტკიცების საქმეში – საფიქრებელია, რომ სამეზობლო პოლიტიკა ამას ვერ შეძლებს. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ჩეხეთი ან ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, დემოკრატიაზე გადასვლა შედარებით ადვილი იყო. ბევრად რთული და არაერთგვაროვანი ვითარებაა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა, ბელორუსია, აზერბაიჯანი და საქართველო.”

ერთ-ერთი კვლევითი პროექტი, რომელსაც გჟეგოჟ ეკიერტი ჰარვარდის უნივერსიტეტში ახორციელებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სახალხო პროტესტის, ამბოხებული სამოქალაქო საზოგადოებისა და რეჟიმის ცვლილების შედარებითი ანალიზია. ამ კვლევაში საქართველოსა და უკრაინას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი. ინტერვიუს მეორე ნაწილში ეკიერტი გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ აფასებს ამ ქვეყნებში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს გეო-პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტებში. ინტერვიუს ამ ნაწილს რადიო “თავისუფლება” ხვალ შემოგთავაზებთ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG