Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ამნესტი ინტერნეშნელის'' წლიური ანგარიში საქართველოში წამების შესახებ


სამშაბათს და ოთხშაბათს თბილისში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით „ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა;

დემოკრატია და ტრანსფორმაცია.“ მასზე რევოლუციის მონაპოვარსა და შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებმა. ფორუმზე სამშაბათს გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაღალი შეფასება მისცა ადამიანის უფლებების დაცვას რევოლუციისშემდგომი პერიოდის საქართველოში.

[სააკაშვილის ხმა] "ჩვენ აღარ ვცემთ ხალხს. ესეც ერთ-ერთი სტერეოტიპი იყო, რომ საქართველოში ხალხს აწამებენ. დღეს არსებობს "ამნესტი ინტერნეშნელის", "ჰიუმან რაიტს უოჩის" გამოკვლევები, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ საქართველოში აღარ არის წამების არც ერთი ფაქტი. აღარ არის პოლიციაში ცემის არც ერთი ფაქტი. ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ იხუმრა, რომ "ამნესტი ინტერნეშნელის" ეს ბოლო მოხსენება შეგვიძლია შევიტანოთ წითელ წიგნში, იმიტომ, რომ "ამნესტი" ასეთ რამეებს არ წერს და ალბათ ხუმრობს" (სტილი დაცულია).
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, "ამნესტის" სულაც არ ეხუმრება. მართლა რა წერია ადამიანის უფლებების დამცველი ამ ავტორიტეტიანი ორგანიზაციის უკანასკნელ ანგარიშში?

"ამნესტი ინტერნეშნელის" წლიური ანგარიში 23 ნოემბერს გამოქვეყნდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას იგი გამოქვეყნებამდე გაეგზავნა. ამიტომ სავარაუდოა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა იცოდა, რა წერია მასში.

რა წერია ანგარიშში, ყველაზე უკეთ უწყის მისმა ავტორმა ანა სანდერს-პლასმანმა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით ლონდონში, "ამნესტის" სათაო ოფისში.

[სანდერს-პლასმანის ხმა] "ჩვენი გამოკვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ წამება და სასტიკი მოპყრობა ჯერაც პრობლემას წარმოადგენს საქართველოში... გამოკვლევის მიზანი იყო დაგვედგინა, რა არის წამებისა და სასტიკი მოპყრობის მიზეზები და რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ამ პრობლემისთვის ბოლოს მოსაღებად."

"ამნესტი ინეტრნეშნელის" ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პრობლემის მოგვარებას ხელს უშლის ის, რომ დარღვევების შესახებ ინფორმაცია ვერ აღწევს საზოგადოების ყურამდე.

[სანდერს-პლასმანის ხმა] "ჩვენ დავადგინეთ, რომ საქართველოში კვლავაც არ ხდება წამებისა და სასტიკი მოპყრობის მრავალი შემთხვევის გამომზეურება, ვინაიდან მრავალ შემთხვევაში პოლიციის მიერ ხდება დანაშაულის მიჩქმალვა. პატიმრები კი ხშირად ვერ ბედავენ ჩივილს ან დამნაშავეთა დასახელებას, ვინაიდან ეშინიათ, რომ ამას მათთვის არასასურველი შედეგი შეიძლება მოჰყვეს."

მაგრამ დანაშაულის გახმაურების შემთხვევაშიც, პროკურატურა ხშირად მხოლოდ პრესისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ზეწოლის შემდეგ მიმართავს სათანადო ზომებს დამნაშავე პოლიციელების წინააღმდეგ.

კვლავ სააკაშვილის განცხადებას დავუბრუნდეთ. მასთან დაკავშირებით სანდერს-პლასმანისგან სრულიად არაორაზროვანი პასუხი მივიღეთ:

[სანდერს-პლასმანის ხმა] "რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ბევრი შემთხვევა აღმოვაჩინეთ. მათ შორის, დადასტურებულია უკანასკნელ კვირებში მომხდარი შემთხვევებიც. სააკაშვილს უწინაც გაუკეთებია რამდენიმე მსგავსი განცხადება, რაც შემაშფოთებელია, ვინაიდან მიგვაჩინია, რომ კონტრპროდუქციულია იმის უარყოფა, რომ საქართველოში გრძელდება წამება და სასტიკი მოპყრობა. ასეთი განცხადებების შედეგად მსხვერპლმა შეიძლება ხელი ჩაიქნიოს და აღარ იჩივლოს პოლიციის მხრიდან დარღვევების გამო."

ამავე დროს ჩვენთან საუბარში "ამნესტის" ექსპერტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი აღიარებს დარღვევებს, რაც შეცდომების გამოსწორების კარგი საწინდარია. წამებისა და სასტიკი მოპყრობის იგნორირება საქმეს ვერ უშველისო, მიაჩნია მას. სანდერს-პლასმანის თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გარკვეული ზომები წამებისა და სასტიკი მოპყრობის აღკვეთის წინააღმდეგ, მაგრამ, მისი აზრით, ეს საკმარისი არ არის.

"ამნესტი ინერტეშნელის" წლიური ანგარიში საქართველოში სწორედ წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებს ეხება - ანგარიშის სათაურია "საქართველო: წამება და სასტიკი მოპყრობა 'ვარდების რევოლუციის' შემდეგაც შეშფოთებას იწვევს". მაგრამ მასში სხვა დარღვევებზეც არის საუბარი. ესაა, მაგალითად, სასამართლოზე ზეწოლა, მასმედიის თავისუფლების შეზღუდვა, შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეები - განსაკუთრებით ნარკოტიკებთან დაკავშირებით - და სხვა.

წლიური ანგარიშის სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ "ამნესტი ინტერნეშნელის" ვებსაიტზე, რომლის მისამართია www.amnesty.org
XS
SM
MD
LG