Accessibility links

logo-print

რამდენად გულწრფელია ხელისუფლება ბავშვებთან მიმართებაში?


„ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავზე ხელისუფლება შედეგებს აჯამებს და თავს იმ გამარჯვებებით იწონებს, რომელსაც საქართველომ,

პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, 2003 წლის 23 ნოემბრიდან დღემდე მიაღწია.

თვალსაჩინოების მიზნით, მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ გამოსცა ბუკლეტი, რომელშიც თითქმის ყველა გამარჯვებას მოუყარა თავი. ვრცელ ჩამონათვალში საპატიო ადგილი უკავია ბავშვების თემას, უფრო სწორად, იმის მტკიცებას, რომ რევოლუციის შემდეგ საქართველოში მცხოვრები ბავშვები უფრო მეტად დაცულნი, უზრუნველყოფილნი და ბედნიერნი არიან. რამდენად გულწრფელია ხელისუფლება ბავშვებთან მიმართებაში?

ხელისუფლება ყოველ ნაბიჯზე ცდილობს აჩვენოს, რომ ზრუნავს მომავალ თაობაზე: აშენებს და არემონტებს სკოლებს, სპორტულ მოედნებსა და სკვერებს; აწყობს უფასო ექსკურსიებს და საზაფხულო ბანაკებს, რომლებშიც, სახელმწიფოს დაფინანსებით, ათობით ათასი მოზარდი ისვენებს. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი გიორგი არველაძე ამბობს, რომ ყველაფერი, რაც კი ქვეყანაში კეთდება, ბავშვებს ეკუთვნით და მათ კეთილდღეობას ემსახურება:

[გიორგი არველაძის ხმა] „გახსოვთ თქვენ, სათამაშო მოედანი აღარ იყო დარჩენილი საქართველოში. ყველაფერი იყო გადაქცეული ან ავტოსადგომად, ან ბაზრობად. ყველაფერი, რასაც სახელმწიფო აშენებს, არის, რა თქმა უნდა, ბედნიერი ბავშვებისთვის. და ჩვენ ვაკეთებთ კონკრეტულ საქმეს.“

თუმცა ხელისუფლებას ვალში არც ბავშვები რჩებიან. ალბათ, არ მოიძებნება პოლიტიკოსი, რომელიც უარს იტყოდა იმგვარი დადებითი ემოციის მიღებაზე, როგორსაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვები პრეზიდენტის სტუმრობისას გასცემენ:

[ბავშვის ხმა] „მიშა სააკაშვილი მაგარია, იმიტომ რომ რევოლუცია მოახდინა, ხალხს დაეხმარა და ბავშვებთან ფეხბურთს თამაშობს.“

[ისმის შეძახილი] „მიშა! მიშა!..“

თავის მხრივ, პატარებთან ურთიერთობა არც მიხეილ სააკაშვილს უჭირს: მათთან ერთად თამაშობს ფეხბურთს და ხალისობს ახალგახსნილ კარუსელზე. პრეზიდენტი ცდილობს ხაზი გაუსვას იმ გარემოებას, რომ ბავშვებთან - თავისი შვილის თანატოლებთან - უშუალო და გულწრფელია.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ბაკურიანში ვიყავი, ჩემი შვილის მეგობრებთან ერთად შევხვდი ახალ წელს. ბანაკში იყვნენ, ერთ პატარა ოთახში. ღამე მივედი, მივუტანე ორი ყუთი შოკოლადი და როგორც კი გახდა ღამის 12 საათი, ბავშვები დამწკრივდნენ და შეასრულეს საქართველოს ჰიმნი. ბავშვებისთვის ეს არის მათი მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში.“

[ბაშვები ასრულებენ საქართველოს ჰიმნს]

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს, რომ ბავშვები, როგორც წესი, ჰბაძავენ უფროსებს და უპრობლემოდ იღებენ იმას, ვინც საზოგადოების უფროსი წევრების მიერ მეტადაა დაფასებული. და კიდევ:

[ნანა ჩაჩუას ხმა] „ბავშვებს საერთოდ უყვართ გმირი, საერთოდ აქვთ მიდრეკილება, რომ მასზე უფროსი, მასზე დიდი და მნიშვნელოვანი ამა თუ იმ გარემოებით, აქციოს თაყვანისცემის საგნად. ანუ ისწრაფვიან იმისკენ, ვისაც საზოგადოებაში უფრო მეტი წონა აქვს.“(სტილი დაცულია)

თუმცა ხელისუფლებას მხარდამჭერები არც მოზრდილებში, 13-17 წლის ახალგაზრდებში, აკლია. მათ დიდ ნაწილს მოსწონს თავად პრეზიდენტი და მოსწონს ის, რასაც პრეზიდენტი აკეთებს:

[გოგონას ხმა] „ქვეყანაში ბევრი რამე შეიცვალა. ძაან მოგვწონს ჩვენი პრეზიდენტი და ძალიან კმაყოფილნი ვართ მისი მოქმედებით. იმედია მომავალშიც ბევრ კარგს გააკეთებს.“(სტილი დაცულია)

[ყმაწვილის ხმა] „ახალგაზრდაა, ახლებურად აზროვნებს და უფრო ახლოსაა ახალგაზრდებთან, პირადად ჩემს თაობასთან. პიროვნებაც უფრო თავისუფალია.“

მაგრამ საკითხავია, რამდენად თავისუფალნი არიან ეს ახალგაზრდები, როცა პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ნამოქმედარს აფასებენ. ხომ არ უზღუდავს ხელისუფლება არჩევანს მოზარდებს, რომლებიც, ფსიქოლოგთა თქმით, ეგო-იდენტურობის პერიოდში იმყოფებიან. პატრიოტული ბანაკები, სპორტული მოედნები, სკვერები, რაც, უდავოდ, იზიდავს ბავშვებს, ხელისუფლების ინფორმაციული პოლიტიკის წყალობით, ასოცირდება არა სახელმწიფოსთან, არამედ ერთ პიროვნებასთან.

[ნანა ჩაჩუას ხმა] „ამ ასაკის ადამიანი თავის იდენტურობას გარე სამყაროში, გარე ობიექტში ეძებს და ეძებს ისეთს, ვისთანაც საკუთარ თავს გააიგივებს, ანუ იდენტიფიკაციას მოახდენს. ამდენად, თვითონ ადამიანზე, ინდივიდზე ძალად თავმოხვეული საიდენტიფიკაციო ობიექტი, ანუ შენი თავის ასეთნაირი შეთავაზება, ეს არის ახალგაზრდებისთვის არჩევანის წართმევა.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG