Accessibility links

logo-print

უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარება – რევოლუციური ხელისუფლების ერთ-ერთი სიამაყე


ახალი ხელისუფლების მიერ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ განხორციელებული სახელმწიფოებრივი მოვლენები საიუბილეო დღეებში მოსახლეობას დაჯამებული სახით მიეწოდა:

16 გამარჯვებას შორის, აჭარის დაბრუნებისა და გაზრდილი ბიუჯეტის შემდეგ, მესამე ადგილზე უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ამოქმედება დგას. სამედიცინო მომსახურების ეს ფორმა საქართველოში მიმდინარე წლის 1 ივნისიდან მუშაობს. ამ დროიდან გასული არასრული ექვსი თვის განმავლობაში 03–ის მომხმარებელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა.

საქართველოს ხელისუფლებისა და უფასო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი პირების განცხადებებით, 03 დღეს ისეთი გამართული და ტექნიკურად აღჭურვილი სერვისია, როგორც არასდროს თავისი არსებობის მანძილზე. ჩინოვნიკთა ამ შეფასებებს არსებითად იზიარებს მოსახლეობის უმრავლესობაც, განსაკუთრებით მისი სოციალურად შეჭირვებული ნაწილი, ვისთვისაც ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება აქამდე ფუფუნებად ითვლებოდა. გარკვეულწილად, სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ, ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ბინაზე გამოძახების რიცხვი, გასულ წელთან შედარებით, ექვსჯერ და მეტჯერაა გაზრდილი. თბილისში, მაგალითად, დღე–ღამის განმავლობაში საშუალოდ 700 გამოძახება მაინც ხორციელდება.

[მოქალაქის ხმა]“ ძალიან კარგად მუშაობს. მოდიან, ნემსი გჭირდება თუ წამალი, მედიკამენტები, ყველაფერს აკეთებენ. არავითარი ფულის მოთხოვნა.“

უფასო სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ამოქმედება, ხელისუფლების მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილნი არიან არა მარტო რიგითი მოქალაქეები, არამედ თავად ექიმებიც. დედაქალაქში, მაგალითად, სასწრაფოს ექიმის ყოველთვიური ანაზღაურება 400 ლარია, ხოლო რეგიონებში - 300 ლარი. რაც შეეხება მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, უძრავი ქონება, კერძოდ, ოფისები ჯერაც სავალალო მდგომარეობაშია, რასაც ვერ ვიტყვით მოძრავ ქონებაზე. 03–ის ავტოპარკის შესავსებად, ქვეყნის მასშტაბით, საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო. როგორც 03–ის თბილისის სამსახურის მთავარი ექიმი დავით გველესიანი ამბობს, დღეისათვის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ყველა მანქანა და ბრიგადა სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი:

[დავით გველესიანის ხმა]“ აბსოლუტურად ყველა ავტომანქანას აქვს ჟანგბადის სისტემა, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, ყველა მანქანაში არის სუნთქვის აპარატები–ზოგში ავტომატური, ზოგში ხელოვნური, კარდიოგრაფი აქვს ყველა ბრიგადას, ახალი გლუკომეტრებია აბსოლუტურად ყველა ექიმის აღჭურვილობაში, ანუ ნებისმიერ დროს ყველას შეუძლია შაქრის ანალიზის გაკეთება და რაოდენობის დადგენა სისხლში. ესეც სიახლეა.“(სტილი დაცულია)

სიახლეა რეანომობილები, რომელთა რაოდენობამ უკვე სამს მიაღწია და რომელთა დახმარებით ავადმყოფის მართვის სუნთქვაზე გადმოყვანა დედაქალაქში ახლა უკვე ქვეყნის უკიდურესი წერტილიდანაც კი შესაძლებელია. როგორც ბატონი დავითი შენიშნავს, რეანომობილები აქამდე კერძო სტრუქტურებსაც კი არ ჰქონიათ. მომავალი წლიდან მათი რიცხვის 10–მდე გაზრდა იგეგმება. რაც შეეხება წამლით მომარაგებას:

[ზაზა სოფრომაძის ხმა]“შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველა გადაუდებელი დახმარებისათვის რა მედიკამენტიც არის საჭირო, ყველა მედიკამენტით უზრუნველყოფილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. არ არის მაინცდამაინც იაფფასიანი პრეპარატები, გარწმუნებთ. ამის სპეციალური ჩამონათვალი არსებობს. აბსოლუტურად მოგვარებულია ასევე საწვავით უზრუნველყოფის პრობლემაც. და პირიქით, ზოგიერთ რაიონში აღმოჩნდა, რომ ამდენი საწვავი არ სჭირდებათ და, შესაბამისად, სხვა ტიპის ხარჯებში მოხდა საწვავის ხარჯების გადატანა.“


სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორის ზაზა სოფრომაძის ნათქვამს ცალსახად ეთანხმება ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსი მალხაზ ძოწენიძე. თუმცა მიღწევებთან ერთად არის, სულ მცირე, ერთი პრობლემა, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს:

[მალხაზ ძოწენიძის ხმა]“ ძველი თანხები გვაქვს ჩვენ მიუღებელი და ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ ის ძველი თანხები უნდა მივიღოთ. გაუცემელი ხელფასები, რომლებიც იყო დაახლოებით 51 000– 70 000–მდე, ყველა, ახლიან-ძველიანად.“(სტილი დაცულია)

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი სასწრაფო დახმარების დაფინანსების გაზრდასაც ითვალისწინებს. ჯერჯერობით ძნელია იმის განსაზღვრა, ქვეყნის მასშტაბით რა პარამეტრები დაიგეგმება, თუმცა თბილისში 6 მილიონის გაწერას ელიან. რამდენიმე წლის წინ 6 მილიონი ლარი თბილისის ჯანდაცვის ერთიანი ბიუჯეტი იყო.
XS
SM
MD
LG