Accessibility links

logo-print

დღე, რომელმაც ნოემბრის რევოლუციის ვარდების წრთობა დაასრულა

  • ნინო როდონაია

ზუსტად ორი წლის წინ საქართველოში ”ვარდების რევოლუცია” დასრულდა. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პოსტიდან გადადგა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისიდან

გააცილეს, მრავალათასიანი მიტინგის მონაწილენი კი დაიშალნენ. რევოლუციის ორი წლისთავისადმი მიძღვნილი საპარლამენტო ფოტოგამოფენის პერსონაჟთა შორის არ არიან არც შევარდნაძე და არც ივანოვი, რომელთა უკვე საარქივო აუდიოჩანაწერები, რევოლუციის ლიდერთა ასევე საარქივო ხმებთან ერთად, “ვარდების რევოლუციის” ფინალის გასახსენებლად გამოვიყენე.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,გიორგობის დღე საქართველოს უნდა გაუთენდეს თავისუფლების პირობებში. გიორგობის დღე საქართველოსთვის უნდა იყოს გამარჯვების დღესასწაული.” (სტილი დაცულია)

დღესასწაულს რევოლუციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ხალხს ედუარდ შევარდნაძის ოფიციალურად გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე დაჰპირდა. იმ მომენტში საქართველოს უკვე ჰყავდა მოქმედი პრეზიდენტის შემცვლელი. მოგვიანებით ქვეყნის ყველაზე კვალიფიციური იურისტებიც კი აღნიშნავდნენ, რომ საკმაოდ გაუჭირდათ მეტ-ნაკლებად კონსტიტუციის ფარგლებში მოექციათ პროფესიით ასევე იურისტ ნინო ბურჯანაძის მაშინდელი მოქმედება.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იძულებული ვარ პრეზიდენტის ქმედუნარიანობის საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე და ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადის დანიშვნამდე, ჩემს თავზე ავიღო ის ფუნქციები, რომელიც მე კონსტიტუციით მევალება.” (სტილი დაცულია)

რევოლუციის ორი წლისთავთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მოწვეულ სტუმართა შორის არ არის რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. ზუსტად ორი წლის წინ პოლიტიკური კრიზისის გამო თბილისში ჩამოსულმა იგორ ივანოვმა, რომელიც მიტინგის მონაწილეებს თავისი გულის ქართულ ნაწილსა და, საერთოდ, საქართველოს უნიკალურობაზე ესაუბრებოდა, რევოლუციის ლიდერთა მადლობა და აქციის მონაწილეთა ოვაცია დაიმსახურა:

[იგორ ივანოვის ხმა] ,,როდესაც რუსი ხალხი და ქართველი ხალხი ერთადაა, ჩვენ ყველა პრობლემას ვაგვარებთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში პრობლემებია. ჩვენ არ ჩავერევით, თუმცა გვსურს, რომ ეს პრობლემები კონსტიტუციური გზით მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ. რატომ უნდა ასწავლიდნენ საქართველოს? საქართველომ სხვებს თავად უნდა ასწავლოს და ჩვენ ასეთი საქართველოსთვის ერთად ვიბრძოლებთ.”

ედუარდ შევარდნაძესთან ჯერ იგორ ივანოვის, შემდეგ კი ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა პოსტი დატოვა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასაწერი ბევრი აქვს და თავისი შემცვლელის საკითხის გარკვევაც მასმედიას მიანდო:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ,,ჩემი ხალხისათვის არასდროს მიღალატია. ალბათ, ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, ყველაფერი ეს დამთავრდეს მშვიდობიანად და სისხლი არ დაიღვაროს. გადადგომას მიჩვეული ვარ და დიდი ტრაგედია არ იქნება.” - “სად მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო?” – “სახლში.” (სტილი დაცულია)

სახლში პრეზიდენტის წასვლა ღირსეულ, ვაჟკაცურ და სახელმწიფოს ინტერესთა შესაბამის გადაწყვეტილებად შეაფასეს რევოლუციის ლიდერებმა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ,,პატივი უნდა ვცეთ ედუარდ შევარდნაძის ამ გადაწყვეტილებას. მან დააფიქსირა, რომ არსად არ აპირებს წასვლას საქართველოდან.” (სტილი დაცულია)
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედგომებოდეს თავის ქვეყანაში, ჰქონდეს სრულად გარანტირებული უსაფრთხოება, მისი ოჯახი იყოს დაცული. მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა გადადგა ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი და მე ვფიქრობ, რომ ისტორია ამას დააფასებს.” (სტილი დაცულია)

შარშანწინდელი 23 ნოემბერი პრაქტიკულად ბოლო დღე აღმოჩნდა ამჟამინდელი პრეზიდენტის მიერ ექს-პრეზიდენტის კეთილი სიტყვებით მოხსენიების თვალსაზრისით. კრწანისის რეზიდენციიდან პარლამენტთან დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა მიტინგის მონაწილეებს გამარჯვება და ახალი ცხოვრების დაწყება მიულოცა. მას შემდეგ გასული ორი წლის მანძილზე ხელისუფლების აზრით ქვეყანაში მიღწეული თექვსმეტი გამარჯვების აღნიშვნა დღეს დასრულდება.
XS
SM
MD
LG