Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაუპირისპირდნენ მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს


21 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ - ნინო გვენეტაძემ და მერაბ ტურავამ - საოლქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე დავით სულაქველიძესთან ერთად

გამოაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ დისციპლინური დევნა მიმდინარეობს. მოსამართლეების აზრით, დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენჯერმე უარი თქვეს შეკვეთილი გადაწყვეტილებების მიღებაზე. მოსამართლეთა ასეთი დემარში 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მსჯელობის საგნად იქცა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია.

ბოლო დროს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თერთმეტმა მოსამართლემ. მეთორმეტე აღმოჩნდა მოსამართლე თამაზ ილიაშვილი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისგან თავსმოხვეული განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გააპროტესტა და პარლამენტში გამოსვლა მოითხოვა. ამ პროტესტსა და მოთხოვნაზე ნინო ბურჯანაძის რეაქცია ასეთი იყო:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მოსამართლეებს - როგორც უზენაესი სასამართლოს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს - არა აქვთ უფლება პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ - მით უმეტეს, პლენარულ სხდომათა დარბაზში - და ასეთ რეჟიმში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. მე თქვენთან ერთად აღნიშნულ საკითხს დავუბრუნდები და დეტალურად შევისწავლი.”(სტილი დაცულია)

სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ილიაშვილის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლას მოითხოვდნენ საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები - მათ შორის ყველაზე აქტიური იყო კახა კუკავა.

[კახა კუკავას ხმა] ”ეს არის გათვალისწინებული, ეს ნორმა, - როგორც კონსტიტუციით, ასევე პარლამენტის რეგლამენტით, - რომ პარლამენტის მიერ დანიშნულ ან დამტკიცებულ პირს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება.”(სტილი დაცულია)

პარლამენტმა მოსამართლის ამ უფლებას კენჭი უყარა და, ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, უარი განაცხადა სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება მსჯელობის საგნად ექცია. არადა, სისტემაში რომ ყველაფერი რიგზე არ არის და მოსამართლეებზე რომ ზეწოლა ხორციელდება, ეს არაერთხელ უთქვამთ უცხოელ თუ ადგილობრივ ექსპერტებს. ამ ზეწოლის შესახებ სამმა ცნობილმა მოსამართლემ - ნინო გვენეტაძემ, მერაბ ტურავამ და დავით სულაქველიძემ - 21 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მე მერაბ ტურავას ვკითხე, თუ რამ აიძულა მოსამართლისათვის მიუღებელი საჯარო განცხადება გაეკეთებინა.

[მერაბ ტურავას ხმა] ”არ უნდათ სასამართლო ხელისუფლების მწვერვალზე იყვნენ მოსამართლეები, განსაკუთრებით სისხლის სამართლის ხაზით, რომელიც იქნება არაპროგნოზირებადი. ჩვენ სამნი რევოლუციამდეც და რევოლუციის შემდეგაც არც ერთ კომპრომისზე ხელისუფლებასთან არ წავსულვართ, რომ ამით ჩვენი პირადი კეთილდღეობისთვის მიგვეღწია.”(სტილი დაცულია)

ტურავა ამბობს, რომ ასეთი მოსამართლეებისგან სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას პირადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოითხოვს. ვინც ამ მოთხოვნას არ ემორჩილება, მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა იწყებაო, ამბობს უზენაესი სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა:

[მერაბ ტურავას ხმა] ”გააკეთე ასე, წადი აქ, დაწერე განცხადება და ასე შემდეგ, პლუს, პარალელურად, დისციპლინარულ დევნას აღგიძრავენ რაღაც წვრილმანზე. თუ შენ არ წახვალ, უპენსიოდ გაგაგდებ და ასე შემდეგ. ეს არის მთელი მექანიზმი...”(სტილი დაცულია)

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ასეთ ბრალდებებს შემდეგნაირად უპასუხებს:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] ”ისინი ზეწოლად თვლიან იმას, რომ ცვლილებები შევიდა კანონებში და იმ ცვლილებებს, რომელიც მოქმედებს და რომელიც ამოქმედდება მალე, ზეწოლად თვლიან, რაც ჩემთვის სრულებით გაუგებარია.”(სტილი დაცულია)

კოტე კუბლაშვილის ასეთი კომენტარის მიუხედავად, მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებს ადასტურებენ იურიდიული თუ ადამიანის უფლებათდამცველი ორგანიზაციები და დამატებით არგუმენტად მოსამართლეების ნინო გვენეტაძის, მერაბ ტურავასა და დავით სულაქველიძის წინაღმდეგ, დისციპლინური დარღვევების მომიზეზებით, საქმის სასწრაფოდ აღძვრას ასახელებენ.
XS
SM
MD
LG