Accessibility links

რა შედეგები მოიტანა ფინანსურმა ამნისტიამ


“ვარდების რევოლუციის” 2 წლისთავზე საქართველოს ხელისუფლება თავს იწონებს სხვადასხვა სფეროში მიღწეული ”16 გამარჯვებით”. ამ საზეიმო ვითარებაში ყველა ჩინოვნიკი

ერიდება “ვარდების რევოლუციით” ქვეყნის სათავეში მოსული ხელისუფლების მთელ რიგ წარუმატებლობებზე საუბარს. ერთ-ერთი მათგანია ფინანსური ამნისტია. იგი 16 გამარჯვების გვერდით საპატიო ადგილს დაიკავებდა, ყველაფერი ისე რომ წარმართულიყო, როგორც ეს ფინანსური ამნისტიის ავტორებს წარმოედგინათ. რა შედეგები მოიტანა ფინანსურმა ამნისტიამ?

შეგახსენებთ, რომ ფინანსური ამნისტიის იდეით საქართველოს ხელისუფლება “ვარდების რევოლუციიდან” სულ რამდენიმე თვეში, 2004 წლის დასაწყისში, გამოვიდა. თუმცა ამნისტიის კანონმა დაიგვიანა და მისი მომზადება მხოლოდ 2004 წლის ბოლოსთვის მოხერხდა. მიუხედავად ამ დაგვიანებისა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაინც იმედიანად იყო განწყობილი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”თუ ეს ყვალაფერი წავიდა, როგორც არის, ბიზნესმენებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი არიან დაცულნი. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ მათ მივცემთ საშუალებას, ფეხზე დააყენონ საქართველო.

მე ვფიქრობ, რომ ეს დროზე დაიწერება როგორც კანონი და მივყვებით პარლამენტში, რომ პარლამენტმა დროზე მიიღოს საგადასახადო ამნისტია და ხალხმა იგრძნოს, რომ ჩვენ ჩვენს სიტყვას ვასრულებთ.”

ამ სიტყვების შემდეგ ფინანსური ამნისტიის კანონიც დაიწერა და ის საქართველოს პარლამენტმაც დაამტკიცა. მაგრამ ამ კანონის ადრესატებმა, -ბიზნესმენებმა თუ კერძო პირებმა, - რომლებსაც საგადასახადო სამსახურებისგან დამალული ქონება თუ შემოსავლები ჰქონდათ, ვერაფრით იგრძნეს ის, რაზეც პრეზიდენტი ლაპარაკობდა. ეს რომ ასეა, საქართველოს მეწარმეთა გაერთიანების თავმჯდომარის ბონდო ზარნაძის განცხადებიდან ჩანს:

[ბონდო ზარნაძის ხმა] ”როგორც აღმოჩნდა, ყველას ეშინია, რადგან სახელმწიფო ამბობს, რომ, აი, თქვენ აღიარეთ, რა გქონდათ დამალული, მოდით საგადასახადო სამსახურებში, წარმოადგინეთ დეკლარაცია, თქვენი ხელით დაწერეთ ეს სუყველაფერი. ისეთ ფორმას იღებდა, მეწარმეთა 99,99%-მა ამ კანონით არ ისარგებლა.”(სტილი დაცულია)

ფინანსური ამნისტიის კანონის ჩავარდნის შესახებ საუბრობს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ისაკაძე:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”დოკუმენტის ჩავარდნის მიზეზი მარტივია: საბოლოო დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, - არა ის, რითაც მთავრობა შევიდა, - იგი შორს იყო იმ ძირითადი იდეებისგან, რასაც ამნისტია ატარებს; მეორე და უმთავრესი, მან ძალიან დააგვიანა დროში. ანუ 2004 წლის დასაწყისში დეკლარირებულმა იდეამ საბოოლოო ასახვა მხოლოდ წლის ბოლოს პოვა, რამაც საშუალება მისცა მაკონტროლებლებს, ის თანხებიც ამოეღო და, შესაბამისად, ნდობაც დაკარგულიყო საბოლოოდ მეწარმეების მხრიდან და არ მომხდარა პოპულარიზაცია ამ დოკუმენტის.”(სტილი დაცულია)

ასე არ ფიქრობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე, რომელიც იმ ფაქტს, რომ ამნისტიის პროცესმა ხმაურიანი კამპანიის გარეშე ჩაიარა, ბუნებრივს უწოდებს:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ” ბუნებრივია, ადამიანს, რომელიც ახდენს ქონების ლეგალიზებას, არ სჭირდება ზედმეტი ყურადღება, რომ, აი, აგერ, მაგალითად, ლაშა გოცირიძემ მოახდინა მილიონი ლარის ლეგალიზება. ის ცდილობს, რაც შეიძლება წყნარად მოიხადოს ვალი და იყოს ანგარიშვალდებული სახელმწიფოს წინაშე, რომ ბუნებრივად ერიდება მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევას.”(სტილი დაცულია)

მისივე თქმით, ამგვარი კონფიდენციალური პროცედურით რამდენიმე მეწარმემ ისარგებლა, საგადასახადო სამსახურებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა და გაანადგურა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, ამნისტიის კანონით სულ 8 მოქალაქემ ისარგებლა და თავისი დამალული ქონებისა და ფინანსების დეკლარირება მოახდინა, რამაც, თანხობრივად, მხოლოდ 67 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, არ გამართლდა ხელისუფლების მოლოდინი, მისი ვარაუდი, რომ ქვეყნის მოსახლეობა 4-დან 20 მილიონ ლარამდე მოცულობის აქტივებს სააშკარაოზე გამოიტანდა.
XS
SM
MD
LG