Accessibility links

საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა არ ეთმობა


ორიოდე დღის წინ, 22 ნოემბერს, საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი - კერძოდ, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი” - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან

საქართველოს გამოსვლის საკითხზე კონსულტაციების დაწყების ინიციატივით გამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარე (უმრავლესობის სახელით) დათანხმდა თანამეგობრობის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხზე პარლამენტში კოსულტაციების დაწყებას, მაგრამ მეორე დღესვე განმარტა, რომ საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს დამატებითი პრობლემები შეექმნება. ზუსტად ასე ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობის სხვადასხვა წარმომადგენლებიც.მათი განმარტებებიდან აშკარაა, რომ ხელისუფლებას მკვდრადშობილი თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლა არ ეჩქარება.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის საკითხზე საპარლამენტო კონსულტაციების დაწყებაზე შეთანხმებამ რუსი დეპუტატები სერიოზულად გააღიზიანა. პასუხად, მათ ვაჭრობის, მიგრაციისა და სხვა სფეროებში რუსეთ-საქართველოს ორმხრივი შეთანხმებების გადახედვა მოითხოვეს. გაირკვა, რომ თანამეგობრობიდან საქართველოს შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით რუსი პოლიტიკოსების მიერ შექმნილი აჟიოტაჟი უსაფუძვლო იყო. ”დემოკრატიული ფრონტის” მიერ ინიცირებული კონსულტაციები საქართველოს პარლამენტში შედგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლას დაუჭერს მხარს (ისე, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვს). ნება უმრავლესობისაა. უმრავლესობაში კი აღნიშნავენ, რომ მკვდრადშობილ თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნა არ ხიბლავთ, მაგრამ არც თანამეგობრობის დატოვება ეჩქარებათ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის აზრით, თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის დრო ჯერ არ დამდგარა - არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეს არ სურს, იმიტომ რომ საკითხის მოცემულ ეტაპზე გადაწყვეტა ქვეყანას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ” არის სრულებით კონკრეტული საკითხი - შემსუბუქებული სავაჭრო ურთიერთობები დსთ-ს სივრცეში. აქედან გამოსვლა ნიშნავს, რომ ეს იმ წუთში გართულდება.”(სტილი დაცულია)

საქმე მარტო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო გართულებაში არ არის. კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ თანამეგობრობა საქართველოსთვის ჯერ კიდევ საჭიროა აფხაზეთში გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში რუსეთის სხვა ძალით ჩანაცვლების საკითხის გადასაწყვეტად:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”შესაძლოა ჩავანაცვლოთ რუსეთი დსთ-ს რომელიმე სხვა ქვეყნით. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ ეს შეასრულოს მოლდოვამ, აზერბაიჯანმა ან რომელიმე სხვამ და ეს იყოს ჩვენთვის მისაღები. ამ შემთხვევაში დსთ ჩვენ გვჭირდება როგორც საშუალედო საშუალება. ” (სტილი დაცულია)


24 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობის მეთაურთა სამიტში მონაწილოების მისაღებად. მოსკოვში გამგზავრებამდე ზურაბ ნოღაიდელმა ხაზგასმით განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა არ აყენებს თანამეგობრობიდან გამოსვლის საკითხს. მისი განმარტებაც და კოტე გაბაშვილის მიერ ჩვენთან საუბრისას დასახელებული არგუმენტებიც ცხადყოფს, რომ საკითხის გადაწყვეტა არ არის მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე (ვგულისხმობთ ნატოსა და ევროკავშირის სივრცეს), რომლისკენაც მიისწრაფვის საქართველო, შეუთავსებელია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცესთან, ხელისუფლება პროცესის დაჩქარების მომხრე არ არის, თუმცა მისი წარმომადგენლები ეთანხმებიან აზრს, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვება გარდაუვალია.

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ”ჩვენ ამ საკითხს ვერ გავექცევით. რაც უფრო ახლოს მივალთ ნატოსთან, მით უფრო დავშორდებით დსთ-ს. ამიტომ საკითხი დროზე უნდა გადაწყდეს. რაც უფრო მალე გათავისუფლდება საქართველო რაღაც კომპლექსებისა და შეფერხებისგან ევროპისკენ მიმავალ გზაზე, მით უკეთესი იქნება. ”

ეს დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელი ივლიანე ხაინდრავა გახლდათ. ის და მისი თანამოაზრეები წარსულში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანების წინააღმდეგნი იყვნენ, დღეს კი თანამეგობრობიდან საქართველოს რაც შეიძლება სწრაფად გამოსვლას უჭერენ მხარს.
XS
SM
MD
LG