Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მისი შემცვლელის ბრალდება მოულოდნელი აღმოჩნდა


ხუთშაბათს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კატეგორიულად უარყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე,

რომ ორი წლის წინ, ნოემბერში, იმჟამინდელი ოპოზიციის მხარდამჭერთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანება გასცა.
რევოლუციის ლიდერებზე თავდასხმების ორგანიზებასა და ხალხის დაშინებაში მიხეილ სააკაშვილმა თავისი წინამორბედი “ვარდების რევოლუციის” ორი წლისთავთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე დაადანაშაულა. რატომ მიიჩნია საჭიროდ პასუხის გაცემა მისთვის მოულოდნელ ბრალდებაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა?

ზუსტად ორი წლის წინ “ვარდების რევოლუციის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომით ედუარდ შევარდნაძემ ღირსეული, ვაჟკაცური და საქართველოს ინტერესთა შესაბამისი ნაბიჯი გადადგა, ქვეყანას თავიდან სისხლისღვრა ააცილა და რომ ამ გადაწყვეტილებას ისტორია ღირსეულად დააფასებდა. ამ განცხადებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შევარდნაძე რევოლუციის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,საქართველოს მმართველმა რეჟიმმა, საქართველოს წინამორბედმა, ჩემმა წინამორბედმა, ჩემმა პრეზიდენტმა, ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემმა წინამორბედმა გასცა ყველა ბრძანება გახსნილიყო ცეცხლი. მან გასცა ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა ძალა. საქართველოს ყველა კუთხიდან დაძრული ხალხი, რომელიც მოდიოდა თბილისში, შეეჩერებინათ უხეში ძალის გამოყენებით.” (სტილი დაცულია)

ხუთშაბათს რადიო ,,თავისუფლებასთან” ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლისთვის პირადად არ მოუსმენია:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ,,გადმომცეს შინაარსი ბატონ პრეზიდენტის განცხადების. სიმართლე გითხრათ, ეს აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩემთვის. რა არის ყველაზე უფრო საწყენი და გულდასაწყვეტი, რომ არაფერი სიმართლის მსგავსი იმ განცხადებებში არ არის. შეიძლება ვიღაცამ ამბავი მიუტანა, შეიძლება რაღაცა დეზინფორმაციაა, მაგრამ ხელმძღვანელის მოვალეობა ისაა, რომ გაარკვიო, სად არის სწორი ინფორმაცია და სად არ არის სწორი.” (სტილი დაცულია)

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, მას რომ ძალის გამოყენება გადაეწყვიტა, საგანგებო მდგომარეობას არ გააუქმებდა, მით უმეტეს, რომ შეიარაღებულ ძალთა ნაწილი კვლავ ემორჩილებოდა. ექს-პრეზიდენტის მიერ შარშანწინ, ნოემბერში, გაცემულ ბრძანებათა შორის ოთხშაბათს “ვარდების რევოლუციის” ორი წლისთავთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმზე მიხეილ სააკაშვილმა კახეთსა და ქართლში პოლიციის მიერ მანიფესტანტების წინააღმდეგ იარაღის და სამეგრელოში ოპოზიციის მხარდამჭერთა წინააღმდეგ შეიარაღებული კრიმინალების გამოყენება დაასახელა. თავად ედუარდ შევარდნაძისთვის გაუგებარია, თუ რისთვის დასჭირდა საქართველოს პრეზიდენტს ამ შინაარსის განცხადება:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ,,მე ხომ ვიცი, რომ მართალი ვარ. გულშიც არ გამივლია, რომ აი, ძალა გამოვიყენო იმ დემონსტრანტების მიმართ. ეხლა, მე რატომ მივეცი ასეთი რეაქცია? შეიძლებოდა თვალი დამეხუჭა, შეიძლებოდა ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ეს რომ ითქმება, თანაც ორჯერ გაიმეორებ, ხალხის მეხსიერებაში ხომ ჩაეჭედება ეს, რომ აი, თურმე შევარდნაძეს გაუცია განკარგულება ცეცხლი გაეხსნათ დემონსტრანტებისათვის. არ ყოფილა ამის მსგავსი არაფერი და მე არ მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას დარჩეს ყალბი წარმოდგენა.” (სტილი დაცულია)

ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს პირადად მასთან შეეძლო ინფორმაციის შემოწმება, რადგან ისინი ერთმანეთის მტრები არ არიან. ედუარდ შევარდნაძე ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის წარმატებები უხარია და ხელისუფლების სათავეში მის მოსვლამდე განვითარებულ მოვლენებს, ნოემბრის რევოლუციის ჩათვლით, დეტალურად ჰყვება იმ წიგნში, რომელიც მალე გამოიცემა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG