Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ლეიბორისტული პარტია პრეზიდენტს ხშირი უცხოური ვოიაჟების გამო აკრიტიკებს


“ვარდების რევოლუციის” ორი წლისთავის აღსანიშნავი დღეები საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ საგანგებო კვირეულად გამოაცხადა– კვირეული პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი

ხელისუფლების მხილებას ემსახურება. მხილების კვირეულის პირველი თემა რევოლუციური ხელისუფლების 16 გამარჯვებას შეეხებოდა. ლეიბორისტებმა 16 გამარჯვებას მათ მიერ 2 წლის განმავლობაში აღნუსხული 116 დამარცხება დაუპირისპირეს და, შესაბამისად, მოქმედი მთავრობის მიღწევებიც გააცამტვერეს. მხილების კვირის მეორე თემა საქართველოს პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტები და ამ ვიზიტებში დახარჯული თანხებია.

ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გახშირებული ვიზიტები უცხოეთში მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ბიუჯეტს, რომელსაც ჰაერში აორთქლება ემუქრება. არსებული ვითარების გაშარჟებისა და დრამატიზების მიზნით, ლეიბორისტებმა საკონფერენციო დარბაზში სათამაშო გასაბერი თვითმფრინავი „ბოინგ–747“ გამოიტანეს და მეტი დამაჯერებლობისათვის მას საქართველოს პრეზიდენტის ფოტოც მიაწებეს.

[შალვა ნათელაშვილის ხმა]“ აი, უბედური ქვეყნის ბედნიერი პრეზიდენტი. შეხედეთ მის გაცინებულ სახეს. და ამ პრეზიდენტმა უკანასკნელი 10 თვე, ნახევარზე მეტი, გაატარა საზღვარგარეთულ ვოიაჟებში, დროსტარებასა და სკუპ–სკუპში.“

შალვა ნათელაშვილის ხელთ არსებული ინფორმაციით, 10 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა, 2000 თანმხლებ პირთან ერთად, 38 ვიზიტი განახორციელა და 30 მილიონი დოლარი დახარჯა.

[გელა ჩარკვიანის ხმა]“ რასაკვირველია, ყველაფერზე არის ხარჯი და სიარულზეც ხდება ხარჯი, იმიტომ რომ არაფერი არ არის უფასო ამქვეყნად. მაგრამ ჩვენ უნდა ყოველთვის შევადაროთ ის ეფექტი, რომელიც მოაქვს ან შედეგი, რომელიც მოაქვს ამ სიარულს, იმ ხარჯებს და მე გეტყვით, რომ ეს ხარჯები იქნება მინიმალური იმასთან შედარებით, თუ როგორია ამ სიარულის ეფექტი, ყველა თვალსაზრისით - მატერიალური თვალსაზრისით, მორალური თვალსაზრისით, ცნობილობის თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ყველა იმ თვალსაზრისით, რისთვისაც, საერთოდ, მოქმედებენ ხოლმე სახელმწიფოს მეთაურები.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის გელა ჩარკვიანის მოსაზრებას ლეიბორისტები კატეგორიულად არ იზიარებენ და მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების რიცხვის შემცირებას ორიგინალური ხერხებით თავად ცდილობენ:

[შალვა ნათელაშვილის ხმა]“ ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს მიმართა გაეროს წევრი ქვეყნების, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს, - მათ შორის, მონარქებს, - რომ არ მიიწვიონ ეს კაცი საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე უსაქმო ვიზიტებსა და საკუნტრუშო დაწესებულებებში, რადგანაც ხალხი აქ შიმშილით გვეხოცება და შეუძლებელია ყველაფერი იმის ატანა, რაც ხდება სააკაშვილის საჰაერო მოგზაურობების დროს ჩვენი ჯიბისა და ჩვენი ხალხის ხარჯზე.“(სტილი დაცულია)

შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტები ზემოთ აღნიშნულ სახელმწიფოებს ერთ არჩევანს მაინც უტოვებენ – კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტები, უკიდურეს შემთხვევაში, თავად დააფინანსონ.

მხილების კვირეულის მესამე დღე კი ლეიბორისტული პარტიის ოფისიდან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს, სადაც ლეიბორისტთა მიერ საარსებო მინიმუმის გამო აღძრულ საქმეზე მოპასუხედ ფინანსთა მინისტრია დაბარებული.

[გიორგი გუგავას ხმა]“ პირდაპირ წერია საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესის შესახებ საქართველოს კანონში, რომ საარსებო მინიმუმს უნდა შეესაბამებოდეს პენსია, ხელფასი, უმუშევრობის კომპენსაცია, სტიპენდია და სხვა სოციალური შეღავათები, რომელიც გაწეული უნდა იყოს მოქალაქეებისთვის.“

ეს ლეიბორისტთა ერთ–ერთი აქტივისტი გიორგი გუგავაა, რომლის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის აღძვრის მიზეზი ის გახდა, რომ საარსებო მინიმუმის შესახებ კანონი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ვრცელდება და ქვეყნის მოქალაქეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

ამ თემაზე მსჯელობა ხვალ გაგრძელდება, დღეს კი ლეიბორისტები მიხეილ სააკაშვილის პოსტპრეზიდენტობის ხანაში იმზირებიან და გვარწმუნებენ, რომ მისთვის სიცოცხლის ყველაზე ტკბილი მოგონებები იქნება ქვეყნის პრეზიდენტობისას უცხოეთში განხორციელებული მრავალრიცხოვანი ვიზიტები.
XS
SM
MD
LG