Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტის ზონაში ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის საშიშროებაა


ედუარდ კოკოითის გარემოცვა თბილისისგან კონფლიქტის მოწესრიგების სამეტაპიან გეგმას არ იღებს და არ იღებს არც ქართულ-ოსური კონფლიქტის გამოძიების ინიციატივას.

საქართველოს ხელისუფლების სურვილს გამოძიებულ იქნეს, ვინ იყო ჩართული კრიმინალურ მოქმედებებში( როგორც ქართველების, ისე ოსების მხრიდან) კონფლიქტის აგორების დღიდან, კოკოითის პირადი წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძე ავტომანქანით კოსმოსში გაფრენის სურვილს ადარებს. ცხინვალში მიაჩნიათ, რომ კონფლიქტის გამოძიების დრო ჯერ არ მოსულა, კოკოითისა და მისი გარემოცვის ასეთი სიხისტე კი საქართველოს ხელისუფლებისთვის უფრო და უფრო აქტუალურს ხდის მოლაპარაკებათა ფორმატის გაფართოების საკითხის გადაწყვეტას.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან გატაცებული 11 წლის გენო პეტრიაშვილი გათავისუფლებულია, თუმცა გასულ ზაფხულს ცხინვალიდან გატაცებული ქართველების საქმესთან დაკავშირებით გამოკვეთილი ახალი გარემოებები ქმნის ახალ საბაბს კონფლიქტის ზონაში ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვისთვის. ოსური მხარე სწორედ უგზო-უკვლოდ დაკარგული ხაჭაპურიძეების ახლობლებს მიაწერდა რადიონ ჯაგაევის მკვლელობას, ჯაგაევის,რომლის ცხედარიც ამ ცოტა ხნის წინ მდინარე ლიახვში იქნა ნაპოვნი. საყურადღებოა, რომ რადიონ ჯაგაევი იყო შვილი გურამ ჯაგაევისა, რომელიც რამდენიმე ოსთან ერთად ამა წლის მაისში სოფელ თამარაშენთან იქნა მოკლული, ოსებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის ატეხილი სროლის შედეგად. ხაჭაპურიძეები ცხინვალიდან სწორედ ამ შეტაკების შემდეგ გაიტაცეს. ქართველებს შორის კი ტრიალებდა ვერსია, რომ გატაცებაში ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები რადიონ ჯაგაევიც მონაწილეობდა. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ თამარაშენთან მომხდარი ინიციდენტის შემდეგ კონფლიქტის ზონაში შურისძიების ტალღა აგორდა და ამ ტალღამ წმიდა კრიმინალური ქმედებები მოიყოლა. ამას ვერავინ უარყოფს, ვერც ქართველები და ვერც ოსები. გატაცებულების შესახებ საუბრისას მათი წარმომადგენლები ხომ სწორედ კრიმინალებს ახსენებენ, თუმცა კრიმინალების დასადგენად და დასასჯელად ფართომასშტაბიანი ორმხრივი გამოძიების დაწყების მომხრენი არ არიან, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. კონფლიქტის აგორების დღიდან კონფლიქტის ზონაში მომხდარ დანაშაულთა გამოძიების აუცილებლობაზე საქართვერლოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 25 ნოემბერს მოსკოვში ”რია ნოვოსტის” პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა . ”ოსებმაც და ქართველებმაც უნდა გავარკვიოთ, ვინ იყო ჩართული ამ პერიოდში კრიმინალურ მოქმედებებში, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონო,”- თქვა მან. ცხინვალში საქართველოს ხელისუფლების ამ ინიციატივას სასაცილო უწოდეს:


[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] ”ახლა მე რომ გითხრათ, ჩემს მანქანაზე უნდა დავჯდე და გავფრინდე-მეთქი, ხომ სასაცილო იქნება. მაგას ვერ დავიწყებთ, თუ მთელ რიგ შეთანხმებებს ვერ მივაღწევთ. ჯერ შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეები ვერ შერიგებულან. ჩვენ უნდა ვეცადოთ ხაინდრავა და ჩოჩიევი რამენაირად შევარიგოთ ერთმანეთს. ”

ეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის ქართველი წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძე გახლდათ. მან თქვა, ჯერ ხაინდრავა და ჩოჩიევი უნდა შევარიგოთო. ბორის ჩოჩიევი შერეულ საკონტროლო კომისიაში სამხრეთ ოსეთის დელეგაციის თანათავმჯდომარეა. მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადებით, ”სამხრეთ ოსეთი სუვერენული სახელმწიფოა, ქართულ სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არა აქვს და ამიტომ მისი წარმომადგენლები არ აპირებენ განიხილონ მიხეილ სააკაშვილის გეგმა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით.” რას აპირებს ასეთ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება? როგორც ნოღაიდელმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დღის წესრიგში რჩება მოლაპარაკებათა ფორმატის გაფართოება და, ამასთან ერთად, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის მიღწევა:

[ ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ” ამ ტანკებს და ბრონირებულ ტექნიკას ვერ მოისხამდა ხეები, ოსურ სოფლებში ასეთი ხეები არ იზრდება. ტანკები იქ მოხვდა რუსეთიდან და რუსეთმა უნდა გაიტანოს უკან ეს ყველაფერი. ”

ლაპარაკი იყო შეიარაღებაზე, რომელიც ოსურ მხარეს რჩება, თუმცა არსებობს შეთანხმება განიარაღებისა და კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ.
XS
SM
MD
LG