Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრი“ ადგილობრივ ხელისუფლებას თავისუფალი სიტყვის შევიწროებაში ადანაშაულებს


თელავის დამოუკიდებელი ტელევიზია „თანამგზავრი“ 15 წლის წინათ შეიქმნა. მიუხედავად თავისი სტატუსისა, ვარდების რევოლუციამდელ წლებში საზოგადოება მას მედიკო მეზვრიშვილის ტელევიზიად იცნობდა.

თავისუფალი სიტყვის მსახურება ტელევიზიისათვის არც პოსტრევოლუციურ წლებშია მარტივი. „თანამგზავრის“ სრულფასოვნად ფუნქციონირების უმთავრესი ხელის შემშლელი ფაქტორი დამფუძნებლებს შორის არსებული უთანხმოებაა. ამ გარემოებას, ტელევიზიის დირექტორის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ტელეკომპანიის შესავიწროებლად იყენებს და პარტნიორების საქმეში სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს.

„თანამგზავრის“ დამფუძნებლებს შორის წარმოებული დავა აისახა როგორც თაღლითობის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, ისე პარტნიორთა კრებიდან გარიცხული ზურაბ ქუმსიაშვილის წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო საქმეში. ადგილობრივ დონეზე სამართალწარმოება ორივე საქმეზე შეწყვეტილია და მოსარჩელეთა მიერ ზედა ინსტანციაშია გასაჩივრებული. განხეთქილების პროვოცირება ერთმა თითქოსდა უმნიშვნელო მიზეზმა განაპირობა –„თანამგზავრის“ 40 პროცენტის მფლობელმა მარიეტა გრიშიკაშვილმა საარსებოდ ტელევიზიის მოგებიდან ყოველთვიური დივიდენდი მოითხოვა.

[მარიეტა გრიშიკაშვილის ხმა]“რამდენჯერაც მივსულვარ, იმდენჯერ უარით გამომისტუმრა, არ არის შემოსავალი არაფერიო. ბოლოს და ბოლოს, წელიწად-ნახევრის წინ მივიყვანე ბუღალტერი, მივიყვანე იურისტი. აღმოჩნდა ძალიან დიდი სხვაობები, არასწორი საქმის წაყვანა. ისე გამოვიდა, რომ, ბოლოს, აქეთ ჩვენ გვაწვებიან და ხელისუფლება რაიონისა სულ მაგის მხარეს იჭერს. სასამართლოებში სულ ზეწოლის ქვეშ ვიყავით და ყველანაირად.“(სტილი დაცულია)

1 ნოემბრიდან თელავის დამოუკიდებელ ტელეკომპანია „თანამგზავრს“ ფინანსური პოლიცია ამოწმებს. პოლიცია უკანასკნელი წლების მასალებს სწავლობს. როგორც ტელევიზიის დირექტორი ენრი კობახიძე ამბობს, თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა მამაცაშვილი „თანამგზავრისათვის“ ფინანსური არტერიის გადაკეტვას ყველა აკრძალული და დაშვებული საშუალებით ცდილობს. მისი მიზანი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება და მასზე სრული კონტროლის მოპოვებაა. ბრალდებებს თავად მამაცაშვილი აბსურდულს უწოდებს:

[გოჩა მამაცაშვილის ხმა]“ ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ინტერესი არა მაქვს ტელეკომპანიაში. არანაირი სურვილი არა მაქვს კიდევ. ჩემი საქმე მაქვს ძალიან ბევრი და თანადგომა თავისუფალ მედიას ჩემი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, იმიტომ რომ მე ვიყავი ძალიან დიდი ხანი ოპოზიციაში და ვიბრძოდი ამისთვის და ყოველთვის დავიცავ კიდევ. ეს არის შიდა დავა, რომელი ძალების უკანაც გარკვეული ძალები დგანან და მათ უნდათ ამ თემის პოლიტიზება.“(სტილი დაცულია)

„თანამგზავრი“, შეიძლება ითქვას, თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტად სწორედ უკანაკსნელ ხანს აკმაყოფილებს ტელევიზიის მოთხოვნებს. ახალი მენეჯმენტის წყალობით, დღეში 20 წუთის ხანგრძლივობის სამი საინფორმაციო გამოშვება გადის. ამას გარდა, არის მცდელობა, რომ ტელევიზია თელავის რაიონის ფარგლებს გასცდეს და რეგიონული მასშტაბი შეიძინოს. ტელევიზიის დირექტორი ენრი კობახიძე ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ობიექტური ინფორმაციის გავრცელება ხელს არ აძლევს და მისი დამორჩილებისა და გაკონტროლების გზებს ეძებს. მით უფრო, კარს მომდგარი არჩევნების წინ.

[ენრი კობახიძის ხმა]“ პარტნიორებთან ცდილობდა შეთანხმებას, რომ რაღაც წილები მიეცათ მამაცაშვილისთვის, რაზეც უარი მიიღო. მერე იყო თვითონ ჩემთან საუბრის დროს, რომ ტელევიზიას უნდა გაეტარებინა მისი პოლიტიკა, რაზეც ვთქვით უარი. ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლები ტელევიზიაზე. მიმდინარეობს ზეწოლები ასევე რეკლამის დამკვეთებთან. აშინებენ, აშანტაჟებენ ამით რეკლამის დამკვეთებს.“(სტილი დაცულია)

ენრი კობახიძის ინფორმაციით, ფინანსური პოლიცია „თანამგზავრის“ რეკლამის დამკვეთ რამდენიმე საწარმოშიც შევიდა, თავად „თანამგზავრი“ კი უკვე შეუერთდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების იმ გრძელ ჩამონათვალს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც თავისუფალ სიტყვას სერიოზული საფრთხე ემუქრება. „თანამგზავრი“ სამართლის ძიებაშია.

[მარიეტა გრიშიკაშვილის ხმა]“ სიმართლეს ვეძებ მე, არსებობს ეს სიმართლე?“
XS
SM
MD
LG