Accessibility links

1999 წელს გაერომ 25 ნოემბერი


1999 წელს გაერომ 25 ნოემბერი ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მთავრობებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ პრობლემასთან

1999 წელს გაერომ 25 ნოემბერი ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მთავრობებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ პრობლემასთან
ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა. რადიო “თავისუფლება” დღევანდელ დღეს ეხმაურება და ამ პრობლემის შესახებ როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კონტექსტში მოგითხრობთ. თავდაპირველად იმ სურათის შესახებ, რომელიც შექმნილია, ქალების წინააღმდეგ ძალადობის თვალსაზრისით, მსოფლიოს მასშტაბით.

გაეროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში სამიდან ერთ ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია ცემა, იძულებითი სექსი და ფსიქოლოგიური ძალადობა. უმეტეს შემთხვევაში, ძალადობას ქალისთვის ნაცნობი პირი ახორციელებს – ხშირად ეს მისი ქმარი ან ოჯახის რომელიმე სხვა მამაკაცი წევრია.

რაოდენობის თვალსაზრისით, ძალადობა 15-დან 44 წლამდე ასაკის იმდენივე ქალს კლავს და ასახიჩრებს, რამდენსაც ავთვისებიანი სიმსივნე.

ქალები ძალადობისგან დაცულნი არც ერთ ქვეყანაში არ არიან. კამბოჯაში ქალების 16 პროცენტის მიმართ ქმარი ფიზიკურ ძალმომრეობას ეწევა. ბრიტანელი ქალების 30 პროცენტს ფიზიკურ შეურაცხყოფას ახლანდელი ან ყოფილი პარტნიორი აყენებს. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ეს რიცხვი 52 პროცენტს უტოლდება, ნიკარაგუაში - 21-ს, კანადაში - 29-ს, შეერთებულ შტატებში კი - 22-ს. საფრანგეთში ოჯახურ ძალადობას ყოველ ოთხ დღეში ერთი ქალის სიცოცხლე ეწირება.

ორგანიზაცია "Aმნესტყ Iნტერნატიონალ"-ის თანახმად, რუსეთში ქმრისგან ან პარტნიორისგან ყოველდღიურად 36 ათასი ქალი განიცდის ფიზიკურ ძალადობას. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ძალადობა ოთხიდან ერთ რუსულ ოჯახში ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

ამ პრობლემის შესახებ "Aმნესტყ Iნტერნატიონალ"-ის წარმომადგენელმა, სარია რობერტსმა, რადიო “თავისუფლებას” შემდეგი უთხრა:



[რობერტსის ხმა] "კვლევა, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა, ცხადყოფს, რომ ქალების წინააღმდეგ ძალადობა მსოფლიოს ყველა რეგიონში, ყველა ქვეყანაშია გავრცელებული და ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ფორმას წარმოადგენს."

ცხადია, ქალების წინააღმდეგ ძალადობა მხოლოდ ოჯახურ ძალადობას არ გულისხმობს. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2005 წლის 23 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევა იუწყება, რომ ქალებზე ქმრების და პარტნიორების მხრიდან ძალადობა ბევრად უფრო გავრცელებული ფენომენია, ვიდრე უცხო პირებისგან თავდასხმა ან გაუპატიურება.

ოჯახი, ალბათ, მსოფლიოს უმეტესი კულტურებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს წარმოადგენს, სადაც თაობები სოციალურ ნორმებსა და ღირებულებებს ითვისებენ. ამავე დროს, ოჯახის ცნება გამიჯნულია საზოგადოებრივი სფეროდან. ოჯახური კერა იმ პირად, კერძო სივრცეს ქმნის, სადაც ადამიანები "შინ" არიან და სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებს "შინაურული" ცვლის.

ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ ოჯახურ კერაში შეხვედრილ უსამართლობაზე ღიად და მასობრივად მხოლოდ წამდენიმე ათეული წლის წინ ალაპარაკდნენ და ისიც მხოლო რიგ ქვეყნებში. გვიანდელი 60-იანი წლების დასავლელი ფემინისტების ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი – "პირადი პოლიტიკურია" – სწორედ ოჯახში და პირად ცხოვრებაში განცდილი ჩაგვრის საზოგადოებრივ სფეროში გამოტანას და მისი აღმოფხვრის გზების ძიებას ემსახურებოდა.

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ოჯახური ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლამ უკვე ინსტიტუციური ხასიათი მიიღო. 1999 წელს გაერომ 25 ნოემბერი ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. თუმცა, როგორც სიუჟეტის დასაწყისში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებიდანაც ჩანდა, ამ პრობლემასთან ბრძოლაში კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მშრალი სტატისტიკის მიღმა მილიონობით ადამიანის რეალური ტკივილი დგას.
XS
SM
MD
LG