Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23 ნოემბერს, სწორედ იმ დროს, როცა საქართველო


23 ნოემბერს, სწორედ იმ დროს, როცა საქართველო

– ზოგი “გიორგობას”, ზოგი “ვარდების რევოლუციას”, ზოგიც ერთსაც და მეორესაც - ზეიმობდა, როცა რუსეთის დუმის დეპუტატებმა მორიგი ანტიქართული განცხადებებით უპასუხეს დესეთედან საქართველოს გასვლის მომხრეებს, თბილისში ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი ნიკოლაი ბურლიაევი ჩამოვიდა. ბურლიაევი, რომელიც ეგრეთ წოდებული “მართლმადიდებული ფილმების კინოფესტივალის” დირექტორია, საქართველოში ანდრეი ტარკოვსკის “ანდრეი რუბლოვის” განახლებული ვერსიის პრემიერას დაესწრო. კინოს მოყვარულებს ახსოვთ, რომ ნიკოლაი ბურლიაევმა მთავარი როლი შეასრულა ტარკოვსკის “ივანეს ბავშვობაში”, მერე კი – “ანდრეი რუბლოვში”. თუმცა მოგვიანებით ტარკოვსკისა და ნიკოლაი ბურლიაევის გზები გაიყო. ტარკოვსკი – დასავლეთში გაემგზავრა, მისმა ყოფილმა მსახიობმა კი დასავლეთი და გლობალიზაცია – ყველანაირ გარყვნილებაში, “რუსული სულის” გათახსირებაში დაადანაშაულა.

თუმცა საქართველოში ბურლიაევის გამონათქვამები ბევრმა არ იცის - აქ მას ისევ ტარკოვსკის “მუზად” აღიქვამენ და არავის უკვირს, რომ იგი დღეს დიდი რუსი რეჟისორის ფილმის განმეორებით ჩვენებაზე ჩამოვიდა... და რომც იცოდნენ, რა მერე... ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ეკლესიას ენდობა და, ამავე დროს, ქვეყანაში, სადაც იგივე უმრავლესობა გატაცებით უყურებს გადაცემას “ჯეო ბარი”, რასაც ეკლესია, რბილად რომ ვთქვათ, “არ მიესალმება”, სადაც ერთსა და იმავე ჟურნალსა თუ გაზეთში შეგიძლიათ წაიკითხოთ, როგორ უნდა მოიქცეთ თქვენს საყვარელთან ლოგინში და როგორ უნდა დაიცვათ მარხვა, ფასეულობების აღრევა არავის უკვირს. ამ ქვეყნის კულტურა დიდი ხანია კოლაჟად იქცა, ამ ქვეყნის კულტურაში ყველაფრის “დამონტაჟება” შეიძლება – შეიძლება აღმართო ზურაბ წერეთლის ძეგლი და ქანდაკებას “თავისუფლების სიმბოლო” უწოდო, შეიძლება რევოლუციისადმი მიძღვნილ კონცერტზე პროგრამაში ჩართო ლაზერ-შოუ, ხორუმი, რომელსაც ქალები ცეკვავენ, სიმღერა, რომელიც პატრიარქმა დაწერა და სიმღერა კინოფილმიდან “რაიკომის მდივანი” (რეზო ჩხეიძის ფილმს სხვა სათაურიც აქვს: “მშობლიურო, ჩემო მიწავ”... “რაიკომის მდივანი” და “მშობლიურო ჩემო მიწავ” – პირდაპირ “სინონიმებია”, არა?)

[ნატო მეტონიძე]

საქართველოს ჰიმნს თუ არ ჩავთვლით, რომელიც 23 ნოემბერს პაატა ბურჭულაძემ შეასრულა “თავისუფლების მოედანზე” გამართულ კონცერტზე, “ვარდების რევოლუციისადმი” მიძღვნილი სანახაობა სწორედ ამ სევდიანი სიმღერით დაიწყო. მაგრამ მერე თანდათან გავმხიარულდით და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიით დავასრულეთ ეს კონცერტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საზეიმო საღამოს გარკვეული დრამატურგია ჰქონდა. დაახლოებით ისეთი, როგორიც ბეთჰოვენს აქვს – “წყვდიადიდან სინათლისკენ”.

[ბეთჰოვენი. “მეცხრე სიმფონია]

შემთხვევითი არ არის, ალბათ, რომ უძველეს მხატვრულ თუ მითოლოგიურ სახეებზე – წყალსა (შადრევანი) და ცეცხლზე (სალუტები, ლაზერ-შოუ) - აწყობილი სანახაობა ბეთჰოვენის პორტრეტით დასრულდა. ესეც სიმბოლოა, ალბათ... “ვარდების რევოლუცია” ხომ წელს მსოფლიო ისტორიულ მოვლენად წარმოგვიდგინეს. “აქედან დაიწყო ევროპის განთავისუფლებაო” – ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა 23 ნოემბერს.

23 ნოემბერს საერთაშორისო ფორუმის, “ევროპის განთავისუფლების ახალი ტალღის”, დასკვნით სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი ფრიად ორიგინალურ როლში მოგვევლინა. საგანგებოდ დამონტაჟებულ ეკრანზე გვიჩვენეს 2 წლის წინ გადაღებული კადრები – მშვიდობიანი მიტინგის დარბევა ზუგდიდში. მიხეილ სააკაშვილმა სიამოვნებით შეასრულა ამ კადრების კომენტატორის როლი, დაახლოებით ისე, როგორც რეჟისორები აკეთებენ ხოლმე “მასტერ კლასებზე” – უჩვენებენ ახალგაზრდებს თავიანთი ფილმების კადრებს და რეჟისორის ხელობას ასწავლიან. დღეს ასეთ სცენას კვირაში ორჯერ მაინც იხილავთ “ნიკა ქავთარაძის შოუში”, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში. იქ გადაცემის წამყვანი ქართული ესტრადის ვარსკვლავების კლიპებს განიხილავს, - აქ, საერთაშორისო ფორუმზე, პრეზიდენტმა დოკუმენტური კადრების ანალიზს მიმართა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ეს არის ძალადობის კლასიკური მაგალითი, ყველა ელოდა ძალადობას... ერთი წუთით, გააჩერეთ თუ შეიძლება კადრები... მე მინდა გაჩვენოთ ზუგდიდის კადრები, რომელიც შეიძლება არ არის კარგი საყურებელი, რადგან არ ჯდება... ბოლოს ყველაფერი ჰგავდა ძალიან ლამაზ თეატრს.”

ბევრს ეგონა, რომ ეს თეატრი იყოო... ბრძანა პრეზიდენტმა. “ეგონა” და ბევრს დღესაც ჰგონია - მათ შორის, იმასაც, ვინც თავად მიიღო მონაწილეობა რევოლუციაში. ალბათ, იმიტომ რომ ორი წლის განმავლობაში “ლამაზი თეატრი” ქართული პოლიტიკურ-კულტურული სივრცის შემადგენელი ნაწილი გახდა. თეატრში განსაკუთრებული არაფერი შექმნილა. ანდა რა უნდა შექმნილიყო, როცა ხალხს “ლამაზი სანახაობები” ისედაც არ აკლდა.

[ვალერიან შიუკაშვილი. “რევოლუციური ეტიუდი”)

აი, მაგალითად, ეს “რევოლუციური მუსიკა” ავიღოთ, რომელიც 23 ნოემბერს გამართულ კონცერტზე ვალერიან შიუკაშვილმა შეასრულა. საზეიმო სანახაობის რეჟისორმა დავით დოიაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ ეს მუსიკაც კი ქორეოგრაფიულ-პლასტიკური სანახაობით გააფორმა. ზეიმის ორგანიზატორებმა, როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას საფორტეპიანო კომპოზიციის მოსმენა მობეზრდებოდა, ამიტომ რევოლუციური ეტიუდის სცენა ნაჭრების მოფრიალე მოცეკვავე გოგო-ბიჭებით გაავსეს. “პლასტიკური ეტიუდის” შემსრულებლებს ბედმა გაუღიმათ – 23 ნოემბერს თბილისში ქარიანი ამინდი იყო; აფრიალებული ნაჭრები და დროშები შადრევნებსა და სალუტებს, ე.ი. წყალსა და ცეცხლს, ძალიან მოუხდა.

[ქეთი მელუა. მუსიკა დისკიდან]

ძნელი სათქმელია მხოლოდ, რამდენად მოუხდა ამ გრანდიოზულ რევოლუციურ სანახაობას – ჰიმნებით, დროშებით, ბევრი წყლითა და ბევრი ცეცხლით - ეს ახალგაზრდა ქალი – ქეთი მელუა. ინგლისიდან საგანგებოდ დაპატიჟებული მომღერალი, რომელმაც, ჰოი საოცრებავ, ცოცხლად შეასრულა ამ მოედანზე ორი სიმღერა... პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ კონცერტებზე ხომ ჩვენი არტისტები, როგორც წესი, ფონოგრამაზე მღერიან. გამონაკლისი იყო 1989 წლის 9 აპრილი და “ვარდების რევოლუციის” დღეები, როცა აქ ხალხს წვიმის მუსიკოსები ამხნევებდნენ. მას შემდეგ ორი წელი გავიდა – ხელოვნური, დადგმული, მაგრამ ლამაზი, თავისი შადრევნებითა და სალუტებით, ქართულ კულტურულ სივრცეში დამკვიდრა და თითქმის სრულიად განდევნა ცოცხალი, ნაკლებად ორგანიზებული, ნაკლებად ლამაზი, მაგრამ გულწრფელი. ქეთი მელუას ჩამოსვლამ თბილისში და მისი შესრულების სტილმა, ცოტა არ იყოს, დააიმედა ის ხალხი, ვისთვისაც კულტურა არ არის აფრიალებული ნაჭრები, წყალი და ცეცხლი... მაგრამ “კოლაჟის” პრინციპი არც ამჯერად დარღვეულა; სასურველ სტუმრებს შორის დღესასწაულის დღეებში სხვა ხალხიც ვიხილეთ, მაგალითად, ნიკოლაი ბურლიაევი, რომელმაც უკრაინის რევოლუციის დღეებში იუშჩენკოს მომხრეებს მიმართა: შეიგნეთ, ბოლოს და ბოლოს, თქვენ არ სჭირდებით ევროპას, თქვენ რუსეთთან უნდა იყოთო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG