Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფერენდუმი სომხეთში


კვირას სომხეთში გაიმართა სახალხო რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. იმისათვის, რომ ძალაში შევიდეს, ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭიროს

სომხეთის საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის სულ ცოტა ერთმა მესამედმა და კენჭისყრაში მონაწილეთა ორმოცდაათმა პროცენტმა.

მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებული თვალისთვისაც აშკარა იყო, რომ რეფერენდუმზე ცოტა ამომრჩეველი მივიდა, ხელისუფლებამ გამოაცხადად, რომ მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა 64-მა პროცენტმა მიიღო და საკონსტიტუციო ცვლილებებს 93-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ამ მონაცემებს არ ეთანხმება ოპოზიცია, რომელიც რეფერენდუმისთვის ბოიკოტის გამოცხადებას მოითხოვდა.

[მანუკიანის ხმა] "ორი უპრეცედენტო რამ მოხდა კვირას სომხეთში. ორივეს ველოდით, მაგრამ ორივე უპრეცედენტოა. საარჩევნო უბნები არასოდეს ყოფილა ასე გამოცარიელებული... ამასთან, ხელისუფლებამ კენჭისყრის გაყალბებაში უსირცხვილო ცინიზმი გამოავლინა. ასეთ ცინიზმს გასულ წლებში არ მოვსწრებივართ. ჩემის აზრით, ეს ეროვნული, სახელმწიფო მასშტაბის ტყუილია."

ასე ფიქრობს ოპოზიციური ეროვნულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ვაზგენ მანუკიანი.

მაგრამ სერიოზული დარღვევების გამოაშკარავებას არ უნდა ველოდეთ, ვინაიდან კენჭისყრის პროცესზე საერთაშორისო მეთვალყურეთა დასწრება ძალზე დაბალი იყო.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობას არა აქვს უფლება საკონსტიტუციო ცვლილებები გაატაროს, ვინაიდან თვითონ არ არის ლეგიტიმური. ოპოზიციის თანახმად, პრეზიდენტმა ქოჩარიანმა უკანასკნელ არჩევნებში მოტყუებით მიაღწია გამარჯვებას.

მაგრამ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ხალხის მობილიზება. მოსახლეობა პოლიტიკური აპათიის მდგომარეობაშია.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებაში მთავრობას მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. ევროპის კავშირმა, ევროპის საბჭომ და შეერთებულმა შტატებმა მაღალი შეფასება მისცეს ცვლილებებს.

ამ ცვლილებების ძალით, პრეზიდენტის ძალაუფლების ნაწილი გადაეცემა პარლამენტს და მინისტრთა კაბინეტს. გათვალისწინებულია აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება, ადამიანის უფლებების მეტი პატივისცემა. ასევე უცხოეთში მცხოვრებ მილიონობით სომეხს გაუადვილდება სომხეთის მოქალაქეობის მიღება.

როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, რენე ვან დერ ლინდენმა თქვა, სომხეთის ოპოზიციამ ხელსაყრელი მიზეზი ვერ შეარჩია ბოიკოტისთვის.
XS
SM
MD
LG