Accessibility links

logo-print

კანადაში იწყება კონფერენცია გარემოს დაცვის საკითხებზე


ამ კვირაში კანადის ქალაქი მონრეალი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც კლიმატური ცვლილებების თემას ეხება.

ერთ-ერთი მთავარი საკითხია გლობალური დათბობა. გარდა ამისა, კონფერენციაზე შეეცდებიან, გადაწყვეტილება მიიღონ იმის თაობაზე, თუ როგორ განავითარონ კიოტოს ოქმის სახელით ცნობილი ხელშეკრულება.

კონფერენციის ზოგი მონაწილე აცხადებს, რომ უახლეს მონაცემებს გამოიყენებს საიმისოდ, რათა მოუწოდოს შეერთებულ შტატებს, აგრეთვე ზოგიერთ განვითარებად ქვეყანას, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს, რომ უფრო მკაცრ ზომებს მიმართონ გლობალური დათბობის წინააღმდეგ.

2001 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შეერთებული შტატები გამოიყვანა კიოტოს ხელშეკრულებიდან, რომელიც დათბობის გამომწვევი გაზების ემისიის კონტროლს ითვალისწინებს.

მაგრამ მას მერე სულ უფრო მეტად ხდება ნათელი, რომ გლობალურმა დათბობამ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას კაცობრიობას.

სექტემბერში ამერიკელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შემდგომი ასი წლის მანძილზე პოლარული ყინული შეიძლება საერთოდ გაქრეს ხოლმე ზაფხულობით.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, კლიმატური ცვლილებებით უნდა აიხსნას უკანაკნელი 30 წლის განმავლობაში ტროპიკული ქარიშხლების სიმძლავრის გაორმაგება ჩრდილო ატლანტიკასა და წყნარ ოკეანეში.

კიდევ ერთი გამოკვლევის თანახმად, უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში მკვეთრად გიაზარდა მე-4 და მე-5 კატეგორიის გრიგალების სიხშირე.

ამერიკის მეტეოროლოგიის საზოგადოების თანამშრომლის, ბობ კორელის თქმით, პრობლემა ისაა, რომ მსოფლიო ლიდერთა ნაწილს ბოლომდე არა აქვს გაცნობიერებული გლობალური დათბობის საფრთხე.

მაგრამ ყველა არ ეთანხმება ამ მოსაზრებებს. მაგალითად, ვაშინგტონელი ექსპერტის, ბონერ კოენის აზრით, პანიკა გადამეტებულია და გრიგალების რაოდენობის პერიოდულად ზრდა ბუნებრივი მოვლენაა.

შეერთებული შტატების ხელისუფლება ეჭვით უყურებს კიოტოს ოქმს. მას სურს, გაეროს ფარგლებს გარეთ იქნეს ხელმოწერილი ახალი შეთანხმება, რომელიც 2012 წლის შემდგომ პერიოდს შეეხება და განვითარებად ქვეყნებზეც გავრცელდება.

მონრეალის კონფერენცია 12 დღეს გასტანს. მის მუშაობაში 189 ქვეყნის ათი ათასამდე დელეგატი მონაწილეობს. წინასწარ იმის თქმა შეიძლება, რომ სპეციალისტების პროგნოზები პესიმისტურია - არსებულ ვითარებაში ერთობ რთული იქნება გარემოს დაცვის სფეროში რაიმე ახალი შეთანხმების მიღწევა.
XS
SM
MD
LG