Accessibility links

logo-print

უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრირება სავალდებულოა, მაგრამ საჩქარო არ არის


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან უძრავი ქონების რეგისტრაციის წესის გამარტივებას გეგმავს

და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. ამ მოწოდების მიზეზი გახდა სააგენტოში ხელოვნურად შექმნილი გრძელი რიგები. დედაქალაქის სერვის–ცენტრების დეზინფორმაციული შეტყობინებების გამო, ადამიანები ამ რიგებში ბინების ხელახალი პრივატიზებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოსალოდნელი გაძვირების შიშით დგებიან.

პრივატიზებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში გატარება სავალდებულო წესია და ამ წესს ყველა მოქალაქე უნდა დაექვემდებაროს. თუმცა მათ, ვინც რეგისტრაციას 1 იანვრამდე არსებული საპრივატიზაციო ხელშეკრულებების გაუქმებისა და სარეგისტრაციო მოსაკრებლის გაზრდის შიშით ჩქარობს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით ეგიაშვილი საგანგებოდ მიმართავს:

[დავით ეგიაშვილის ხმა]“თუ მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც მოტყუებულია და, უბრალოდ, ამის გამო მოდის, თუ ისინი თავს შეიკავებენ, რა თქმა უნდა, ეს ჩვეულ რეჟიმში ჩადგება. უპირველეს ყოვლისა, პირველი რეაქცია ჩვენი ის გახლავთ, რომ ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ ისინი ნუ იჩქარებენ და არაფერი აქ არ ხდება. პირიქით, მოხდება გაიაფება და არა გაძვირება.“(სტილი დაცულია)

მოქმედი ტარიფებით, სასოფლო სამეურნეო მიწის პირველადი რეგისტრაცია უფასოა, შემდგომი 7 ლარი ღირს, ხოლო ბინების რეგისტრაცია 36 ლარის ოდენობით განისაზღვრება. სახლმმართველობების ნაცვლად შექმნილი სერვის–ცენტრების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლიდან სარეგისტრაციო მოსაკრებელი, უბნების მიხედვით, 300-დან 600 ლარის ფარგლებში იმერყევებს. დღეს სერვის–ცენტრებში გამოსასვლელი დღეა და, ამდენად, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის გარკვევა, რა მიზანს ემსახურება დეზინფორმაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კი ამ კითხვაზე რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვთ.

[დავით ეგიაშვილის ხმა]“ ძირითადად, ეს ემსახურება იმას, რომ ამ შემთხვევაში სახლმმართველობები გვევლინებიან ჩვენ ერთგვარად დოკუმენტების მომწესრიგებლად თითქოს და ისინი ეხმარებიან მოქალაქეებს ადვილად განახორციელონ ეს პროცედურები. უფრო ღრმადაც შეგვიძლია წავიდეთ და პოლიტიკურ ასპექტზეც ვისაუბროთ: თუ საზოგადოებაში გავრცელდება აზრი, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ერთი მხრივ, პრივატიზაციის პროცესი, მეორე მხრივ, შეთანხმება, რომ ვთქვათ, რეგისტრაციის პროცედურა რა ღირს, ეს ირღვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნდობის ხარისხმა უნდა დაიწიოს ქვემოთ სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების.“(სტილი დაცულია)

ასე ფიქრობს სააგენტოს უფროსი. თუმცა, თუ ამ აფიორის პოლიტიკური ასპექტი მაინც სუბიექტური მოსაზრებაა, სერვის–ცენტრების, სამაკლერო კომპანიებისა და სხვა საშუამავლო ორგანიზაციების მატერიალური დაინტერესების მამხილებელი ფაქტები რეალობაა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ შუამავლები ბინის მეპატრონისგან რეგისტრაციის საბუთების მოსამზადებლად 500 ლარამდე ოდენობის ფულად ჰონორარს ითხოვდნენ. არაოფიციალურად, ცხადია. უახლოეს ხანში საქმე საჯარო რეესტრის სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს გასცდება და სამართალდამცავთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება.მაგრამ ვინაიდან მოსახლეობის დეზინფორმირებას, უდავოდ, ორგანიზებული სახე აქვს, იმის დაშვებაც შეიძლება, რომ სერვის–ცენტრები ბინის მეპატრონეთა დაშინებას და დაჩქარებას კომუნალური გადასახადების ამოღების მიზნით ეწეოდნენ. მით უფრო, რომ ამგვარ პრაქტიკას სერვის–ცენტრების წინამორბედი სახლმმართველობები სისტემატურად მიმართავდნენ ხოლმე. საინფორმაციო ფურცელზე, მაგალითად, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საილუსტრაციოდ გაავრცელა, ბინის რეგისტრაციის 1 იანვრამდე მოსწრების მსურველებს სერვის–ცენტრი დასაკვალიანებლად სწორედ თავის ოფისში იწვევს.




XS
SM
MD
LG