Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის უფლებებს დაიცავს შრომის კანონთა ახალი კოდექსი


ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს

მთავრობა აპირებს შრომის კოდექსის ლიბერალიზაციას და ამ მიზნით მზადდება მთელი რიგი ცვლილებები, რომელთა წყალობითაც, მეწარმისთვის საქმის ლეგალურად კეთება შედარებით ადვილი იქნება. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ შრომის ახალი კოდექსის დამტკიცების შემდეგ მეტი ადამიანის დასაქმება მოხერხდება. შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ, მართლაც, მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა დიდი ნაწილი მიუღებელი აღმოჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე ექსპერტებისთვის. ვის უფლებებს დაიცავს შრომის ახალი კოდექსი?
ქართველ მოხელეებს არასოდეს უჭირდათ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისათვის გვერდის აქცევა. ბატონი რეზო, რომელიც მე ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე გავიცანი, ამბობს, რომ საქართველოში კანონი ყველასათვის როდი კანონობს.
[ბატონ რეზოს ხმა] „გულდასაწყვეტი ის არის, რომ სხვა, ვისაც პატრონი ჰყავდა, არ დაითხოვეს, ისინი კვლავ აგრძელებენ მუშაობას. დამსახურების მიხედვით ნამდვილად არ მომხდარა შერჩევა.“
ბატონი რეზო ხანდაზმულობის გამო სამსახურიდან შრომის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაითხოვეს. მიხეილ სააკაშვილმა შრომის მოქმედ კოდექსს, ანუ იმ კანონს, რომლის საფუძველზეც ბატონი რეზო გაათავისუფლეს, სოციალისტურ-კომუნისტური დროის გადმონაშთი უწოდა, მთავრობას კი შრომის კანონთა კოდექსის შეცვლა, უფრო ზუსტად კი, გამარტივება დაავალა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ გვჭირდება ისეთი შრომის კოდექსი, რომელიც შეესაბამება იმ ეკონომიკურ წყობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, სადაც ადვილი არის სამუშაო ძალის მობილურობის შექმნა, ადვილი არის ახალი ხალხის აყვანა, ადვილი არის ახალი საწარმოს გახსნა ან დახურვა და სხვაგან გადატანა. ერთი სიტყვით, ადვილი არის მეწარმისთვის ლეგალურად საქმის კეთება.“
შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ პრეზიდენტის დავალება შესაშური ოპერატიულობით შეასრულა. პარლამენტის დეპუტატები უკვე შრომის კანონთა ახალი კოდექსის ავკარგიანობაზე მსჯელობენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი განმარტავს:
[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „პრეზიდენტისგან არის საკმაოდ მკაფიო გზავნილი, რომ შრომის კანონმდებლობა იყოს ლიბერალური, შრომის კანონმდებლობამ უნდა წაახალისოს მეწარმეობის განვითარება. კომიტეტშიც ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, მთავრობასაც აქვს წარმოდგენილი პროექტი. ასე რომ, უახლოესი კვირების განმავლობაში პარლამენტს ექნება შეჯერებული ვარიანტი.“
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ახლავე ტეხენ განგაშს. კერძოდ, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გიგა გიორგაძე ამბობს, რომ კანონპროექტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ შრომის უფლებას:
[გიგა გიორგაძის ხმა] „ამ ცვლილებებით, სამუშაო საათები იზრდება კვირაში 41 საათიდან 48 საათამდე. შვებულება წელიწადში 24 დღიდან მცირდება 15 დღემდე. თუ რომელიმე მუშაკი ავადმყოფობის გამო ერთ თვეზე მეტ ხანს გააცდენს სამსახურს, ადმინისტრაციას შეუძლია გაუფრთხილებლად დაითხოვოს. ასევე არანაირი სოციალური გარანტია არ არის ჩადებული მშობიარეებსა და ორსულებზე.“
გიგა გიორგაძის თქმით, არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში, შრომის კოდექსის ახალი კანონი, გარდა იმისა, რომ საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დააყენებს, ასევე ხელს შეუწყობს ისედაც იაფი მუშახელის კიდევ უფრო მეტად გაიაფებას.
[გიგა გიორგაძის ხმა] „უფრო მეტს ამუშავებ, ნაკლები შვებულებაა, შესაბამისად, იაფი მუშახელის გაჩენას უწყობ ხელს. ამით იყო განპირობებული ასეთი ცვლილებები, თუკი უფრო გაიაფდება მუშახელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ინვესტიციების მოზიდვის ფასად, აყენებენ მონური შრომის პირობებში.“
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ცდას არ დააკლებენ, რათა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ მეწარმის ინტერესებს იცავს, კანონად არ იქცეს. ამისათვის ისინი, პროფესიული კავშირების დახმარებით, აქტიური საპროტესტო მოძრაობის წამოწყებას აპირებენ.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG