Accessibility links

logo-print

მაია პლისეცკაია - 80


გასულ კვირას მოსკოვში მაია პლისეცკაიას იუბილე იზეიმეს.

მეოცე საუკუნის ლეგენდარული მოცეკვავის 80 წლისთავის აღნიშვნა ჯერ ლიტვაში დაიწყეს, მერე იაპონიაში. მოსკოვის შემდეგ პლისეცკაიას ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში ელიან. ”თვითმფრინავები არ მიყვარს, მაგრამ ფრენაზე ჭკუას ვკარგავო”, - ამბობს პლისეცკაია და აპირებს თავად მიიღოს მონაწილეობა ამ საიუბილეო საღამოებში. არ არის გამორიცხული, რომელიმე ამ კონცერტზე უბერებელმა მოცეკვავემ კიდევ ერთხელ მოხიბლოს თავისი თაყვანისმცემელი განუმეორებელი ნახტომით, ეგრეთ წოდებული ”ჟეტეთი”, ანუ ისევ იფრინოს სცენაზე.

[მუსიკა. ”კარმენი”]

მაია პლისეცკაია კვლავ ფორმაშია. ”ფორმაშია”, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. ჯერ კიდევ 30 წლის წინ აღნიშნა პიერ კარდენმა, ფორმის ასეთი გრძნობა მსოფლიოში არც ერთ ქალს არა აქვსო. კარდენმა არა პლისეცკაია-ბალერინა, არამედ პლისეცკაია-პიროვნება იგულისხმა. თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ მაია პლისეცკაიას შემოქმედება ერთ-ერთი იშვიათი მოვლენაა ქორეოგრაფიის ისტორიაში - როცა ბალერინა თავის თავს არც სცენაზე ღალატობს. როცა პიროვნება ხარ, როცა თავისუფალი ხარ, ვერანაირი ”პერსონაჟი” ვერ შეძლებს შენს შეცვლას, ქორეოგრაფები ასე ადვილად ვერ მოახერხებენ შენს მანიპულაციას, ხელისუფლება, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს, ვერა და ვერ დაგიმორჩილებს.

თუმცა პერსონაჟებსაც გააჩნია - მაია პლისეცკაია მშვენივრად ახერხებდა თავად აერჩია როლები. მას თითქმის არასდროს განუსახიერებია ინფანტილური პერსონაჟები. ჯერ კიდევ 1942 წელს, როცა 17 წლის გოგონამ ფოკინის ”მომაკვდავი გედი” წარმოადგინა, 3 წლის შემდეგ, როცა ”კონკიაში” იცეკვა, პლისეცკაია სცენაზე ქალს და არა თავქარიან, მხიარულ გოგონას განასახიერებდა. შეიძლება ამიტომაც არ ბერდება იგი. აი, ჩავიდა მოსკოვში, სადაც ერთი კვირის წინ მისი იუბილე აღნიშნეს და პრესკონფერენციაზე განაცხადა, ”კარმენს” დღესაც ადვილად ვიცეკვებდიო:

[მაია პლისეცკაიას ხმა] ”ერთ რაღაცას გეტყვით - ”კარმენი” დღესაც შემიძლია გაჩვენოთ. ამას წინათ იაპონიაში ვუჩვენე, ესპანეთში, მაგრამ აქ ალონსო ჩამოვიდა. იგი კი ”კარმენის” მინიმუმ ათი განსხვავებული ვარიანტის ავტორია. ჩამოვიდა და ახლა მეთერთმეტე ვარიანტს აჩვენებს.”

მეთერთმეტე ვარიანტი უჩვენეს. ”მეთერთმეტე ვარიანტი”, ოღონდ პლისეცკაიას გარეშე. ამბობენ, რომ წარმოდგენამ არ ივარგა - თავისუფალი ადამიანის თავისუფლება იმაშიც გამოიხატება, რომ მას ვერ მიბაძავ, ”ვერ გაამრავლებ”.

[მაია პლისეცკაიას ხმა] ”კარმენში”, მართლაც, აქვს მნიშვნელობა, თუ რატომ ხარ სცენაზე, რას ნიშნავს ესა თუ ის ჟესტი, ფეხი, მზერა, საქციელი. ამაზეა ეს სპექტაკლი.”

[მუსიკა. ”კარმენი”]

მაგრამ ”კარმენი” და ყველაფერი ის, რაც მაია პლისეცკაიამ ”კარმენამდე” გააკეთა დიდ თეატრში, ლეგენდარულ მოცეკვავეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. პლისეცკაიას, როგორც ”ხალხის მტრის” შვილს, საბჭოთა ხელისუფლება მისი დებიუტის შემდეგ დაუპირისპირდა. თავის წიგნში დიდი ბალერინა აღნიშნავს, რომ ბალეტის სამყაროში ერთადერთი ადამიანი, ვინც 40-იან, 50-იან წლებში მხარში ამოუდგა, ვახტანგ ჭაბუკიანი იყო. პლისეცკაია წერს, რომ ჭაბუკიანის ”მთების გული” პირველი ნამდვილი თანამედროვე ბალეტი იყო საბჭოთა ქორეოგრაფიის ისტორიაში და რომ ჭაბუკიანმა მას თბილისში მუშაობა შესთავაზა მაშინ, როცა დიდ თეატრში, ფაქტობრივად, არ აცეკვებდნენ:

[მაია პლისეცკაიას ხმა] ”არის დირიჟორი, არის კომპოზიტორი, არის ქორეოგრაფი. ისინი აგებენ პასუხს სპექტაკლზე, მაგრამ დიდ თეატრში - საერთოდ, საბჭოთა კავშირში - ყველაფერი პირიქით იყო. აუცილებელი იყო, რომ ვინმეს რაღაცის ნებართვა გაეცა. ყველანი ლოჟაში ისხდნენ, კაგებეს აგენტები, რომლებიც არ აძლევდნენ ხალხს აპლოდისმენტების უფლებას.”

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მაია პლისეცკაიას მხარში ამოუდგა, მისი ცხოვრების მეგზური გახდა და სპეციალურად პლისეცკაიასთვის შექმნა ”კარმენი”, ”ანა კარენინა”, ”თოლია”... პლისეცკაიასგან განსხვავებით, როდიონ შჩედრინი, ასე თუ ისე, ყოველთვის აგვარებდა ურთიერთობას კრემლთან. მან მაშინაც შეძლო დიდი თეატრის პრიმა-ბალერინას რეაბილიტაცია, როცა ხრუშჩოვის ეპოქის კულტურის მინისტრმა ფურცევამ მაია პლისეცკაიას ”საბჭოთა ბალეტის მოღალატე” უწოდა:

[მაია პლისეცკაიას ხმა] ”ჩემ წინააღმდეგ ყოველთვის ინტრიგებს ქმნიდნენ - ამიკრძალეს ”კარმენი”, ამიკრძალეს ”ანა კარენინა”, ”ბოლერო”, ამიკრძალეს საზღვარგარეთ მოგზაურობა. იგი ყველაფერში მეხმარებოდა - თავისი ერთგულებით, თავისი კრისტალური სისუფთავით.”

კრემლი ”კარმენში” განსაკუთრებით იმ სცენამ შეაშფოთა, როცა პლისეცკაია ტორეადორის ფეხებს შეეხო. ცენზურამ ამ სცენის აკრძალვა მოითხოვა, პორნოგრაფიად მონათლა. პირველი სპექტაკლის შემდეგ ”კარმენი” აკრძალეს, მაგრამ მოგვიანებით გაიხსენეს, რომ ალონსო კუბელია და ფიდელ კასტროსთან ურთიერთობის გაფუჭება არ ივარგებს. გარდა ამისა, პლისეცკაია მაშინვე დათანხმდა ეცეკვა საბჭოთა ჯარისკაცებისთვის საბარგო მანქანაზე მოწყობილ სცენაზე სენ-სანსის ”მომაკვდავი გედი”. ”გედმა” გადაარჩინა ”კარმენი”, მაგრამ დაუმორჩილებელი ბალერინა ამით არ დაკმაყოფილდა.

[მუსიკა. ”მომაკვდავი გედი”]


”კარმენის” სკანდალს მოჰყვა ახალი - ”ვარდის სიკვდილი”, გუსტავ მალერის მეხუთე სიმფონიის მიხედვით დადგმული ქორეოგრაფიული მინიატურა. როლან პეტის ამ ბალეტში სამი განსხვავებული წყვილი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი - ”ქალი და მამაკაცი”, ”ორი მამაკაცი” და ”ორი ქალი”. პლისეცკაიას ახალი სკანდალი ელოდა, მაგრამ ამჯერად საქმეში ლუი არაგონი ჩაერია და ბალერინა ისევ გადარჩა.

ლუი არაგონი ლენინის ორდენის ლაურეატი იყო, მის აზრს კრემლში ყოველთვის ითვალისწინებდნენ. მაგრამ როცა პლისეცკაიას შემოქმედებით მორის ბეჟარი დაინტერესდა, კულტურის ჩინოვნიკებმა კრემლში ბალერინას სასტიკი უარი უთხრეს ბეჟართან თანამშრომლობაზე:

[მორის ბეჟარის ხმა] ”არავის ჰქონდა ისეთი მკლავები, როგორიც მაიას. მკლავებით შეგვეძლო დაგვენახა არა მარტო გედი, არამედ ტბაც დაგვენახა, წყალი დაგვენახა. ამიტომ ყოველთვის ვოცნებობდი მაიასთან მუშაობაზე. მას თავის დაბადების დღეზე ჰკითხეს თურმე, რას ისურვებდით ახლაო. მაიას უთქვამს - ბეჟართან ”ბოლეროზე” მუშაობასო.”

აკადემიკოს კაპიცას ”ბოლეროზე” უთქვამს, შუა საუკუნეებში ამის გამო პლისეცკაიას კოცონზე დაწვავდნენო. მაგრამ ყველა სპექტაკლზე ”ბალეტის ჯადოქარი” ისე აჯადოებდა არა მარტო თავის თაყვანისმცემელს, არამედ იმასაც, ვინც პლისეცკაიას წარმოდგენებზე დასასტვენად იყო გამოგზავნილი, რომ კრემლმა ვერც ბეჟარს გაუწია წინააღმდეგობა:

[მორის ბეჟარის ხმა] ”იმხანად საბჭოთა კავშირში მე პერსონა ნონ-გრატა ვიყავი. ერთმა ჩემმა მეგობარმა პრესკონფერენციაზე ჰკითხა მადამ ფურცევას, რატომ არ გინდათ ბეჟარიო, ფურცევას უპასუხია, ბეჟარი - სექსი და ღმერთია, ჩვენში კი არც სექსია მიღებული და არც ღმერთიო.”

[გუსტავ მალერი, ”ადაჟიეტო”]

1985 წელს მაია პლისეცკაია სოციალისტური შრომის გმირის ორდენით დააჯილდოვეს. გორბაჩოვს ”პერესტროიკა” ჯერ დაწყებული არ ჰქონდა, მაგრამ დაუმორჩილებელი ბალერინის აღიარება ხალხმა ახალი ეპოქის მანიშნებლად აღიქვა. პლისეცკაიას ძველ პარტნიორს, საფრანგეთში გადახვეწილ რუდოლფ ნურიევს, უთქვამს მაშინ, ეტყობა, მისმა კარმენმა კომუნისტებსაც ადამიანობა გაუღვიძაო.
XS
SM
MD
LG