Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ლტოლვილთა და დევნილთა პრობლემებისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო


28 ნოემბერს კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება CRINGO-მ დაიწყო სპეციალურ ღონისძიებათა კვირეული, რომელიც მიზნად ისახავს ლტოლვილთა და

დევნილთა პრობლემების აქტუალიზებას. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით გაიმართება შეხვედრები, მრგვალი მაგიდები, რომელზეც სხვა პრობლემებთან ერთად განსახლების, პრივატიზაციის პროცესში დევნილების მონაწილეობისა და მათი ქონებრივი მდგომარეობის საკითხებიც განიხილება. რა პრობლემებს აწყდებიან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოქალაქეები ქონებრივი თუ განსახლების საკითხების გადაწყვეტისას?

რადიომსმენელს ემახსოვრება, რა პრობლემები მოჰყვა სასტუმრო “ივერიის” პრივატიზებას და იქიდან დევნილების გამოსახლებას. შეგახსენებთ, რომ ინვესტორი კომპანია იძულებული გახდა სასტუმროში განსახლებული დევნილებისთვის თითოეულ ოთახში 7 ათასი აშშ დოლარი გადაეხადა,თუმცა ამ პირობაზე დევნილების დაყოლიება არცთუ იოლი საქმე აღმოჩნდა. იგივე მოხდა სასტუმრო ”აჭარის” შემთხვევაშიც. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს დევნილთა განსახლების თუ სოციალური პოლიტიკის უქონლობის შედეგია. მე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს გიორგი ხევიშვილს ვკითხე, იღებენ თუ არა ის ლტოლვილები 14 ლარიან სოციალურ დახმარებას, ვისაც, კომპენსაციის სახით, 7 ათასი დოლარი ერგო.

[გია ხევიაშვილის ხმა] ”ვინც მიიღო კომპენსაცია, ისევ იღებენ დახმარებას, მაგრამ, წესით, არ უნდა მიიღონ. ჩემი აზრია ეგეთი, მაგრამ ჯერჯერობით იღებენ. გვინდა, რომ კლასიფიკაცია გავაკეთოთ დევნილების, რათა ვისაც არ უჭირს, იმან დახმარება არ მიიღოს და იმას, ვისაც უჭირს, მან ნორმალური დახმარება მიიღოს.”(სტილი დაცულია)

დევნილის სტატუსის მქონე ყველა პირისთვის - ასეთი კი დაახლოებით 248 ათასია - 11 ან 14 ლარიანი დახმარების გაცემას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს. ამ უფლების გარდა, დევნილებმა თითქმის არაფერი იციან თავიანთ სხვა უფლებებსა და შეღავათებზე. ასეთი სურათი აჩვენა კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის ”კრინგოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ.

ეს ქსელი 75 ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის 14 საქართველოდანაა.

ამ გაერთიანების ერთ-ერთი წევრი ორგანიზაციის, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, წარმომადგენლის ლალი ჩხეტიას განცხადებით, დევნილთა მძიმე სოციალურ მდგომარეობას მათი ქონებრივი უუფლებობაც განაპირობებს:

[ლალი ჩხეტიას ხმა] ”აუცილებელია სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს პოლიტიკა და მიდგომა, რას აკეთებს ამ ხალხთან მიმართებით - უზრუნველყოფს თუ არა მათ საცხოვრებელი ფართით. ამას ხშირად დევნილები რესტიტუციაში ურევენ. ეს, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს, რომ თუ ასეთი პროცესი მიმდინარეობს რომელიმე საცხოვრებელთან მიმართებაში, ეს არ უნდა გაიგოს ამ ხალხმა როგორც რესტიტუცია.”(სტილი დაცულია)

ლალი ჩხეტიას განცხადებით, სახელმწიფომ სხვა საკითხებზეც უნდა იზრუნოს, რათა დევნილთა საცხოვრებლების პრობლემა ჩიხიდან გამოვიდეს. მისი აზრით, ქონების პრივატიზების საშუალება დევნილებსაც უნდა მიეცეთ და დაინტერესებულ ბიზნესმენებსაც:

[ლალი ჩხეტიას ხმა] ”სასტუმრო “ვაკიდან” დევნილების გამოყვანა უნდა ინვესტორს, რათა იქ ბიზნესპროექტი დაიწყოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, რადგან თანხა მცირეა და ვერ აკმაყოფილებს მათ საცხოვრებელი ფართით. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ვერაფერს სთავაზობს და არის, ფაქტიურად, რაღაც ჩიხი შეკრული.”(სტილი დაცულია)

ამ ჩიხიდან გამოსავლის გზების ძიებას კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი ”კრინგო” 1 კვირის მანძილზე შეეცდება 200-მდე საქმიანი შეხვედრისა და დისკუსიის გზით. ამ აქციის მიზნებში შედის ხელისუფლებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მიწოდებაც.
XS
SM
MD
LG