Accessibility links

logo-print

როგორც ირკვევა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თემა აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ირკვევა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თემა აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თანამეგობრობის სხვა ქვეყნებშიც.

„დსთ საბოლოოდ შეიცვალა“ - ასეთი სათაური აქვს დღევანდელი „ნეზავისიმაია გაზეტას“ ერთ პუბლიკაციას, რომელსაც ამჯერად გაგაცნობთ.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ აზრით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დსთ-ს სივრცეში მომხდარმა ფერადმა რევოლუციებმა საბოლოოდ შეცვალა ეს რეგიონული გაერთიანება. მეტიც, გაზეთის აზრით, საქართველოში მომხდარმა “ვარდების რევოლუციამ” დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არსებობას წერტილი დაუსვა. „იმ იმედგაცრუების მიუხედავად, რაც რევოლუციების შემდეგ ქართულ, უკრაინულ თუ ყირგიზულ საზოგადოებაში შეინიშნება, ფაქტია, რომ ამ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლამ ერთხელ და საბოლოოდ შეცვალა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა,“ - წერს გაზეთი და განაგრძობს:


“შეიძლება ითქვას, რომ დღეს დსთ ორ ნაწილად გაიყო - ქვეყნებად, სადაც რევოლუცია მოხდა და ქვეყნებად, სადაც ცვლილებები არ დაწყებულა. პოსტრევოლუციური და ის ქვეყნები, სადაც ხელისუფლება არ შეცვლილა, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება არა იმდენად ხელისუფლების ანატომიით, ცხოვრების დონით ან კორუფციის მაჩვენებლებით, რამდენადაც მოქალაქეთა შინაგანი თავისუფლების არსებობით ან არარსებობით. მხოლოდ ეს გრძნობა იმდენად მომხიბვლელია, რომ გამორიცხული არ არის, თავისთავად მოახდინოს მორიგი ფერადი რევოლუციების პროვოცირება.
ის, რომ რევოლუციები მაინც მოხდა და წარმატებით დასრულდა, ეს საზოგადოების ფსიქოლოგიაში მომხდარი მნიშვნელოვანი გარდატეხის ნიშნად უნდა ჩაითვალოს - საქართველოს, უკრაინისა და ყირგიზეთის მოქალაქეებმა ისტორიული განვითარების გარკვეულ ეტაპზე საკუთარი თავი გავლენიან ძალად აღიქვეს და არა ყოფილ საბჭოთა ადამიანებად. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უზბეკეთში რევოლუციები არ მოხდა არა იმიტომ, რომ იქ უკმაყოფილოთა მასა ნაკლები იყო. - უბრალოდ, იქაური საზოგადოება ჯერ ვერ მომწიფდა ისეთ საზოგადოებად, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს და ხელისუფლების თავნებობას არ ეპუება.“

როგორც“ ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, დღეს დასავლელი ექსპერტები იმას იკვლევენ, თუ რატომ აღმოჩნდა მზად ცვლილებებისთვის სწორედ ეს სამი ქვეყანა, არის თუ არა ეს დაკავშირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასთან. თუმცა, როგორც გაზეთი შენიშნავს, რევოლუციის მიზეზებზე უფრო მნიშვნელოვანი რევოლუციების შედეგებია - დღეს ამ სამ ქვეყანაში ხელისუფლება მეტ ანგარიშს უწევს ხალხს, რადგან იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ხალხის უკმაყოფილებას. რაც შეეხება იმედგაცრუებას:

რევოლუციების შედეგებით იმედგაცრუება კანონზომიერია. ასეთი რამ ერთხელ უკვე გამოსცადა პოლონეთმა, როცა ხელისუფლების სათავეში „სოლიდარნოსტი“ მივიდა. ეს გრძნობა რუსებისთვისაც ცნობილია, რომლებმაც თავის დროზე ხელისუფლებაში ელცინი მიიყვანეს. ერთიც ფაქტია: სოციოლოგებისა და პოლიტოლოგების მტკიცებით, პოსტტოტალიტარულ ქვეყნებში თავისუფლების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების შემდეგ, როგორც წესი, ძლიერი ხელის ნოსტალგია ჩნდება - თავის დროზე, ასეთ განწყობის ტალღაზე, პოლონეთში მემარცხენეები მივიდნენ ხელისუფლებაში, უკრაინაში კი იანუკოვიჩის პოპულარობა იზრდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც ფერადი რევოლუცია მოხდა, ავტორიტარიზმისკენ სვლა გარდაუვალია. უბრალოდ, ერთი ანდაზის არ იყოს, ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ.
XS
SM
MD
LG