Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიხურა თბილისის მსხვილი რესტორნები


28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ თბილისში 13 რესტორანი დალუქა. მათ შორისაა სამთავრობო ბანკეტებით და უცხოელი სტუმრების მასპინძლობით ცნობილი

რესტორანი ”მეიდანი”, ასევე, "თეთრი სახლი", "მოსკოვი", "აფხაზეთი", "დედა ზოია", "რიყე" და სხვ. ფინანსურ პოლიციას გადაწყვეტილი აქვს მსგავსი რეიდი სულ 50-მდე რესტორანში განახორციელოს. რა არის ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი?

[ისმის ქუჩის ხმაური]

აქ, მტკვრის სანაპიროზე, ისე მრავლდებიან გრანდიოზული მასშტაბის რესტორნები, როგორც ტყეში სოკოები ჟუჟუნა წვიმის შემდეგ. ამ მხრივ, მტკვრის სანაპიროს არც თბილისიდან მცხეთისკენ მიმავალი საავტომობილო მაგისტრალის მიდამოები ჩამოუვარდება. ეს რესტორნები არასდროს უჩივიან სტუმრების ნაკლებობას, სიიაფითაც გამოირჩევიან. ყოველივე ამის შემყურე მომხმარებელს თუ ქუჩაში გამვლელს ბუნებრივად უჩნდება კითხვა, როგორ უძლებენ კონკურენციას, ფაქტობრივად, ერთმანეთის გვერდით განლაგებული რესტორნები და, მით უმეტეს, როგორ ახერხებენ მოგების მიღებას. ეს კითხვა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურსაც გაუჩნდა და ფინანსურ პოლიციასთან ერთად 50-მდე თბილისიური რესტორნის შემოწმება გადაწყვიტა.

[ლევან მხეიძის ხმა] ”წარმოიდგინეთ ახლა, როგორ შეიძლება მაკდონალდსის რესტორანი, სადაც არ იყიდება არანაირი სპირტიანი სასმელები, პრინციპში მარტო ჰამბურგერებს, ჩისბურგერებს და ჩიპსებს ყიდიან და მათ აქვთ, მარტო ერთ რესტორანს, ორჯერ მეტი ბიუჯეტში გადახდილი, ვიდრე დანარჩენ ყველა რესტორანს, ერთად აღებულს. ესენი მალავენ, შეგნებულად ამცირებენ ბრუნვას, არ იხდიან სრულყოფილად ქონების გადასახადს, სოციალურ გადასახადს...”(სტილი დაცულია)

ეს არის ლვან მხეიძე, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსი. მისი განცხადებით, 50-მდე თბილისური რესტორნის დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ერთ-ერთ რესტორანში - კერძოდ კი, ”წისქვილში” -ჩატარებული შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ამ რესტორანს ყოველთვიური ბრუნვა 230 ათასი ლარი ჰქონდა, ოფიციალურად კი მხოლოდ 25 ათას ლარს აჩვენებდა.

რესტორან ”მოსკოვის” დირექტორმა არსენ ყურაშვილმა მითხრა, რომ მისგანაც მაღალი ბრუნვის მაჩვენებლის აღიარებას ითხოვს ფინანსური პოლიცია. მე მასთან საუბრისას დავინტერესდი, თუ რა ზარალს განიცდის მისი კომპანია რესტორნის დაუგეგმავი დახურვის გამო.

[არსენ ყურაშვილის ხმა] ”ქელეხი მქონდა მიღებული და ეს მადარდებს ყველაზე მეტად. თავისთავად თანხა უკან უნდა დააბრუნო...
...ზოგს ინვალიდი შვილი ჰყავს, ყოველ კაპიკზე არიან მიჩერებული. 5 ლარზე და 10 ლარზე მუშაობენ.”

არსენ ყურაშვილს იმედი აქვს, რომ ფინანსური პოლიცია რესტორნის გახსნის საშუალებას 1-2 დღეში მისცემს. ფინანსურ პოლიციაში კი აცხადებენ, რომ რესტორნები დალუქული იქნება იქამდე, სანამ ქონებისა თუ საბუღალტრო დოკუმენტების დეტალური შესწავლა არ დასრულდება. ამას კი, ლევან მხეიძის აზრით, 2 და 3 დღე არ ეყოფა. ასეთი მიდგომის წინააღმდეგია ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი:

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] ”შემოწმება უნდა ჩატარდეს. თუ რამე დანაშაულია, უნდა მოხდეს რეაგირება, საქმის აღძვრა, ამისთვის არსებობს ბუღალტერია და საბუთები. და მუშაობის შეფერხება ნებისმიერი ეკონომიკური სუბიექტის არ არის მიზანშეწონილი.”

რა შედეგით დამთავრდება, ნიკო ლეკიშვილის სიტყვებით თუ ვიტყვით, ფინანსური პოლიციის არამიზანშეწონილი აქცია, დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება - მაშინ, როდესაც ფინანსთა სამინისტროს ბოლო კვარტალის საბიუჯეტო გეგმის შესრულების ანგარიშს მოსთხოვენ. ცნობისათვის: 2005 წლის ბოლო სამი თვის საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა გასული 9 თვის შემოსავლების გეგმას აღემატება.
XS
SM
MD
LG