Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში შეერთებული


"ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში შეერთებული

შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების თემას განვაგრძობთ. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ცნობაზე, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო პატიმრებს ევროპის ტერიტორიაზე მოქმედ საიდუმლო ციხეებში ამყოფებს, ევროპის კავშირი მწვავედ რეაგირებს. ევროკავშირის სამართლის კომისარმა ფრანკო ფრატინიმ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ ასეთი ციხის მოქმედება საკუთარ ტერიტორიაზე კავშირის რომელიმე წევრმა ქვეყანამ დაუშვა, მას, შესაძლოა, სანქციები დაუწესონ, ვინაიდან ამით ქვეყანამ ევროკავშირის ხელშეკრულება დაარღვია. თუმცა ფრატინიმ აგრეთვე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ბრალდებების დამამტკიცებელი სამხილი ჯერჯერობით არ არსებობს.


ინფორმაციას, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის
ტერიტორიაზე, შესაძლოა, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, იმავე CIA-ს, საიდუმლო ციხეები მოქმედებდეს, ევროპის კავშირი მწვავედ ეხმაურება.

ევროკავშირის სამართლის კომისარი და ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანკო ფრატინი ღიად აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, რომელმაც საკუთარ ტერიტორიაზე ასეთი ციხის არსებობა დაუშვა, სადამსჯელო სანქციების დაწესება ელის. საიდუმლო ციხეებში პატიმრების ყოველგვარი უფლებების გარეშე ყოფნა ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე მუხლის დარღვევის ტოლფასი იქნება.
ეს მუხლი აცხადებს, რომ კავშირი თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს ემყარება.

თუმცა ფრანკო ფრატინიმ აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ციხეების არსებობის დამადასტურებელი სამხილი არ არსებობს.

ფრატინის თქმით, იმის გამო, რომ საქმე ძალიან სერიოზულია, სამხილების ძიება უნდა გაგრძელდეს:

[ფრატინის ხმა] "დადასტურების შემთხვევაში, ეს
ევროკავშირის ხელშეკრულების უხეში დარღვევა იქნება. ამდენად, მკაფიო და გამჭვირვალე სამხილის გარეშე ვერ ვიმოქმედებთ."

ევროპის ქვეყნებში ციხეების არსებობას ამ ეტაპზე ევროპის საბჭო იძიებს - ორგანიზაცია, რომელიც მთელ ევროპაში დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე მუშაობს.
ამ დროისთვის ბულგარეთში წარმოებულმა გამოძიებამ შედეგი ვერ მოიტანა; თუმცა ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა სხვა ევროკავშირის წევრ ან წევრობის კანდიდატ ქვეყნებშიც აწარმოებს გამოძიებას.

საკუთრივ ევროკავშირი კი პასუხს შეერთებული შტატებისგან ელოდება.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ევროკავშირი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს, წერილობით მიმართავს და საიდუმლო ციხეების შესახებ ახსნა-განმარტებას სთხოვს.

გერმანიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ამ საკითხს შეერთებულ შტატებში მიმდინარე ვიზიტის დროსაც წამოჭრის.

თუმცა შეერთებული შტატების მხრიდან ჯერჯერობით საიდუმლო ციხეების შესახებ ინფორმაცია არც უარყოფილია და არც დადასტურებული. ერთ-ერთი ამერიკული გაზეთისთვის სამშაბათს მიცემულ ინტერვიუში კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ წესები, რომლებიც ჩვეულებრივ პატიმართა დაკავების დროს მოქმედებს, არ ეხება ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებულ ომს.

მომავალ კვირაში კონდოლიზა რაისი ევროპის ხუთ ქვეყანაში ჩავა – მათ შორის, გერმანიაში, რუმინეთსა და უკრაინაში – და ნატოს სამიტს დაესწრება ბრიუსელში.

სანამ ევროპის ტერიტორიაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების შესახებ შეერთებული შტატები ინფორმაციას არ იძლევა, ამ ფაქტის დადასტურება მხოლოდ ევროპის საბჭოს გამოძიებას შეუძლია. ფრანკო ფრატინის აზრით, გამოძიების პროცესში ქვეყნების გენერალურ პროკურორებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
ვაშინგტონს რაც შეეხება, ფრატინი მიიჩნევს, რომ მას "სიტუაციის შეფასებისა" და ევროკავშირის შეკითხვებზე პასუხის გაცემისთვის დრო უნდა მიეცეს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG