Accessibility links

თბილისის საკრებულომ დაიწყო თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა


30 ნოემბერს თბილისის საკრებულომ ქალაქის 2006 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს ძირითადად ოპოზიციური ფრაქციები, ”ლეიბორისტები” და ”ახალი მემარჯვენეები” გაეცნენ

და იმავე დღესვე თავიანთი პოზიციაც გამოხატეს. ოპოზიციონერები ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებს იწუნებენ და არ მოსწონთ, რომ მასში არაფერია ნათქვამი მიწისძვრით დაზარალებულებზე თუ ავარიული ბინების პრობლემაზე.

თბილის მერიის წინ არაერთხელ გამართულა მიწისძვრით დაზარალებულთა თუ კოოპერატიული ბინათმშენებლობის მონაწილეთა საპროტესტო აქციები:

[მოქალაქის ხმა] ”ჩვენი ფული დაგვიბრუნონ, ჩვენ არ ვმათხოვრობთ. ჩვენი ვალი აქვს სახელმწიფოს, ბინა უნდა აგვეშენებინა და 15 წელი არ დაგვაყენა საშველი...”

აი, რას ამბობენ მიწისძვრით დაზიანებული სახლების მობინადრენი:

[მოქალაქის ხმა] ”... უი, უი, უი, აი ეს კედელი ჩამოინგრა და ჩამოვიდა ყველაფერი აქ. ვითომ გაამაგრეთ და... მაგრამ აქ ისე წვიმდა, მეზობელს ჩაენგრა ჭერი...”

ამ მოქალქეებს, მათ მდგომარეობაში კი კიდევ ათასობით თბილისელია, ვერაფრით დაეხმარება დედაქალაქის 2006 წლის ბიუჯეტი. თბილისს საკრებულოს ლეიბორისტული ფრაქციის ლიდერის, გიორგი გუგავას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის კანონპროექტი საერთოდ უგულებელყოფს სოციალურ საკითხებს.

[გიორგი გუგავას ხმა] ”დედაქალაქის ბიუჯეტი ემსახურება საციგურაო მოედნების მოწყობას, ემსახურება ფასადების შეღებვას და ასფალტის დაგებას, სადაც ის ხშირად დადის ხოლმე და კონცერტები და კონცერტები და კიდევ კონცერტები.”

ლეიბორისტებს ბიუჯეტის შესახებ ასეთი წარმოდგენა ვერც თბილისის პრემიერმა თემურ ქურხულმა შეუცვალა, რომელიც საკუთარი სურვილით შეხვდა ოპოზიციონერებს და ბიუჯეტის სიკეთეებზე ესაუბრა. ვერც ლეიბორისტემა შეძლეს ბიუჯეტზე ქალაქის მთავრობის ხელმძღვანელის მოსაზრებების შეცვლა.

[თემურ ქურხულის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ 2006 წლის ბიუჯეტი არის ყველაზე გამართული ბიუჯეტი მერიის ისტორიაში. იმიტომ, რომ ხარჯები მიმართული არის, მიზნობრივად მიმართული არის გზების სამუშაოებისთვის, მიმართული არის ლიფტების და სახურავებისთვის და ძალიან ბევრი სიახლე არის. გარე განათების სამუშაოები არის დაწყებული ძალიან სერიოზულად და მე ვფიქრობ, წლის ბოლომდე ყველა სამუშაო ქალაქის გარე განათების ჩატარებული იქნება.”

ის, რომ ფასადების შეღებვა, ასფალტის დაგება თუ გარე განათების მონტაჟი მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება, საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის, "ახალი მემარჯვენეების" უკმაყოფილებას იწვევს. და თუ რატომ, ეს ფრაქციის ლიდერის გიორგი მოსიძის განცხადებიდან ჩანს.

[გიორგი მოსიძის ხმა] ”ის, რაც მე ეხლა ხელში მიჭირავს, ეს არ არის ქალაქ თბილისის ბიუჯეტი 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. ეს არის 320 მილიონი, რომელიც დაიხარჯება აგვისტო, სექტემბერ-ოქტომბერში საარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის ნაცადი ხერხი, რომელიც გამოყენებული იქნა წელს ისანში მაჟორიტარული არჩევნების დროს.”

თბილისის 2006 წლის ბიუჯეტის საკრებულოს სხდომაზე გატანა 1 დეკემბრისთვისაა ნავარაუდევი და ოპოზიციასაც კი არ ეპარება ეჭი, რომ ბიუჯეტი დამტკიცდება, რადგან მას მმართველი პარტიის უმრავლესობა ერთხმად დაუჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG