Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დღევანდელი ქართული პრესა მრავალი საკითხით ინტერესდება: დატოვებს თუ არა ენერგეტიკის მინისტრი თანამდებობას? რას მიაღწევს ტერმინალ ”ოპიზის” საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია?

დაბრუნდება თუ არა იგორ გიორგაძე საქართველოში? არსებობს თუ არა საქართველოში საშუალო ფენა?

გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილთან, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის არაკომპეტენტურობასა და მისი გადაყენების აუცილებლობაზე საუბრობს. მკითხველს ნიკა გილაურის ბედზე მეტად, ბუნებრივია, გაზის საფასურის ბედი აიტნერესებს, რაზეც ”რეზონანსის” რესპონდენტი ამბობს: ”გაზი ყველა ვარიანტში გაძვირდებოდა, მაგრამ შესაძლებელი იყო უფრო სხვა პარამეტრებზე საუბარი, სადღაც 80-90 დოლარს შორის. თავიდანვე, როცა ”გაზპრომმა” პირველი წინადადება წამოაყენა, საკითხთა მთელ სპექტრზე სერიოზული მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო. რამდენადაც ვიცი, ხელისუფლებამ გაუგებარი პოზიცია დაიჭირა და ყაზახეთში ფუჭი და უშედეგო მოლაპარაკებების წარმოებით 2 თვე დაკარგა”, - ამბობს გია ხუხაშვილი ”რეზონანსთან” საუბარში.

დღევანდელი პრესა იგორ გიორგაძისა და მისი პარტიის გეგმებით დაინტერესდა. მათ შორის გახლავთ ”ახალი თაობაც”, რომელიც ამ თემაზე ვახტანგ გოგუაძეს ესაუბრა და დაინტერესდა იმით, თუ რა არის იგორ გიორგაძის გააქტიურების მიზეზი. გოგუაძე პასუხობს: ”ამჯერად იგორ გიორგაძის გააქტიურება იმით არის განპირობებული, რომ თავად დროა გააქტიურებული. ამას მისი რეიტინგის აწევა მოჰყვება, თანაც სააკაშვილის გაკოტრებულ ხელისუფლებას უპირისპირდება”, - ასეთ პერსპექტივას ხედავს ვახტანგ გოგუაძე.

გაზეთი ”24 საათი” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს აშუქებს: ”პრემიერი ნოღაიდელი ნატოს გენერალურ მდივანს უყვებოდა, რომ საქართველოს ბიუჯეტი ბოლო პერიოდში 400-500 პროცენტით გაიზარდა. არაფერი ისე არ მოქმედებს ევროპელებზე, როგორც კონკრეტიკა. მით უმეტეს, როდესაც იგი ეკონომიკური პროცესების გამოხატულებაა”, - წერს ”24 საათის” მიმომხილველი. ”24 საათშივე” დღეს ქვეყნდება ინტერვიუ ”ტი-ბი-სი” ბანკის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან, რომელიც ამბობს: საქართველოში ”საშუალო ფენა ჩამოყალიბების საწყის ეტაპზეა, პოტენციალი კი ძალიან დიდია. წელს საშუალო ფენაზე, ფიზიკური პირების დაფინანსებაზე, დაახლოებით 25 მილიონი დოლარის სესხი გაიცა, რაც ნიშნავს, რომ ეს სექტორი არსებობს”.

”საქართველოს რესპუბლიკა” დღევანდელ ნომერში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის ღია წერილს აქვეყნებს. წერილის ავტორი ელგუჯა ლებანიძეა, ადრესატი კი მიხეილ სააკაშვილი. წერილის ავტორი თავისი გურჯაანელი მეზობლის - ვანოს ნაამბობს გადასცემს პრეზიდენტს: ”ადრე სტუმარი ცის გახსნასავით მიხაროდა. ბატალიონი რომ მომდგომოდა, გარეთ არაფერზე გავიდოდი. ახლა ერთი კინკილა კაცი რომ გამოჩნდეს, რომელ ღობეს მოვეფარო, აღარ ვიცი - სუფრაზე მისატანი არაფერი მაქვს. ეს არის საქმე? ამიტომ მინდა ჩვენს პრეზიდენტს შევეხმიანო: - ”ზეცაში რომ დაჰქრიხარ, ზეცაში რომ ხმიანობ, ერთხელ დაბლაც ჩამოდი, მიწის ამბებს გიამბობ”, - ასე მიმართავს ”საქართველოს რესპუბლიკის” საშუალებით გურჯაანის მკვიდრი საქართველოს პრეზიდენტს.
XS
SM
MD
LG