Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს წინ სასამართლო სისტემის ბოლშევიზაცია გააპროტესტა


”შეწყდეს საქართველოს სასამართლო სისტემის ბოლშევიზაცია”, ”მოვითხოვთ სასამართლოს დამოუკიდებლობას” - ამ ლოზუნგებით 30 დეკემბერს თბილისში,

უზენაესი სასამართლოს შენობის წინ, მოქალაქეთა მცირე ჯგუფი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ნინო გვენეტაძის, დავით სულაქველიძისა და მერაბ ტურავას - წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური დევნა გააპროტესტეს, რადგან ფიქრობენ, რომ აღნიშნულ მოსამართლეებს არათუ სამსახურებრივი გადაცდომისა და კანონის დარღვევისთვის, არამედ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის უპირისპირდებიან და სდევნიან. ვინ და როგორ იცავს მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოს სასამართლო სისტემის მანკიერებაზე ბედავენ ხმის ამოღებას?

[ნოდარ ნათაძის ხმა] ”სასამართლო რეფორმა ჩატარდა კარიკატურულად, მაგრამ რაც ჩატარდა, იმის დადებით ნაწილს განადგურებას უპირებენ. დათო სულაქველიძე არის რეფორმის დადებითი ნაწილი, მაგრამ ის, როგორც კარგი მოსამართლე, გააგდეს. ”

ნოდარ ნათაძე, ”სახალხო ფრონტის” სახელით , თამარ ჩხეიძე, ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით”, და მათი რამდენიმე თანამოაზრე, სულ ხუთიოდე კაცი, 30 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ ცოტა ხნით დადგა და სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების ზეწოლა გააპროტესტა. ამ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სწორედ სასამართლო სისტემასა და მოსამართლეებზე უხეში ზეწოლის გამოვლინებად მიიჩნიეს დავით სულაქველიძის, ნინო გვენეტაძისა და მერაბ ტურავას წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი და იმით, რომ უზენაესი სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო ლოზუნგებით დადგნენ, უბრალოდ, თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს. აქციის მიზანიც ეს იყო. მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ ჩხეიძემ, ჩვენთან საუბრისას მწუხარებით აღნიშნა, რომ დღევანდელ საქართველოში რაიმე შედეგის მოტანა არათუ მცირე, ხალხმრავალ საპროტესტო აქციასაც არ შუძლია:

[თამარ ჩხეიძის ხმა] ”როცა ასეთი საგანგაშო რამ ხდება, როცა ხდება სასამართლოების საბჭოთა რეჟიმის პირობებში დაბრუნება, ყველას და, მით უფრო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლების ვალია თავისი დამოკიდებულება და თავისი პოზიცია გამოხატონ. ” (სტილი დაცულია)

სასამართლო სისტემაში შექმნილი სერიოზული პრობლემების გამო პოზიციის გამოხატვა მოსამართლეების ვალიცაა, თუმცა დღევანდელ საქართველოში მხოლოდ 3 მოსამართლეს - დავით სულაქველიძეს, ნინო გვენეტაძესა და მერაბ ტურავას - ეყო გამბედაობა ამ პრობლემებზე ხმამაღლა ალაპარაკებულიყვნენ. უზენაესი სასამართლოს ამ მოსამართლეებმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ განმარტეს, რასთან დაკავშირებით დაიწყო მათ წინააღმდეგ დისციპლინური დევნა; თქვეს, რომ მიზეზთა მიზეზი შეკვეთილი გადაწყვეტილებების გამოტანაზე მათი მხრიდან უარის თქმა იყო. დავით სულაქველიძეს, ნინო გვენეტაძესა და მერაბ ტურავას იუსტიციის საბჭოს დისციპლინური კოლეგია საპროცესო კანონდარღვევებთან დაკავშირებით ედავება. და საინტერესო ის არის, რომ ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ნინო გვენეტაძის სამსახურებრივ გადაცდომაში დადანაშაულების მცდელობას შარშანაც ჰქონდა ადგილი ( მოსამართლემ ეს ჩვენთან საუბრისას დაადასტურა), თუმცა მაშინ საქმე დახურეს. ”მაშინაც, ისევე როგორც დღეს, იმიტომ მიპირისპირდებოდნენ, რომ ხმამაღლა ვლაპარაკობდი სასამართლოზე ზეწოლის შესახებ. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე წერილობით მივმართე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, სასამართლოს სისტემაში შექმნილ სერიოზულ პრობლემებთან დაკავშირებით წერილი პრეზიდენტსაც გავუგზავნე,” - ამბობს ნინო გვენეტაძე. ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკი არ დაუწყია მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყო. “მთელი ეს წლები ჩემს სამუშაო კაბინეტში თვალსაჩინოდ მქონდა გაკრული კონსტიტუციის 84 -ე მუხლის ამონაწერი და ამ მუხლის მოთხოვნით ვმოქმედებდიო,” -ამბობს ნინო გვენეტაძე. კონსტიტუციის 84 -ე მუხლში კი წერია: “მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით. ”

ნინო გვენეტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას სასამართლოს ხელმძღვანელობაც ახდენს და იუსტიციის საბჭოც, ზეწოლის მოგერიების შემთხვევაში კი, მოსამართლეებს მათ წინააღმდეგ დისციპლინური დევნის პროცედურის წამოწყებით (ძველი საქმეების გადახედვით) ემუქრებიან.
XS
SM
MD
LG