Accessibility links

logo-print

,,დემოკრატიულმა ფრონტმა” ლუსტრაციის კანონის ჯერჯერობით ერთადერთი ვარიანტი გამოაქვეყნა

  • ნინო როდონაია

ოთხშაბათს ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციამ ,,დემოკრატიულმა ფრონტმა” ლუსტრაციის კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა.

თუმცა დოკუმენტის ოფიციალური სახელწოდება სხვაგვარია და წარმოადგენს კანონპროექტს ,,ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარების და რეესტრის წარმოების შესახებ.” მიუხედავად ამგვარი სახელწოდებისა, კანონპროექტით გათვალისწინებული აკრძალვები მხოლოდ საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლებს არ შეეხებათ. ვინ არიან სხვები და რატომ მიიჩნევენ კანონპროექტს ლიბერალურად მისი ავტორები?


ფრაქცია ,,დემოკრატიული ფრონტის” მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელსაც, ზოგადად, შეგვიძლია ლუსტრაციის ვუწოდოთ, მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესთა დაცვას და ასევე დაცვას იმ პირებისა, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. ლუსტრაციის აუცილებლობას ინიციატორები იმით ასაბუთებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ ეს უკვე გააკეთა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაშიც საკმარისად არიან უცხო ქვეყნების იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები. “დემოკრატიულ ფრონტში” კონკრეტული პროექტის მომზადების მთავარ ინიციატორად მიიჩნევენ გია თორთლაძეს, რომელმაც უმრავლესობა ახლახან დატოვა:

[გია თორთლაძის ხმა] ,,ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო გეგმებში და მათ შორის ერთ-ერთი ასეთი იყო ,,ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ,” აი, ამ ათ ნაბიჯში ერთ-ერთი იყო ლუსტრაციის კანონი.” (სტილი დაცულია)

გია თორთლაძე ამბობს, რომ მან პარლამენტის პირველსავე და შემდეგ უმრავლესობის სხდომებზეც არაერთხელ მოითხოვა ამ დანაპირების შესრულება, რასაც მისთვის გაუგებარი რეაქციები მოჰყვა. კანონპროექტის პრეზენტაციაზე დასმულ შეკითხვას, რატომ გახდა საჭირო ლუსტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ახლა, ლევან ბერძენიშვილი ამგვარად უპასუხებს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,რატომ არის საჭირო მაინცდამაინც ახლა? იმიტომ, რომ საჭირო იყო აქამდეც. უბრალოდ, ახლა გვეძლევა საშუალება ამაზე ვილაპარაკოთ ჩვენ, როგორც ფრაქციას.” (სტილი დაცულია)

კანონპროექტის მიხედვით, საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომლებს და ასევე კომპარტიისა და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტების წევრებსა და რაიონული კომიტეტების მდივნებს დანიშვნით თანამდებობებზე მუშაობა აეკრძალებათ. ამასთან, ამ ადამიანებს არჩევნებში კანდიდატებად მონაწილეობის უფლება ექნებათ. თუ კანონის ამოქმედებიდან ექვს თვეში კონკრეტული პიროვნება სპეციალურ კომისიას ნებაყოფლობით დაუდასტურებს საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობის ფაქტს, მისი ანონიმურობა დაცული იქნება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, “დემოკრატიული ფრონტი” საკუთარ კანონპროექტს საკმაოდ ლიბერალურს უწოდებს და არ ეთანხმება უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ყოფილი საბჭოთა არქივების დიდი ნაწილი განადგურებულია:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,ეს საბუთები ხომ იცით, რომ არსებობს, უამრავი არსებობს. როცა ამბობენ, რომ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ბევრია. ასე რომ, ეს არგუმენტი არ იმუშავებს.” (სტილი დაცულია)

“დემოკრატიული ფრონტი” აცხადებს, რომ მისი კანონპროექტი მიზნად ისახავს არა შურისძიებას, არამედ ქვეყნის დაცვას და დარწმუნებულია, რომ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, ეს ხელისუფლების თვითლუსტრაციის ნიშანი იქნება.
XS
SM
MD
LG