Accessibility links

logo-print

კიევში დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა დაფუძნდება


დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა - ასე ეწოდება ახალ ალიანსს, რომლის დაფუძნების შესახებ, როგორც ჩანს, ხვალ ოფიციალურად გამოაცხადებენ

კიევში მიმდინარე სამიტის მონაწილეები. მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც - უკრაინის ლიდერ ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად - ეკუთვნის კიდეც თანამეგობრობის შექმნის იდეა. ვინ იქნება სახელმწიფოთა ახალი გაერთიანების წევრი და რა მიზნებს ისახავს იგი?

ჯერ მოკლედ წევრების შესახებ: წინასწარი მონაცემებით, კიევში ჩასვლის მზადყოფნა გამოთქვეს ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, მაკედონიის, რუმინეთის, მოლდავეთისა და სლოვენიის პრეზიდენტებმა. აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და უნგრეთი მაღალი რანგის სამთავრობო დელეგაციებით იქნებიან წარმოდგენილი.

დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის ჩამოყალიბების იდეა პირველად აგვისტოში, ბორჯომში გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "დღეს ხელი მოვაწერეთ ბორჯომის დეკლარაციას, რომელიც ჩვენს რეგიონში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას ისახავს მიზნად. დღესვე გამოვთქვით თაოსნობა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უკრაინაში, მოვიწვიოთ რეგიონის ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს კონფერენცია-სამიტი, რომელშიც - მეთვალყურეებად - მონაწილეობას მიიღებენ სხვა ქვეყნებიც: რუსეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები."

საქართველოს საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევის სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შეერთებულ შტატებს წარმოადგენს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პოლა დობრიანსკი. კიევში დელეგაციებს მიავლენენ ევროპის საბჭო, ეუთო, გაერო და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია.

რაც შეეხება დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის მთავარ მიზნებს, მათზე ჯერ კიდევ ბორჯომში ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომლის თქმით, დემოკრატიული ფასეულობები არ შეიძლება, მოქცეული იყოს მხოლოდ ერთი რომელიმე სახელმწიფოს საზღვრებში.

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "უნდა ვიცოდეთ, რომელ ფასეულობებს, რომელ თავისუფლებებს აღიარებენ ჩვენი მეზობლები, როგორ ახორციელებენ მათ; შეესებამება თუ არა ამ ფასეულობებზე მათი შეხედულებები ჩვენს წარმოდგენებს. და თუ არ შეესაბამება, იქნებ დადგა დრო, ვილაპარაკოთ ისეთ სახელმწიფოთა კოალიციის შექმნაზე, რომელთათვისაც თავისუფლება და დემოკრატია საფუძველთა საფუძველია ყოველი ადამიანისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გასაცემად: იქნება ეს ჰუმანიტარული, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხები."

ამ მოსაზრებას ძირითადად იზიარებს საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი შალვა ფიჩხაძეც, მაგრამ რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში იგი ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უსვამს ხაზს:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] "ქვეყნები თვითონ მართლა დემოკრატიული უნდა იყვნენ შიგნით, რომ ასეთი დემოკრატიული გაერთიანება იყოს სიცოცხლისუნარიანი. თორემ, თუ ქვეყნები შიგნით არ იქნენ დემოკრატიული, რამდენიც გინდა გაერთიანება შექმენი. ჯერჯერობით საქართველოში მე ამას ვერ ვხედავ."
XS
SM
MD
LG