Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინას საბაზრო ეკონომიკის სტატუსს ანიჭებს


კიევში გაიმართა ევროკავშირისა და უკრაინის სამიტი: პირველი - უკრაინაში შარშანდელი ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ და, იმავდროულად, “ყველაზე წარმატებული”.

ასეთია სამიტის ერთ-ერთი მონაწილის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის შეფასება:

[ბლერის ხმა] “ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ეს არის ევროკავშირისა და უკრაინის არა მარტო ყველაზე წარმატებული სამიტი, არამედ იმის მომასწავებელი, რაც მომავალში უნდა მოხდეს. უკრაინაში იცოდეთ, რომ, ჩვენი საერთო მომავლისაკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირი და ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ბრიტანეთი, თქვენი პატრნიორები ვიქნებით”.

ტონი ბლერის - ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის - შეფასება, რომ კიევში დღეს ევროკავშირისა და უკრაინის ყველაზე უფრო წარმატებული შეხვედრა გაიმართა, მოჰყვა გადაწყვეტილებას უკრაინისთვის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა მოიწონა უკრაინაში შემუშავებული რეფორმა და რომ მოსალოდნელია ევროკავშირთან უკრაინის სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესება. ეს ერთ ღამეში არ მოხდება, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტისთვის უკვე დიდ მხარდაჭერას ნიშნავს.

როგორც ევროკომისიის პერზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ აღნიშნა, უკრაინამ “ძალიან მოკლე დროში გაიარა ძალიან გრძელი გზა” და საბაზრო ეკონომიკის სტატუსი ძალაში შევა რამდენიმე მცირე ფორმალობის შესრულებისთანავე. ეს მომავალი წლის დასაწყისშივეა მოსალოდნელი, რის შემდეგაც გაუმჯობესდება უკრაინის პოზიცია ანტიდამპინგური ზომებისაგან დაცვის მხრივ: საქმე ისაა, რომ ევროკავშირი იყნებეს ანტიდამპინგურ ზომებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ევროკავშირის ბაზარზე ამ ბლოკის არა-წევრი ქვეყნების იაფი საქონლის შესვლას. უკრაინას კი - საბაზრო ეკონომიკის სტატუსის ძალაში შასვლის შემდეგ - გაუადვილდება ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რახან ევროკავშირი უკრაინის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა: რუსეთსაც კი უსწრებს...

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იმედოვნებს, რომ საბაზრო ეკონომიკის სტატუსს - ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ წინსვლის ნიშნადაც მიიჩნევენ.
[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] “ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია საიმისოდ, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად მუშაობისას (ეს მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა), ევროპული თანამეგობრობას, უწინარეს ყოვლისა კი ევროკავშირის მოქალაქეებს დავანახოთ, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება დამატებით პრობლემებს კი არა, დამატებით სარგებელს მოიტანს”.

თუმცა, ეს მომავლის საქმეა. ახლა კი ევროკავშირმა უკრაინასთან სამიტზე წარადგინა საზღვრის დაცვის მასშტაბური პროგრამა, რომლის მიზანიცაა კონტრაბანდის შეჩერება უკრაინის და მოლდავეთის, კერძოდ სეპარატისტული დნესტრისპირეთის საზღვარზე. იმის გამო, რომ ევროკავშირი ახალ წევრად რუმინეთის მიღებას აპირებს, რის შემდეგაც მოლდავეთი ევროკავშირის უშუალო მეზობელი აღმოჩნდება, ბრიუსელი დიდ ინტერესს იჩენს რეგიონის მიმართ. ამ ინტერესის ნიშნად, უკრაინის საზღვრის დაცვაზე იზრუნებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების 50 წარმომადგენელიც.
XS
SM
MD
LG