Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდსთან ბძროლის საერთაშორისო დღე


25-თ მილიონზე მეტი გარდაცვლილი, 40-ც მილიონზე მეტი ინფიცირებული - ასეთია სამწუხარო სტატისტიკა, რომელიც მთელს მსოფლიოში შიდსის მსხვერპლს ეხება.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოსა და დანარჩენ რესპუბლიკებში ამ დაავადებაზე ბევრი არაფერი, ან სულ არაფერი იცოდნენ. მაგრამ მას მერე ბევრი რამ შეიცვალა: 1 დეკემბერს საქართველოში აღინიშნება შიდსის (“შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის”) წინააღმდეგ ბრძოლის დღე. ასეა სხვა ქვეყნებშიც.

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღედ 1988 წელს დააწესა გაერომ. მაშინ შიდსი ახალი, სულ რამდენიმე წლის “აღმოჩენა” იყო. მას შემდეგ შიდსით დაავადებულების რიცხვი სულ უფრო მატულობს: შიდსის გამომწვევი ვირუსით ინფიცირებულების რიცხვი ამჟამად სარეკორდო 40-ც მილიონს აღწევს, მათი უმეტესობა აფრიკაში, კერძოდ, საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ცხოვრობს. მაგალითად ლესოტოში (სამხრეთ აფრიკის 2-მილიონიან სახელმწიფოში), რომელსაც მსოფლიოში პროცენტულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანია დაავადებული აივი-შიდსით...

ინფიცირებულთა რიცხვი სულ უფრო მატულობს სხვა კონტინენტებზეც. აღმოსავლეთ აზიაში ის, მარტო ბოლო ორი წლის მანძილზე, 20 პროცენტით გაიზარდა, აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში - 25 პროცენტით (ახლა 1,6 მილიონს აღწევს). ამასთან, არათუ ევროპაში - მთელს მსოფლიოში - ინფიცირებულთა მატების სწრაფი ტემპით გამოირჩევა უკრაინა, მას რუსეთი მოჰყვება.

რუსეთში გასული წლის მიწურულს ოფიციალურად იყო აღრიცხული 300 000-მდე ინფიცირებული, თუმცა, ესქპერტების შეფასებით, რეალური მაჩვენებელი დაახლოებით, სამჯერ უფრო მაღალია. [დმიტრი დონჩაკის ხმა] “ნარკოტიკების გაუფრთხილებელი მოხმარება აივ-შიდსის გავრცელების მთავარ მიზეზად რჩება, მაგრამ სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ვირუსის ამჟამინდელ, ეპიდემიური მასშტაბით გავრცელებას, ჰეტეროსექსუალური კავშირით ინფიცირებაც დიდწილად იწვევს. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სულ უფრო მატულობს სქესობირივი კავშირის შედეგად ინფიცირებულთა რიცხვი”, - ამბობს აივი-შიდსის პაციენტების ინტერესების დასაცავად მოქმედი ჰოლანდიური საქველმოქმედო ორგანიზაციის “შიდსის ფონდ აღმოსავლეთ-დასავლეთის” წარმომადგენელი, დმიტრი დონჩაკი. მან, როგორც მოისმინეთ, შიდსის გამომწვევი ვირუსის - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის - გადამდები ორი გზა დაასახელა: სქესობრივი და სისხლის კონტაქტი. გარდა ამისა, ვირუსი შესაძლოა დედამ გადადოს შვილს ორსულობისას, მშობიარობისას, ინფიცირებულის რძით კვებისას.

შიდსთან ბრძოლის დღე, როგორც უკვე ითქვა, მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მაგალითად, რუსეთში დღეს აჯილდოვებენ ულამაზეს ქალს აი-ვირუსით ინფიცირებულ ქალებს შორის. აი, რას ამბობს ამ უჩვეულო კონკურსში გამარჯვებული სვეტლანა იზამბაიევმა რუსეთში შიდსისადმი დამოკიდებულებაზე: [იზამბაევას ხმა] “შიდსი მიაჩნიათ სიკვდილად, აი-ვირუსით ინფიცირებულები - ნარკომანებად, მეძავებად. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ჩვეულებრივი ადამიანებიც შეიძლება იყვნენ ინფიცირებული. მე, როცა ზოგჯერ სკოლაში მივდივარ, ბავშვებს ვეკითხები ხოლმე: როგორ ფიქრობთ, ვინ არიან შიდსის გამომწვევი ვირუსით ინფიცირებული ადამიანები? როგორ გამოიყურებიან ისინი? მათი პასუხია - აი, უსახლკაროებისნაირები არიან, ქუჩაში რომ სძინავთ, ბენზინს რომ ყნოსავენ. ჩაშავებული თვალები აქვთ, საშინელები არიან. ეს, უბრალოდ, ხალხი არ არის”. ასე აღწერს რუსეთში შიდსისადმი დამოკიდებულებას სვეტლანა იზამბაევა - ულამაზესი ქალი რუსეთში შიდსის გამომწვევი ვირუსით ინფიცირებულთა შორის. ეს უჩვეულო კონკურსი წელს პირველად ჩატარდა რუსეთში და მიზნად ისახავს ინფიცირებულებისადმი ტოლერანტობის გაღვივებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ შიდსისაგან განკურვნა, ინტენსიური სამეცნიერო კვლევის მიუხედავად, დღემდე შეუძლებელია. თუმცა, შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა და ამ მკურნალობის მეშვეობით სტუბილური მდგომარეობის შენარჩუნება, რის გამოც შიდსის შემთხვევაში “ქრონიკულ მართვად დაავადებაზე” ლაპარაკობენ.

მას შემდეგ, რაც 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, მასზე, როგორც წესი, მრავალი ცნობილი პიროვნება, მრავალი ორგანიზაცია აკეთებს განცხადებებს. წელსაც ასეა: შიდსის დღეს გამოეხმაურნენ გაეროს გენერალური მდივანი, რომის პაპი, ბორის ბეკერი (წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი), ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია... ადამიანები, რომლებიც ჩამოვთვალეთ, განსხვავებული კუთხით შეეხნენ შიდსის პრობლემას.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ბევრი ციფრი დაასახელა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს, შიდსის საფრთხის გაცნობიერების მხრივ მსოფლიოში პროგრესი შეიმჩნევა: ამჟამად წელიწადში 8 მილიარდი ამერიკული დოლარით ფინანსდება შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა განვითარებად ქვეყნებში, მაშინ როცა ეს თანხა 1995-ტ წელს 300-ს მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. კიდევ ერთი ციფრი: 40-ც ქვეყანაში სახელმწიფოს პირველი პირები ხელმძღვანელობენ ეროვნულ კამპანიებს შიდსის წინააღმდეგ.

პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ, როგორც რელიგიურმა ლიდერმა, უწინარეს ყოვლისა, თანაგრძნობაზე ილაპარაკა, შიდსით დაავადებულებისა და მათი ოჯახების დახმარების აუცილებლობაზე. ბორის ბეკერმა კი ახალგაზრდებს მიმართა და მათ “დაუცველი სექსის” საფრთხე შეახსენა. “საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს - ადრე მეც არ ვფიქრობდი პრეზერვატივზე, უამრავი სისულელე მაქვს ჩადენილი, უბრალოდ ბედმა გამიღიმაო”, აღიარებს ლეგენდარული სპორტსმენი.

რაც უნდა განსხვავებულ ასპექტებზე მახვილდებოდეს ყურადღება, რაც უნდა განსხვავებული იყოს ამ და სხვა განცხადებების ტონი, ან მნიშვნელობა - ყველა ერთსულოვნად აღიარებს: აუცილებელია მსოფლიოში შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. საჭიროა, ადამიანებმა იცოდნენ ამ საშინელი საფრთხის შესახებ - გაეროს ბავშვთა ფონდის, უნისეფის წარმომადგენლის თქმით, “შიდსის წინააღმდეგ ერთადერთი ეფექტიანი აცრა არის მის შესახებ ადამიანების ინფორმირება”.
XS
SM
MD
LG