Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დემოკრატიული ფრონტი“ მთავრობის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ


საქართველოში საპენსიო ასაკს მიღწეული ყველა მოქალაქე, შრომითი სტაჟისა და საპენსიო ფონდში შეტანილი გადასახადების მოცულობის მიუხედავად, ერთნაირ,

უნიფიცირებულ პენსიას იღებს. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის, მაღალი ჩინის სამხედროების, დეპუტატებისა და ომის ვეტერანებისათვის. არადა, წინა მოწვევის პარლამენტმა ჯერ კიდევ 2001 წელს მიიღო კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ, რომელსაც უნიფიცირებული პენსიების სისტემა 2004 წლის 1 იანვრიდან, ანუ კანონის ამოქმედების დღიდან, უნდა მოეშალა, თუმცა, მთავრობის მოთხოვნით, დეპუტატებმა კანონის ამოქმედების ვადა 2006 წლის პირველ იანვრამდე გადასწიეს. ახლა კი, როცა კანონის ძალაში შესვლამდე სულ რაღაც ერთი თვეა დარჩენილი, მთავრობა კვლავ აპირებს კანონში ცვლილების შეტანას. რატომ უპირისპირდება ოპოზიცია მთავრობის საპენსიო რეფორმას?

ოთხი წლის წინ მიღებული კანონი ძირეულად ცვლის საპენსიო სახსრების მობილიზებისა და განაწილების სისტემას. ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ განსხვავებული მოცულობის პენსიებს, რომელთა დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება კონკრეტული ადამიანის სტაჟი და საპენსიო ფონდში შეტანილი თანხა. თუმცა, როგორც ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი კობა დავითაშვილი ამბობს, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ძველი, უვარგისი სიტემის შენარჩუნებას ემსახურება და გამონაკლისს მხოლოდ მაღალი თანამდებობის მოხელეებისთვის უშვებს:

[კობა დავითაშვილის ხმა] „მთავრობამ შემოიტანა პარლამენტში კანონპროექტი პენსიების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ქალებისთვის საპენსიო ასაკის ზრდას 65 წლამდე, ასევე პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დანიშვნას მხოლოდ მაღალჩინოსნებისთვის. ეს არის მოტყუება ხალხის და წინასაარჩევნო დაპირებების სრული იგნორირება. ეს არის თავხედობა მთავრობის მხრიდან.“

პარლამენტი მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს 2 დეკემბერს პლენარულ სესიაზე განიხილავს. ცვლილებების თანახმად, მკვეთრად შემცირდება საქართველოს პრეზიდენტის პენსია. დაახლოებით 30 პროცენტით ნაკლებ თანხას მიიღებენ პენსიაში გასული დეპუტატები და მაღალი ჩინის სამხედრო მოსამსახურეები, ხოლო პენსიონერთა აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ერთსა და იმავე თანხას მიიღებს. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი განმარტავს:

[გიგი წერეთლის ხმა] „აქ არის სერიოზული პრინციპები მოცემული. ეს არის „ჭერების“ დაწესება, ლიმიტების შემოღება და ასევე ძალიან სერიოზული მომენტია ის, რომ შეიძლება გაიყოს და იყოს როგორც სახელმწიფო პენსიები, ასევე ცალკე კომპენსაციები, ანუ ეგრეთ წოდებული პრივილეგირებული პენსიები. მთავარი ერთი რამეა: თუ კორექტირება არ მოხდა, ბიუჯეტი ვერ გასწვდება ამხელა ხარჯს. ეს არის ასეულობით მილიონი ლარი და არსად მსოფლიოში არ არის ისე, რომ ადამიანი ხელფასზე დიდ პენსიას იღებდეს.“

ცხადია, პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას შეეცდება. ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლები ასევე გააქტიურდებიან პარლამენტის შენობის წინ, სადაც 2 დეკემბერს, 12 საათზე, ისინი პენსიონერებთან ერთად აქციის გამართვას გეგმავენ. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან თბილისელი პენსიონერები.

[მამაკაცის ხმა] „ხვალ ვაწყობთ აქციას. აუცილებლად მივიღებთ აქციაში მონაწილეობას. მივალთ და ვთხოვთ მთავრობას. ვნახოთ, იქნებ რამე გამოვიდეს.“

[მამაკაცის ხმა] „ძალით უნდა წავართვათ მთავრობას ყველაფერი? არაფერს აკეთებენ ნებით და სხვა რა გინდა, რომ გააკეთო!“

[მამაკაცის ხმა] „მითხარით, რატომ უნდა დავრბოდე მე? იმხელა პენსია უნდა მქონდეს, რომ თავი ვირჩინო. თვეში დაახლობით 25 ლარს მარტო წამლებზე ვხარჯავ. არ მყოფნის პენსია...“

პენსიონერების გარდა, დღეს 12 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ პროფესიულ კავშირთა გაერთიანების ქალთა კომიტეტის, „ქომაგის“, წევრები, რომლებიც, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილის ვახტანგ მეგრელიშვილის გადადგომის მოთხოვნით, სამინისტროს შენობის წინ შეიკრიბებიან. „სამინისტროს მიერ შემუშავებული შრომის კანონთა კრებული, ფაქტობრივად, აკანონებს ქალთა დისკრიმინაციას შრომის ბაზარზე“ - მიაჩნიათ პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG