Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ–საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულებაში მხოლოდ ერთი პუნქტია შესათანხმებელი–აცხადებს რუსეთის საელჩო საქართველოში


ურთიერთკომპრომისებისა და ინტენსიური შრომის წყალობით, საქართველომ და რუსეთმა თითქმის შეათანხმეს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის ტექსტი.

ამ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „იტარ ტასი“ საქართველოში რუსეთის საელჩოს ერთ–ერთი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს პოზიციების ურთიერთდაახლოება ერთადერთ საკვანძო საკითხზეღა სჭირდებათ. საქმე საქართველოში უცხოური სამხედრო ბაზების განთავსების აკრძალვას ეხება, უთანხმოება კი - ამ აკრძალვის ლეგიტიმაციის ფორმას.

რუსეთ–საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების მოსამზადებელ სამუშაო დელეგაციებს შორის დისკუსია ამ კონკრეტულ საკითხზე ორი განსხვავებული მოსაზრებით ვითარდება. რუსეთის დელეგაცია და, შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების თავის ტერიტორიაზე განუთავსებლობის ვალდებულების აღიარებას უშუალოდ ხელშეკრულების ტექსტში ითხოვს, ქართული მხარე კი მიიჩნევს, რომ ამგვარი ჩანაწერი ჩარჩო ხელშეკრულების ფორმატს არ შეესაბამება და, საერთოდაც, ეს რუსეთის საქმე არ არის. თუმცა, “იტარ–ტასის” ზემოხსენებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტი მზადაა უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების ქვეყნის ტერიტორიაზე განუთავსებლობის შესახებ სპეციალური კანონი მიიღოს. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან დუჩიძე საქართველოში რუსეთის საელჩოს ამ განცხადებას მორიგ შეგნებულ დეზინფორმაციად უთვლის:

[ლევან დუჩიძის ხმა] “არავითარი ალტერნატივა ეს არ არის. ამაზე დისკუსია არ მიმდინარეობს. ჩვენ ეს არ გვაქვს ყველაზე პირველი მნიშვნელობის პრიორიტეტებს შორის. ჩვენ გვსურს, ცხადია, გვქონდეს ასეთი ჩარჩო შეთანხმება რუსეთთან, ჩვენ, ცხადია, გვსურს, რომ არ დარჩეს არც ერთი სფერო ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა, სადაც იქნება ვაკუუმი, ან, მით უმეტეს, იქნება ორაზროვნება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება პირდაპირ ჩვენს ურთიერთობას რომელიმე სხვა, მესამე, სახელმწიფოსთან.“

ლევან დუჩიძე მიიჩნევს, რომ რუსეთს არავითარი უფლება არა აქვს საქართველოს სტრატეგიული მიზნები და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის ფორმები უკარნახოს -მათ შორის, უცხო ქვეყნის ჯარების ან სამხედრო ნაწილების გარკვეული დანაყოფების თავის ტერიტორიაზე განლაგების შესახებ. თუმცა, მეორე მხრივ, არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პირობისგან დამოუკიდებლად, საზოგადოების მოთხოვნით, საქართველო ხელისუფლებამ, მართლაც, მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება:

[შალვა ფიჩხაძის ხმა]“ მე, მაგალითად, როგორც საქართველოს მოქალაქე, არ მივესალმებოდი, რომ ჩემს ქვეყანას ასეთი ვალდებულება აეღო თავის თავზე იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთთან ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი. არ მოეწერება ამ ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი და გათავებულია. ვიყავით აქამდე ამ ჩარჩო ხელშეკრულების გარეშე და ვიცხოვრებთ მის გარეშე კიდევ რამოდენიმე ხანი. რამოდენიმე ხანი იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ამ რამოდენიმე ხანში, ანუ რამდენიმე წელში ნატოს წევრი გავხდებით. თუ ეს მართლა ასე მოხდა და თუ ჩვენი ხელისუფლება არ ხუმრობს, მაშინ სერიოზული ტვირთისგან განვთავისუფლდებით და ჩარჩო ხელშეკრულებების აუცილებლობა - თუ ის დღესაც არსებობს, ასეთი აუცილებლობა - გაცილებით უფრო ნაკლები იქნება.“(სტილი დაცულია)

ასე ფიქრობს საპარლამენტო ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის“ მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში შალვა ფიჩხაძე. ისევ რუსულ წყაროს თუ დავუბრუნდებით, რუსეთ–საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა უახლოეს თვეებში დასრულდება და მასზე ხელმოწერის ცერემონიალი თბილისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG