Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში მე-1000 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში


რამდენიმე დღის წინ ვიუწყებოდით, რომ მალე შეერთებულ შტატებში მე-1000 ადამიანს დასჯიდნენ სიკვდილით მას მერე,

რაც ამერიკაში სასჯელის ეს ფორმა ხელახლა შემოიღეს 1976 წელს. ეს საშინელი როლი ერგო კენეთ ლი ბოდის, რომელიც 2 დეკემბერს დასაჯეს სიკვდილით.

ამავე დროს სიკვდილით დასაჯეს ავსტრალიელი ნარკოტიკების კონტრაბანდისტი ნგუენ ტუონ ვანი, მიუხედავად იმისა, რომ მის შეწყალებას ავსტრალიის პრემიერ-მინისტი ჯონ ჰოვარდი ითხოვდა. ამ ორმა მოვლენამ მთელ მსოფლიოში გამოიწვია სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეთა პროტესტები.

კენეთ ბოიდს სასიკვდილო განაჩენი 1994 წელს გამოუტანეს თავისი მეუღლისა და მისი მამის მოკვლისთვის. ეს ბოროტმოქმედება მან თავისი ბავშვების წინაშე ჩაიდინა 1988 წელს. 2 დეკემბერს მას სასიკვდილო ნემსი გაუკეთეს ჩრდილო კაროლინის ციხეში.

ბოიდის სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე საათის შემდეგ სინგაპურში ჩამოახრჩვეს 25 წლის ნგუენ ტუონ ვანი. 2002 წლის დეკემბერში იგი სინგაპურის აეროპორტში დააკავეს, როცა 400 გრამი ჰეროინის შეტანას ცდილობდა კამბოჯიდან ავსტრალიაში. სინგაპურში 15 გრამზე მეტი ჰეროინის ფლობა სიკვდილით ისჯება.

ამ ორი სასჯელის აღსრულებას საპროტესტო გამოსვლებით გამოეხმაურნენ სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეები შეერთებულ შტატებში, ავსტრალიასა და სინგაპურში.

ბოიდის სასჯელის აღსრულებამ ამერიკაში კვლავ დააყენა დღის წესრიგში დებატები იმის თაობაზე, თუ რამდენად გამართლებულია სასჯელის ეს ფორმა.

"ჩემის აზრით, ყველა ამ შემთხვევაში გაკვეთილი, რომელიც ამერიკელებმა ისწავლეს ის არის, რომ მსოფლიოში არსებობენ ბოროტი ძალები და ამას კიდევ ერთხელ ვხედავთ ტერორიზმის მაგალითზე. იქნება ეს კომუნიზმი, ნაციზმი, ნარკო-ტერორიზმი თუ ისლამური ფუნდამენტალიზმი, ეს ხალხი არსად წასვლას არ აპირებს. ამიტომ ამერიკის ერთადერთი პასუხი უნდა იყოს უმაღლესი სასჯელი, ანუ სიკვდილი." ასე ფიქრობს ჯორჯ ვაშინგტონის ნივერსიტეტის თანამშრომელი ჯონ ბერთუ.

მაგრამ სიკვდილით დასჯის ოპონენტთა აზრით, სასჯელის ეს ფორმა სულაც არ ხდის ქვეყანას უფრო უსაფრთხოს.

ამასთან, ადამიანის უფლებების დამცველების აზრით, სიკვდილით დასჯა უკვე მთელ მსოფლიოში კარგავს მხარდამჭერებს.

"ამნესტი ინტერნეიშნელის" თანამშრომლის, ჯეიმს დაისონის თანახმად, გასულ წელს ხუთმა ქვეყანამ - ბუტანმა, საბერძნეთმა, სამოამ, სენეგალმა და თურქეთმა - გააუქმა სიკვდილით დასჯა.

"ჩვენი ანგარიშით, დღეისთვის 121-მა ქვეყანამ გააუქმა სიკვდილით დასჯა საკანონმდებლო დონეზე ან პრაქტიკულად. ყოველ წელს ორი-სამი ქვეყანა ემატება ამ სიას. ამიტომ ტენდენცია აშკარად სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგოა."

მაგრამ გასულ წელს, "ამნესტის" თანახმად, 4000-მდე ადამიანი დაისაჯა სიკვდილით მთელ მსოფლიოში. ყველაზე მეტი ჩინეთში, შეერთებულ შტატებში, ირანსა და ვიეტნამში.

საინტერესოა, რომ 90-იანი წლების ბოლოს თავად შეერთებულ შტატებშიც 40 პროცენტით იკლო სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა, რაც ოპონენტებს აფიქრებინებს, რომ სასჯელის ეს ფორმა ამ ქვეყანაშიც არაპოპულარული ხდება.

დაბოლოს, კიდევ ერთი მონაცემი. ადამიანის უფლებების დამცველთა ცნობით, 1996 წლიდან მოკიდებული სულ ცოტა 7395 ადამინს მიესაჯა სიკვდილი 64 ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG